გელა ნიკოლაიშვილი: “პოლიცია არც უნდა დავაჩმოროთ და არც გავათავხედოთ”

გელა ნიკოლაიშვილი: "პოლიცია არც უნდა დავაჩმოროთ და არც გავათავხედოთ"“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს.
– ბატონო გელა, ბოლო პერიოდში გვესმის შეფასებები, რომ პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებმა იმატა და არის დანაშაულის შემცველი შემთხვევებიცო. ან რას იტყვით მწერალ ზვიად რატიანის საქმეზე? როგორც უფლებადამცველი, როგორია თქვენი შეფასებები?
– რა თქმა უნდა, ხშირად არის გადამეტება. იმიტომ, რომ როგორც ამჟამინდელი მინისტრიც ამბობს, 40 ათასი კაცი ასე უცებ შინაგანად ვერ შეიცვლება. მათ როგორც იციან მუშაობა, ისე მუშაობენ. უბრალოდ, მათ მკაფიო მითითება არ ჰქონიათ, რომ ისე აღარ უნდა იმუშაონ, როგორც ადრე მუშაობდნენ.
– საკმაოდ ლმობიერი იყო გიორგი მღებრიშვილიო. რამდენად იზიარებთ ამ შეფასებებს?
– გარკვეულწილად ის ცდილობდა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, მკაფიო მითითება, რომ პოლიციელებს მხოლოდ კანონის დაცვით ემუშავათ, არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ისეთი მითითებაც არ იყო, რომ მიდით და ჩვენ აქა ვართ და თქვენ თითს ვერავინ დაგაკარებთ, გინდ ხალხი დახოცეთ და რაც გინდათ ქენითო; როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო, ასე არ ყოფილა, მაგრამ არც არავის უთქვამს მათთვის მკაფიოდ, რომ ჩადებაზე თქვენ პასუხს აგებთ, უფლებამოსილების გადამეტებაზე პასუხს აგებთ, ასეთი არც მითითება იყო და არც პრეცედენტები ყოფილა. ახლა თუ შეიქმნება ეს პრეცედენტები, იქნება ძალიან კარგი! ახალი მინისტრის პოზიცია მისაღებია.
– რა კუთხით არის მისაღები?
– იმ კუთხით, რომ, რა თქმა უნდა, შესაძლოა პოეტმა ზურაბ რატიანმა თავის მხრივ რაღაცა სამართალდარღვევა მართლაც ჩაიდინა, მართლაც შეიგინა, მაგრამ ეს ერთი სამართალდარღვევაა, მაგრამ ამაზე, შურისძიების მიზნით, პოლიცია რომ უარეს დანაშაულს ჩადის, აი ამ შემთხვევაში მათ უნდა გაიგონ, რომ ეს არის მიუღებელი და ეს არის დასჯადი, რაზეც მოეთხოვებათ პასუხი. ძალიან რთული საკითხია და ოქროს შუალედია მოსაძებნი.
– კერძოდ?
– არც მთლად უნდა დააბეჩავონ და ჟარგონს ვიხმარ, დააჩმორონ ეს პოლიციელები, რომ რაც უნდა ის უთხრან და ამის გამო პასუხი არ აგონ. თუმცა, მეორე მხრივ, პოლიციის მხრიდან პასუხი უნდა იყოს ადეკვატური და კანონის შესაბამისი. ამისთვის არსებობს მათთვის მინიჭებული უფლებამოსილება, ბორკილების დადება, სასამართლოში წარდგენა, დაჯარიმება და ასე შემდეგ, ხოლო თუ მაინცდამაინც უფრო უარესს ჩადიან, სისხლის სამართლის ბრალის წაყენება. ეს რის პოლიციის ფუნქცია და ვალდებულება და არა ის, რომ როგორ მიბედავ, შეურაცხყოფას როგორ მაყენებ და ამით პოლიციელმა უარესი დანაშაული ჩაიდინოს. თუ იქნება მკაფიო მითითებები და ისეთი მოქმედებები პოლიციელების მისამართით, როგორც ახლაა, რომ დროებით გადააყენეს ეს ადამიანი და გამოძიება დაიწყო რატიანის საქმეზე. სხვა საქმეა სადამდე მიგვიყვანს გამოძიება, მაგრამ ეს უკვე კარგია და გაფრთხილება იქნება იმ პოლიციელებისთვის, ვინც ასეთი მუშაობის სტილს არის შეჩვეული და სხვანაირად არ შეუძლიათ.
