ადვოკატი კობაიძე – გიორგი ჭანტურიას და მისი ოჯახის წევრებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

ადვოკატი კობაიძე - გიორგი ჭანტურიას და მისი ოჯახის წევრებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელიგენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ გიორგი ჭანტურიას და მისი ოჯახის წევრებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი მოაწერინეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ის არ ელოდება, რომ გიორგი ჭანტურიას კვლავ დააკავებენ. ადვოკატი ასევე ვარაუდობს, რომ შესაძლოა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღონ მონაწილეობა.
– დაკავების საფუძველი კი ამ ეტაპზე არსებული მოწმეთა ჩვენებებით და მტკიცებულებებით არ არსებობს, – განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი ჭანტურია ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა.

დღეს სამართალდამცავებმა გიორგი ჭანტურიას ავტომანქანა და რუსთავსა და თბილისში საცხოვრებელი სახლები განმეორებით გაჩხრიკეს.
შეგახსენებთ, რომ გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.