სააკაშვილს შინაპატიმრობა მიესაჯა – ის შინაპატიმრობის საათებს კიევში, საკუთარ ბინაში, კოსტელნაიას ქუჩა N7-ში გაატარებს

სააკაშვილს შინაპატიმრობა მიესაჯა - ის შინაპატიმრობის საათებს კიევში, საკუთარ ბინაში, კოსტელნაიას ქუჩა N7-ში გაატარებსკიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის საათებს კიევში, საკუთარ ბინაში კოსტელნაიას ქუჩა N7-ში გაატარებს.
ცოტა ხნის წინ კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა.

სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, სააკაშვილი ვალდებულია, ელექტრონული სამაჯური ატაროს.

მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა უკრაინის უშიშროების სამსახურის აპელაცია და შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის არანაირი ღონისძიება არ შეეფარდა.
მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
დაახლოებით ერთი თვის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც, მათივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ.

ინტერპრესნიუსი