– ბატონო გელა, როგორი მოცემულობაა დღეს, პოლიციელთა 90% იგივე მეთოდებით მუშაობს, როგორც ამას სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში აკეთებდა?
– აქ მთავარი არის არა ის, რომ მათ იგივე მოქმედებით შეუძლიათ მუშაობა, არამედ ის, რომ მათ კონკრეტული პოლიტიკური მესიჯები უნდა მიუვიდეთ, რომ არ შეიძლება ასე მოქმედება. თუმცა გავიხსენებ ერთ ფაქტსაც, ჩვენ გვქონდა კონკრეტული მაგალითი ბათუმის მოვლენების დროს, ხომ ძალიან ცუდი რამ მოხდა, წვავდნენ, ამტვრევდნენ, მაგრამ იქ, არათუ გადაჭარბებული ძალა არ გამოიყენეს, ადეკვატური ძალაც კი არ გამოიყენეს, მობრძანდით და წაბრძანდითო, პოლიტიკას ზედმეტი ხმამაღალი სიტყვაც კი არავისთვის უთქვამს.
– ანუ ორ უკიდურესობასთან გვაქვს საქმე?
– ალბათ. იმ შემთხვევაში შეიძლება ზედმეტად გაფრთხილდნენ, მაგრამ ჯობია ზედმეტად გაფრთხილდე, ვიდრე ის, რომ აი, რა მაგარი ვარ და აქედან უცემი არავინ უნდა გავიდეს და ასე შემდეგ. როგორც ეს 26 მაისს და 7 ნოემბერს იყო. ეს ორი უკიდურესობაა და აქ საშუალო უნდა გამოინახოს, იმიტომ, რომ პოლიციას აქვს თავისი უფლებები და თავისი მოვალეობები.
– ბატონო გელა, გვესმის შეფასებები, რომ ბოლო ორი წელი საკმაოდ ხშირი იყო ნარკოტიკის ჩადების ფაქტებიო. ვნახეთ ჩვენ, რომ სასამართლოს ძალიან ხშირად გამამართლებელი განაჩენები გამოჰქონდა. ამ ტენდენციაზე რას იტყვით? რატომ მიდიოდა ამაზე შსს?
– მე, პირველ რიგში, იქიდან დავიწყებ, რომ ეს გამართლების ტენდენცია ახალი და კარგია. ესეც უკვე სიგნალია მათთვის, რომ ყველა ჩადება არ დამთავრდება გამამტყუნებელი განაჩენით. მე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე გეტყვით, რომ მართალია ძირითადად უდებენ მომხმარებლებს, რომლებიც ან უკვე ნასამართლევი არიან, ან შემჩნეული და დაჯარიმებული, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ჩადება არის სისხლის სამართლის დანაშაული! ისინი უფრო დიდ დანაშაულს ჩადიან, ვიდრე ის მომხმარებელი. ამიტომ ეს ცუდი და დასაგმობი ტენდენციაა. მე მგონია, რომ რაღაცა გარდატეხის ეტაპზე ვართ, როდესაც ჯერ დაიწყეს მოსამართლეებმა და არ უპრავებენ ყველაფერს.
– პოლიცია თუ ძველი კონტინგენტია, მოსამართლეებიც ხომ არ შეცვლილან?
– დიახ, მოსამართლის დიდი ნაწილიც ძველია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მათაც გარკვეული მითითება მიიღეს, პოლიტიკური სიგნალები, რომ ჩვენ არ გვინდა, ეს ჩადებები ყველა შემთხვევაში იყოს გაპრავებული. მე იმედით ვუყურებ მომავალს, რომ ეს სრულად თუ არ აღმოიფხვრება, ძალიან მნიშვნელოვნად მაინც შემცირდება.
– სერიოზულ რეფორმებს გეგმავს გახარიაო. თქვენ როგორ აფასებთ ახალ მინისტრს?
