კახა კუკავა მეოთხე შვილის დაბადებას დაესწრო – “არც ერთ მამაკაცს ვურჩევ ამის ნახვას!”

კახა კუკავა მეოთხე შვილის დაბადებას დაესწრო – “არც ერთ მამაკაცს ვურჩევ ამის ნახვას!”პოლიტიკოსი, პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა, მეოთხე შვილის მამა გახდა. სანდრო კუკავა 13 იანვარს, დილით გაჩნდა. ბატონი კახა ცოლის, თეა ოქროპირიძის, მშობიარობას პირველად დაესწრო და ამან მასზე იმდენად იმოქმედა, რომ მამაკაცებს ურჩევს, შვილების დაბადებას სამშობიარო ბლოკის გარეთ დაელოდონ.

კახა კუკავა:

– თავიდანვე მინდოდა, მინიმუმ ოთხი შვილი მყოლოდა. ღვთის წყალობით, მართლაც ოთხი შვილის მამა გავხდი. მინიმუმ ოთხი შვილი იმიტომ მინდოდა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ბოლო 25 წლის განმავლობაში მოსახლეობა თითქმის 40%-ით შემცირდა.

ამ დანაკლისის ანაზღაურებას ჩვეულებრივი, ბუნებრივი მატების პირობებში საუკუნეები დასჭირდება, რომ, მაგალითად, ჩვენ 1991 წლის ნიშნულს დავუბრუნდეთ. ამიტომ საჭიროა ისეთი ზრდა, როგორიც აღმოსავლეთის მუსულმანურ ქვეყნებში ფიქსირდება. აუცილებელია, შობადობის ზრდის ტემპებში საქართველო აღმოსავლეთის ქვეყნებს დაეწიოს.

– თუ ამის საშუალება აქვს ოჯახს…

– ეკონომიკა დიდ როლს თამაშობს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს საერთო იდეოლოგიურ განწყობას, რაც ქვეყანაში არსებობს.

– უფროსი შვილები როგორ შეხვდნენ ძმის დაბადებას?

– იმავე დღეს ყველა ერთად წავიყვანე სამშობიაროში. დიდ აჟიოტაჟში იყვნენ, ძალიან უხარიათ. ელენე მაინც პატარაა, აქამდე დედასთან იწვა, ახლა ცხოვრების წესის შეცვლა მოუწევს და, რა თქმა უნდა, ხელშეწყობა სჭირდება.

უფროსი გოგონა ალბათ უკვე დაგვეხმარება პატარის გაზრდაში. ნიკოლოზიც გახარებულია, რადგან აქამდე მხოლოდ დები ჰყავდა.

– მშობიარობას ესწრებით ხოლმე?

– მხოლოდ სანდროს დაბადებას დავესწარი. მე არ მინდოდა, ჩემს მეუღლეს სურდა. მას დავპირდი და პატიოსნად შევასრულე. მეუბნებოდა, თავად ნახე, ეს რა წვალებააო. მართლაც ასეა, მაგრამ, როცა ბავშვის პირველ წუთებს უყურებ, არაჩვეულებრივი გრძნობაა.

კაცისთვის მშობიარობაზე დასწრება საშინელებაა. თეამ რომ იმშობიარა, ველოდებოდი, სანამ პალატაში გადაიყვანდნენ და კიდევ 6 ქალის კივილი მოვისმინე. ისეთი რთული იყო ეს ყველაფერი, არც ერთ კაცს ვურჩევ, მშობიარობას დაესწროს, თუმცა ქალისთვის ეს დიდი ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერაა… მეც და თეაც უკვე პროფესიონალები ვართ ამ “სფეროში”.

– პროგრამა მინიმუმი შერულებულია, მაქსიმუმზე ხომ არ გადახვალთ და კიდევ გააჩენთ შვილს?

– ოთხი იყო პროგრამა მინიმუმი და შევასრულეთ. ჩვენ აღარაფერს ვგეგმავთ, მაგრამ ყველაფერი ღვთის ნებაა. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი – ჩემი თუ მეუღლის ასაკი და ა.შ.

რუსუდან ადვაძე, ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ “სარკის” მიმდინარე ნომერში