გია გაჩეჩილაძე: “თუ ნარკომომხმარებელს აღმოაჩნდა ნებისმიერი დოზა, ის ნარკორეალიზატორად უნდა ჩაითვალოს”

გია გაჩეჩილაძე: "თუ ნარკომომხმარებელს აღმოაჩნდა ნებისმიერი დოზა, ის ნარკორეალიზატორად უნდა ჩაითვალოს"პარლამენტის წევრი, მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ პარლამენტი და ქვეყანა ცუდ დღეში ჩააგდო.
გია გაჩეჩილაძე:
– მწვანეთა პარტიის დამოკიდებულება ნარკოტიკებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია. ჯერ კიდევ 2009 წელს ერთადერთი პარტია ვიყავით ჩვენ, რომელმაც გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები სააკაშვილის ხელისუფლების ნარკობიზნესთან კავშირების შესახებ.
მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველო გადააქცია ჰეროინის ტრანზიტულ ქვეყნად. ინტრავენური (პირდაპირ ვენაში) მომხმარებელი 80 ათასი ადამიანი იყო, რომელიც ძლიერ ნარკოტიკებს მოიხმარდა. იმ პერიოდში ფესვგადგმული იყო შავი მაფიოზური ბიზნესი, რომლითაც ძალიან დიდი ფული იშოვეს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
– იმ ნარკობიზნესიდან სააკაშვილის ხელისუფლებას რა რჩებოდა?
– ძნელი სათქმელია. ალბათ, ცალკე ტრანზიტიდან რჩებოდათ, ცალკე – რეალიზაციით. ძირითადად იჭერდნენ ნარკომომხმარებლებს. ნარკორეალიზატორებს კი არ ეხებოდნენ.
2012 წლიდან, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით საქართველოზე გამავალი ნარკოტრასა ჩაიკეტა. გაეროს მონაცემებით, საქართველოზე ნარკოტრასა აღარ გადის.
ავღანური ჰეროინის საქართველოზე გამავალი ტრასა დაკეტილია. შეგიძლიათ ნახოთ ამერიკისა და გაეროს მადლობები საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ავღანეთიდან მომავალი ნარკოტრასა რომ გადაიკეტა. ეს არ ნიშნავს, რომ ნარკოტიკი არ შემოდის.
– ვის შემოაქვს?
– ცალკელ პიროვნებებს, ჯიბით თუ სხვადასხვა ხერხებით საზღვარზე გადმოტანით, მაინც ხდება ნარკოტიკის შემოტანა, მაგრამ დიდი მასშტაბის ჰეროინის შემოსატანი ტრასა ჩაიკეტა. ამით ჩვენ ევროპასაც დავეხმარეთ და უკრაინასაც.
– დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემომტანი ტრასა ჩაიკეტა, თუმცა, განარკომანებული საზოგადოება რჩება.
– სხვათა შორის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამეტის მოხსენებებში ეწერა, რომ გარდა იმისა, რომ 80 ათასი ინტრავენური მომხმარებელია, ისე ნარკომანთა რაოდენობა 200 ათასიდან 250 ათასამდეა, რომელშიც შედის სააფთიაქო ნარკომანია, მარიხუანის მოხმარება და სხვა. წარმოიდგინეთ, რა მემკვიდრება დაგვხვდა. ნარკომანია ხომ დაავადებაა, რომლის განკურნება ძალიან რთულია.
– ნარკომანია დაავადება კი არის, მაგრამ საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ადამიანი მის სხეულს, როგორც უნდა, ისე მოექცევა. ასეთი დამოკიდებულება რას ნიშნავს და სადამდე მიგვიყვანს?
– ეს როგორ შეიძლება. წარმოიდგინეთ, ძლიერი ნარკოტიკის ერთი დოზა თუ ღირს 100 ან 200 დოლარი, მომხმარებელმა ფული ხომ უნდა იშოვოს? ნარკოტიკების მოხმარება დაკავშირებულია კრიმინალთან. ჩემთან უამრავი ადამიანი მოდიოდა, რომელიც მეუბნებოდა, რა ვქნათ, რა გვეშველება, ოჯახები დაგვინგრიეს, ყველაფერი გაზიდესო. ნარკოტიკის მოხმარება მხოლოდ პიროვნების ტრაგედია კი არ არის, არამედ საზოგადოების ტრაგედიაა, კრიმინალთანაა დაკავშირებული, რასაც უბედურება მოაქვს. ნარკოტიკის მოხმარება დაკავშირებულია ასევე “ც” ჰეპატიტისა და სხვა დაავადებების გადატანასთან.
– სააკაშვილის რეჟიმი მხოლოდ ნარკომომხმარებლებს იჭერდა, ნარკოგამსაღებლები მშვენივრად გრძნობდნენ თავს. საზოგადოებამ ამას უწოდა რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. ამბობენ, რომ ეს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, ნარკოტიკების ჩადებები გრძელდება. ამაზე რას იტყვით?
– არ ვიცი, ზუსტად რა ხდება, მაგრამ ჩადებები რაღაცნაირად ერთგვარი თავის მართლების საშუალება გახდა. ამ ქვეყანაში არავითარი ჩადებები არ ხდება. ვიღაცას ნარკოტიკს რომ აღმოუჩენენ, თავის გამართლების მიზნით შს ორგანოებს აბრალებს. ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია
– როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა?
