7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ გიორგი ჭანტურია გამოუშვეს

7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ გიორგი ჭანტურია გამოუშვესმ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველო დატოვა. სამხარეო პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ ჭანტურიამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
– გამოძიებას დამატებითი კითხვები ჰქონდა, რომელთაც ვუპასუხე, – განაცხადა ჭანტურიამ.
გუშინ გიორგი ჭანტურიას და მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლებში რუსთავსა და თბილისში განმეორებითი ჩხრეკა ჩატარდა. ამის შემდეგ კი, გიორგი ჭანტურია, მისი მეუღლე და და- მარიამ ჭანტურია გამოკითხვაზე დაიბარეს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი (სამსონ)სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.