25 დეკემბერი – რა შეიძლება მოხდეს საპატრიარქოში?

25 დეკემბერი - რა შეიძლება მოხდეს საპატრიარქოში?მიუხედავად იმისა, რომ მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა, ამ დრომდე არ არის ცნობილი მისი უფლება მოვალეობები. დასახელდა რამდენიმე თარიღიც, როდესაც აღნიშნული საკითხი უნდა გაწერილიყო, თუმცა ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. ამასთან დაკავშირებით „პირველ რადიოსთან“ საუბარში თეოლოგი ვლადიმერ ნარსია ვარაუდს გამოთქვამს, რომ საპატრიარქოში 25 დეკემბერს ელოდებიან.

ნარსიას ვარაუდით სწორედ პატრიარქის ინტრონიზაციის დღეს მოხდება უფრო მეტი სიცხადის შეტანა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც უწმინდესმა 23 ნოემბერს მიიღო და მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა – „25 დეკემბერს ბევრ რამეს შემაჯამებლად იტყვიან“, – აცხადებს ნარსია და ამავდროულად საეკლესიო ადმინისტრაციული მმართველობის პრობლემებზე მიუთითებს:
– ის, რომ ამ ხნის მანძილზე მეუფე შიოსთან დაკავშირებით არ მოხდა დაკონკრეტება, ეს კიდევ ერთხელ არის მითითება იმაზე, რომ საეკლესიო ადმინისტრაციული მმართველობა არ არის გამართული და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხებიც კი შეიძლება სპონტანურად ხდებოდეს ეკლესიაში. დაველოდოთ 25 დეკემბერს. იმედი მაქვს, რომ მეტ სიცხადეს შემოიტანს ეს თარიღი და განმარტავენ უფრო მეტად ვინ არის და რა უფლებებით უნდა ისარგებლოს მეუფე შიომ, – განუცხადა ვლადიმერ ნარსიამ „პირველ რადიოს“..