გიორგი ჭანტურია 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

გიორგი ჭანტურია 61 წლის ასაკში გარდაიცვალასაქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ჭანტურია, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიორგი ჭანტურია პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაციაში საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას ცხრა წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე მოლაპარაკებებსა და სხვა მრავალ მეგაპროექტს კურირებდა.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ გიორგი ჭანტურიას დამსახურებაზე „პირველთან“ ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი ჭანტურიამ შექმნა ძალიან საქმიანი კოლექტივი, რომელიც ძალიან დიდ და მნიშვნელოვან სამუშაოებს ხელმძღვანელობდა.

– გია ჭანტურია იყო ბრწყინვალე ორგანიზატორი და მენეჯერი. გიას სახელთან არის დაკავშირებული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განხორციელებული ყველა მეგაპროექტი ენერგეტიკის სფეროში, რომლებმაც განსაზღვრა ქვეყნის ეკონომიკური და ასევე პოლიტიკური ვექტორი. გია ჭანტურიას დამსახურებაა, რომ პროექტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი არსებობს, შაჰ-დენიზის გაზის პროექტი და მრავალი სხვა. გია ჭანტურიამ შექმნა ძალიან საქმიანი კოლექტივი, რომლის წევრებიც ძალიან დიდ და მნიშვნელოვან სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ. ვფიქრობ, რომ საქართველოს თითზე ჩამოსათვლელი ჰყავს ისეთი ადამიანები, როგორიც გია იყო“, – განაცხადა დავით მირცხულავამ, ენერგეტიკის სექტორის ექსპერტმა, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ 2003-2004 წლებში.

მირცხულავას შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ენერგოპოლიტიკა გია ჭანტურიას მიერ გაფორმებულმა პროექტებმა განსაზღვრა.

– მისი პროექტები და იმ დროს ქვეყნის მიერ განსაზღვრული ვექტორები საუკუნეები დარჩება. იყო მონაწილე და ხელმძღვანელი იმ კომპანიის, რომელმაც საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პროექტები გააფორმა. რეალურად ქვეყნის დღევანდელი მიმართულება ამ პროექტებმა განსაზღვრა, – განაცხადა დავით მირცხულავამ.

ენერგეტიკის აკადემიის წევრი, პროფესორი გია არაბიძე აღნიშნავს, რომ გია ჭანტურიამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის.

2004 წელს გია ჭანტურია საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნავთობის კორპორაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით ჭანტურიამ საქართველო დატოვა და რამდენიმე წელი აზერბაიჯანში მუშაობდა.

გიორგი ჭანტურია 1957 წელს დაიბადა. 1992-1993 წლებში ასრულებდა საგანგებო დიპლომატიურ მისიას აზერბაიჯანში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ისრაელში, 1993 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში. 1994-1996 წლებში – საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, 1996 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (სნსკ) პრეზიდენტი.

პირველი