– დიდი გამოცდილება არსებობს საერთაშორისო დონეზე. უამრავი ქვეყანაა, რომელიც ნარკოტიკის მოხმარებასაც ებრძვის და ნარკორეალიზაციასაც, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება ძალიან რთულია.
– პარლამენტში კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია, რადგან დღეს ქვეყანაში ნარკომომხმარებლებისთვის სარეაბილიზაციო ცენტრები არ არსებობს და მკურნალობა როგორ უნდა განხორციელდეს?
– ვერავითარი კანონი ნარკომომხმარებლების რეაბილიტაციაზე ვერ იმუშავებს, თუ სარეაბილიტაციო ცენტრები არ იქნება. კანონში ეს გათვალისწინებული იქნება და სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნამდე კანონის გარკვეული მუხლები ძალაში არ შევა. ნარკომომხმარებლებს მივცემთ საშუალებას, გამოჯანმრთელების გზას დაადგნენ. ნარკომომხმარებელი იმას კი არ ნიშნავს, რომ მთლიანად გათავისუფლედება პასუხისმგებლობისგან, ადმინისტრაციული სასჯელი მაინც დარჩება – ან ჯარიმა იქნება ან სხვა რამ. ზოგიერთ ქვეყანაში მართვის მოწმობას ართმევენ, ზოგ ქვეყანაში აჯარიმებენ, მაგრამ ქუჩაში კი არ უშვებენ, ან ნებაყოფლობით სამკურნალოდ ამწესებენ, ან კიდევ – იძულებით.
– საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო მარიხუანას დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილება.
– საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცუდ დღეში ჩაგვაგდო. საქართველოში ნარკომომხმარებლებს უკვე აღარ იჭერენ. ამიტომ ახლა ყველაფერი კანონის ფარგლებშია მოსაქცევი. ძირითადი პრობლემაა, როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, როდის არის ადამიანი ნარკომომხმარებელი და როდის არის ნარკორეალიზატორი. თუ ადამიანს ჯიბეში, მანქანაში, ან სახლში 2 დოზა ნარკოტიკს აღმოუჩენენ, როგორ უნდა ჩავთვალოთ, ეს პირადი მოხმარებისთვისაა თუ რეალიზაციისთვის, ანუ რეალიზატორია თუ მომხმარებელი? ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში ნარკოტიკების უზარმაზარი ნუსხები აქვთ და მითითებული აქვთ გარკვეული დოზები, რომლის ზევით ითვლება ნარკოტიკების გამსაღებლად.
– დოზებთან დაკავშირებით თქვენ რას ფიქრობთ?
– მე ყველანაირი ნარკოტიკის წინააღმდეგი ვარ. თუ ნარკომომხმარებელს ჯიბეში ან მანქანაში აღმოაჩნდა ნებისმიერი დოზა, ის აუცილებლად უნდა ჩაითვალოს ნარკორეალიზატორად. სხვანაირად ამის რეგულირება წარმოუდგენელი იქნება. კარგია, უწყებათაშორისი კომისია რომ შეიქმნა და ყველა შევთანხმდებით, როგორ შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც მომხმარებელი ადამიანის მიმართ ჰუმანური იქნება, მაგრამ მომხმარებლების მიმართ – ძალიან მკაცრი. ასეთი კანონი საშუალებას მოგვცემს, მინიმუმამდე დავიყვანოთ ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში. ეს არის რთული ამოცანა.
– სახელმწიფოს სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნის საშუალება აქვს?
– საშუალება გვაქვს თუ არა, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, თვალს ვერ დავხუჭავთ, ზოგი შეცდა, ზოგი ვიღაცამ შეაცდინა. ისინი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და მათ მკურნალობა სჭირდება.
– ხშირად გაიგონებ, რომ მარიხუანა ნარკოტიკი არ არის. მარიხუანის ლეგალიზაციას ემხრობით?
– არავითარ შემთხვევაში. მე კი არ ვარ წინააღმდეგი, მარიხუანა მსუბუქად ჩაითვალოს. არსებობს გაეროს ორი კონვენცია (რომელზეც საქართველოც არის მიერთებული) ნარკოტიკებთან, მათ შორის, ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც გაეროს რეკომენდაციებია. სიებია, რომელშიც შეტანილია მძიმე ნარკოტიკები – ჰეროინი, მორფინი, ოპიუმი და კოკაინი. მძიმე ნარკოტიკებში შედის კანაფისი, იგივე მარიხუანა. სახელმწიფომ, რომელიც ამ კონვენციებს არის მიერთებული, სასჯელად უნდა გამოიყენოს პატიმრობა, დოკუმენტებში წერია, რომ ნარკოტიკულ საშუალებათა კულტივირება, წარმოება, დამზადება, ამოღება, მომზადება, შენახვა, შეთავაზება-გასარების მიზნით, შეთავაზება, გაყიდვა, გაგზავნა, გადაგზავნა, ტრანპორტირება იმპორტირება და ექსპორტირება ჩაითვლება დანაშაულად და ეს სერიოზული დანაშაული ისჯება პატიმრობით.
– საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის ეს კონვენცია ცნობილი არ არის? რატომ მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც, ფაქტობრივად, მარხუანის ლეგალიზაცია მოახდინეს?
– მთლად ლეგალიზაცია არ მოუხდენია, მაგრამ რეგულაციებში პრობლემები შეგვიქმნა. თუმცა, დავძლევთ, მოვნახავთ ამ პრობლემების მოგვარების გზას.
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა