“ყოფილი დაქალი ჩემზე ჭორაობს, რომ მისი მშურს”

გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდეთ, რადგან ერთი ადამიანი ცდილობს, ცილი დამწამოს. უკვე ბევრი ადამიანი გადაიბირა და თავის ჭკუაზე ატრიალებს. მე კი მინდა, ყველამ სიმართლე იცოდეს.

მერვეკლასელი გოგო ვარ, ისიც ჩემს კლასშია. რამდენიმე წელი დაქალები ვიყავით. ხასიათებით კი განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან, მაგრამ დათმობებზე ყოველთვის მე მივდიოდი, ამიტომ კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებდით. მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი, ამიტომ მას ყველაფერს ვპატიობდი. რამდენჯერმე ძალიან ცუდი რაღაც გააკეთა, ერთხელ კლასელ ბიჭს ჩემზე ენა მიუტანა და მერე ის ბავშვი მე ძალიან მეჩხუბა, მაგრამ ესეც ვაპატიე, რადგან მაშინ თავი იმართლა. ახლა კი საქმე სულ სხვაგვარად არის.

სექტემბერში ძალიან შეცვლილი მოვიდა. ისე ეცვა, როგორც დიდ გოგოებს. ტუჩები ჰქონდა შეღებილი, თმა – შეჭრილი, მოკლედ, ძალიან გამაკვირვა. მერე თვალი შეეჩვია და მომეწონა კიდეც, ამიტომ კომპლიმენტები ვუთხარი. გარეგნობაში ცვლილება პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ ხასიათებითაც შეიცვალა, სულ სხვანაირი გახდა. ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, რომ პირდაფჩენილი ვუყურებდი, ვფიქრობდი, ნუთუ ეს ჩემი დაქალია-მეთქი.

განსაკუთრებულ ყურადღებას ბიჭების მიმართ იჩენდა. თავიდან მას ავყევი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ზედმეტები მოსდიოდა და ამიტომ ვეუბნებოდი, ასე მოქცევა არ შეიძლება-მეთქი. “ფეისბუქზე” ლამაზ ბიჭებს დაიმეგობრებდა ხოლმე, მერე რაღაცეებს წერდა. ერთხელ მითხრა, ფეისბუქელმა მეგობარმა ბიჭმა შეხვედრა მთხოვა და პაემანზე შენც გამომყევიო. ეს მიუღებელი იყო ჩემთვის, ამიტომ სასტიკი უარი ვუთხარი. ასე რამდენჯერმე განმეორდა, მაგრამ მე ყოველთვის ჩემს აზრს ვეუბნებოდი, რომ მისი საქციელი არ მომწონდა.

ერთხელაც ზღვარს ძალიან გადააბიჯა. დედამისი მოატყუა, ვითომ ჩემთან მოდიოდა, სინამდვილეში კი ვიღაც ბიჭს შეხვდა. ამის შესახებ თვითონ მითხრა. მე კი ძალიან გავუბრაზდი, რატომ გამომიყენე-მეთქი. ამის შემდეგ მასთან მეგობრობის არანაირი სურვილი არ მქონდა. ვაგრძნობინებდი, რომ ის ჩვეულებრივი კლასელი იყო ჩემთვის და არა – მეგობარი. ამის მიხვედრა არ უნდოდა, უფრო სწორად, როცა ვჭირდებოდი, ისევ ამბობდა, რომ ჩემი დაქალი იყო, სხვა დროს კი ცხვირაწეული მელაპარაკებოდა. ერთ დღეს თმის სამაგრის გამო დამცინა, მითხრა, რომელი მუზეუმიდან წამოიღეო. მე კი ვუთხარი, რომ ჩემთან ასეთი ლაპარაკის უფლება არ ჰქონდა და საერთოდაც, ის ჩემი მეგობარი არ იყო. ეს სიტყვები სხვა ბავშვებმაც მოისმინეს და ამის გამო გამწარდა. იმ დღის შემდეგ მტრად მექცა.

ყოფილი დაქალი ამბობს, იმიტომ დამშორდა, რომ ჩემი შეშურდაო. ახლახან ერთი ისტორია მოიგონა. ვითომ ერთხელ იმის გამო ვიტირე, რომ ჩემი დაქალი კარგად ჩაცმული დავინახე. ამბობს, ასე მითხრა, ჩემ გვერდით არ გაიარო, არ მინდა, ყველა შენ გიყურებდეს და მე ყურადღებას არავინ მაქცევდესო. ასეთი რამ არასოდეს ყოფილა! მოიგონა! კიდევ ათას რამეს ამბობს იმის დასამტკიცებლად, რომ მე შურიანი და ბოროტი ადამიანი ვარ. თურმე ისიც კი მშურდა, რომ ის ბევრ ბიჭს მოსწონდა, მე კი შეყვარებული არ მყავდა. არადა თავიდან უკმაყოფილება სწორედ იმის გამო მომივიდა, რომ ჩემთვის მიუღებელია, გოგო ახალგაცნობილ ბიჭებს შეხვდეს და სრულიად უცნობებს კომპიუტერით ლაპარაკი გაუბას. სწორედ ამის გამო დავშორდი, ის კი ყველას ეუბნება, რომ თურმე გულზე ვსკდებოდი, როცა მის თაყვანისმცემლებს ვხედავდი.

ერთადერთი რამ მამშვიდებს, რომ ვიცი, ადრე თუ გვიან ნამდვილ სახეს ყველას დაანახვებს და მიხვდებიან, როგორ ცდებოდნენ, მას რომ უჯერებდნენ. ზუსტად ვიცი, რომ ეს დღე დადგება, მაგრამ მანამდე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. აუტანელია, როცა შენი არ სჯერათ და კლასში ყველას შურიანი და ბოროტი ჰგონიხარ.

“სარკის” მკითხველი

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018