თემირლან მაჩალიკაშვილის ოპერაცია დასრულდა – პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებული

თემირლან მაჩალიკაშვილის ოპერაცია დასრულდა - პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებულისამ საათზე მეტხანს გაგრძელდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოპერაცია. მაჩალიკაშვილს თავის არეში შემავალი ჭრილობა აქვს. ოპერაცია თბილისიდან მოწვეულმა ნეიროქირურგებმა ჩაატარეს. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თემირლან მაჩალიკაშვილი რეანიმაციაშია მოთავსებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე მისი მისამართით მოხდა გასროლა, რის შედეგადაც იგი თავის არეში დაიჭრა.

დაკავებულის ოჯახის წევრების თქმით, თემირლანს იარაღი არ ჰქონია.

თემირლან მაჩალიკაშვილმა 9 კლასი დუისის საჯარო სკოლაში დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა თბილისში, კოლეჯ “კავკასიონში” გააგრძელა. პარალელურად, ინგლისურ ენას სწავლობდა. მეგობრები და პედაგოგები მას დადებითად ახასიათებენ.

თემირლან მაჩალიკაშვილის გარდა კონტრტერორისტულმა ცენტრმა კიდევ 3 პირი დააკავა პანკისის ხეობაში და ერთი თბილისში. დაკავებულები არიან: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი.

სუს-ის განცხადებით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების (ახმედ ჩატაევის ჯგუფი) წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

რეგინფო