ნინო ნადირაძე: “გუგა უმძიმესია და არც მე ვარ ტკბილი და მურაბა”

ნინო ნადირაძე: “გუგა უმძიმესია და არც მე ვარ ტკბილი და მურაბა”კარდიოლოგი ნინო ნადირაძე, რომელსაც ტელეკომპანია “იმედში” გადაცემა “პრაიმ შოუც” მიჰყავს, “სარკესთან” პლასტიკური ქირურგების ცნობილ ოჯახზე, ქმართან, ქირურგ გუგა კუზანოვთან და შვილებთან ურთიერთობაზე საუბრობს.

– საახალწლოდ რა საჩუქარი მიიღეთ ქმრისგან?

– გუგა ხომ თვითონ საჩუქარია. არასდროს იცის, რა მიყიდოს, რადგან არაფერი მომწონს, ამიტომ გარკვეულ თანხას მჩუქნის. ეს წელიც არ იყო გამონაკლისი და ფულით გამისტუმრა. მე სუნამო ვაჩუქე. სხვათა შორის, მრავალი წელია მისთვის არაფერი მიჩუქებია, მაგრამ, რადგან ძაღლის წელია, მინდოდა, პატივი მეცა, რომ ცუდ თვალზე არ შემოეხედა.

– დროის თვალსაზრისით, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ტელეწამყვანობას და ექიმობას?

– ხალხი ქვეყნის მართვას ათავსებს ძალიან ბევრ რამესთან და მე რატომ ვერ შევათავსებ ტელევიზიასთან სამედიცინო საქმიანობას? როცა დროს სწორად ანაწილებ, ყველაფრის მოსწრება შეიძლება.

– რთული არ არის?

– კი, ძალიან რთულია, უკიდეგანოდ ვიღლები, სახლში ცოცხალ-მკვდარი მივდივარ და ფეხზე მძინავს.

– ეს შვილებთან, ქმართან ურთიერთობაზე არ აისახება?

– გუგა მუდამ უკმაყოფილოა. ბავშვებსაც ძილის წინ ვნახულობ, მაგრამ მე თვითონაც ასე გავიზარდე, ჩემი მშობლები მუშაობდნენ. დღის განმავლობაში ორივე შვილთან მუდმივად მაქვს კონტაქტი და საღამოსაც ვცდილობ, რა დროც მაქვს, სახლში ვიყო.

რაც სამსახურით ვარ დატვირთული, ფაქტობრივად აღარსად დავდივარ. მეგობრები მეუბნებიან, დროზე თუ არ მოგვხედე, მეგობრების სიიდან ამოგშლითო. მირჩევნია, ის ორი თუ სამი საათი ჩემს ოჯახთან გავატარო.

გუგა გაიძახის, ცოლი დამიბრუნეთო. ვეუბნები, 24 წელი მიყურებ და აქამდე რითი არ მოგბეზრდი, ხალხი ცოლებს ძალით უშვებს გარეთ, რომ თავი დაანებონ-მეთქი. რა ვიცი, სავარაუდოდ, უყვარს ეს თავისი გადარეული ცოლი.

– თქვენი ქალიშვილი, ბაია, ძალიან გგავთ, ამაზე ხშირად წერენ კიდეც.

– კი, მგავს. მიხარია, რომ ვუყურებ, ჩემი რეინკარნაციასავითაა. არადა, ჩემგან განსხვავებით, ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია. როცა გაბრაზებული, განერვიულებული ვარ, მაწყნარებს. ისეთი აურა აქვს, მაშინვე მამშვიდებს.

ალბათ ჩემი სტილიც მოსწონს და ცდილობს, რაღაცნაირად ასე ეცვას. ჩემი შვილია და სავარაუდოდ, გენეტიკურადაც ჩემი გემოვნება აქვს. იმას თუ არ ჩავთვლით, რომ გარდერობი გამიჩანაგა, სხვა მხრივ ყველაფერი წესრიგშია.

შვილებით ძალიან ვამაყობ. ღმერთს მადლობა, რომ ასეთები არიან. გუგა უმძიმესია, არც მე ვარ ტკბილი და მურაბა, ეს ბავშვები საიდან გამოვიდნენ ასეთი დაწყობილები, წესიერები და გაწონასწორებულები, მართლა ვერ ვხვდები.

– გუგამ იმიჯი შეიცვალა, წვერი გაიზარდა. მოგწონთ მისი ეს სტილი?

– მე და გუგას ალბათ ურთიერთობის ის ეტაპი გვაქვს, როცა ერთმანეთის გარეგნობას ვერ ვხედავთ, ერთმანეთს ვგრძნობთ. ზოგს არ მოსწონს წვერში, მე – კი. რაღაცნაირად უფრო არისტოკრატულია.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”