“ბახალას” გათავისუფლებისა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია იმართება

"ბახალას" გათავისუფლებისა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია იმართება„ყველა ერთისთვის“ – პარლამენტთან გიორგი გიორგანაშვილის – „ბახალას“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ. ისინი მოძრაობა “თეთრი ხმაურის” აქტივისტის, ბექა წიქარიშვილის გათავისუფლებასაც ითხოვენ, რომელსაც საქალაქო სასამართლომ 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას. სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით! მოვითხოვთ:

1. გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან;

2. გათავისუფლდეს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბექა წიქარიშვილი;

3. კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები;

4. უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტკა.

5. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა”) გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს, იმის გამო, რომ არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას ერთ-ერთი პირის წინააღმდეგ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით.

ნიუპოსტი