– პირველი შთაბეჭდილება შემიძლია ვთქვა, რომ არის ფრთხილი ოპტიმიზმი. იმიტომ, რომ ჯერჯერობით რაც თქვა და რაც გააკეთა ახალმა მინისტრმა, მას შეცდომა არ დაუშვია. არც ნათქვამში და არც გაკეთებულში. მთავარი არის მაგალითის ძალა, როდესაც 40 ათასი პოლიციელი შეხედავს, რომ თუნდაც 4 პოლიციელს ეს შეემთხვა, ამის მიმართ არ არის ლოიალური დამოკიდებულება, დანარჩენები უფრო ფრთხილად დაიწყებენ მოქმედებას. არავის არ უნდა დღეს სამსახურის დაკარგვა, მით უმეტეს, ციხეში წასვლა. ნელ-ნელა ისწავლიან კანონის ფარგლებში მოქმედებას. მთავარია, რომ ამის მოთხოვნა მოდიოდეს ზემოდან.
– საუბარია, რომ ეს წელი საკმაოდ მძიმე იყო თუ გავითვალისწინებთ მოზარდებში მომხდარ დანაშაულებებსო. როგორც უფლებადამცველი, რას ფიქრობთ, რატომ იმატა სკოლის მოსწავლეებში ამხელა აგრესიამ?
– გეთანხმებით, საკმაოდ მძიმე ფაქტები მოხდა. როგორც ჩანს, ჩვენს მოზარდებში, სკოლის მოსწავლეებში, რაღაცა ისეთი ნოვაციებია, შეიძლება ეს ტექნიკური პროგრესიდან გამომდინარეა, შეიძლება ძველი მენტალიტეტის რეციდივების შედეგად. იგივე ეს კომპიუტერული თამაშები, ლურჯი ვეშაპი და ასე შემდეგ. რაღაცა ახალი ტიპის მოზარდები ჩამოყალიბდნენ, ბევრად განსხვავებული წინა თაობისგან. აი ამას უნდა მიექცეს ყურადღება. ამას სჭირდება კონტროლი, ოღონდ ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ პოლიციური რეჟიმი უნდა დავამყაროთ სკოლებში, არა! კარგია, რომ ამ ახალ მინისტრს ეს კარგად ესმის.
– ამის რეცეპტი არ არსებობსო, მაგრამ მაინც, კერძოდ, რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
– საჭიროა საუბარი, ბევრი საუბარი მოზარდებთან. იმაზე თუ რა არის მისაღები და დადებითი. რა არის პრიორიტეტი და რა არის თანამედროვეობის დამახასიათებელი. აი ეს უნდა ჩავუნერგოთ მოზარდებს. ზოგიერთი უკუღმა აღიქვამს ყველაფერს. მაგალითად, როდესაც ლაპარაკია ნარკოტიკის ლიბერალიზაციაზე, ეს ბევრს პირდაპირი გაგებით ესმის. ეს კარგ ტონად მიაჩნიათ. არადა ასე არ არის, მოზარდმა უნდა იცოდეს, რა უნდა ითვლებოდეს კარგ ტონად.
– ეწინააღმდეგებით ნარკოტიკის ლიბერალიზაციას?
– არა, ამის მომხრე მეც ვარ, მაგრამ ამას აუცილებლად თან უნდა სდევდეს ის, რომ ნარკოტიკების მოხმარება არის ცუდი! ჩვენ მას უნდა ვუმკურნალოთ და არა ის, რომ უი, რა კარგ ტონად ითვლება. ნაცვლად იმისა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა მიდიოდეს, ამის პროპაგანდა მიდის. დღეს საქართველოს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი, ლაშა ტალახაძე! ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა. ამაზე კი არ საუბრობენ. გამოდიან და თეთრი ხმაური, ჩვენ გვინდა ნარკოტიკების მოხმარების თავისუფლება, ნარკოტიკის ლეგალიზაციაო აქციებს მართავენ. მოზარდი უყურებს და ფიქრობს, რომ ამდენი ხალხი გამოდის, ე.ი. ეს უკეთესია. აი რა უნდა შეიცვალოს. ცოდვას მადლი არ უნდა დავარქვათ და მადლს – ცოდვა!