გელა ნიკოლაიშვილი – “როდესაც სამართლიანობა ვერ ბატონობს, მოქალაქე თვითონ იწყებს ანგარიშსწორებას”

გელა ნიკოლაიშვილი - "როდესაც სამართლიანობა ვერ ბატონობს, მოქალაქე თვითონ იწყებს ანგარიშსწორებას"“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს.
– ბატონო გელა, ოპონენტები ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება უკიდურესად დამძიმდა. გახშირებული მკვლელობები, ქურდობა-ყაჩაღობა. გვესმის შეფასებები, რომ ქვეყანაში ქურდული მენტალიტეტი ბრუნდება. ასეა? იმატა ქვეყანაში კრიმინალმა?
– დავიწყოთ იმით, რომ როდესაც საუბრობენ, რომ ქვეყანაში ქურდული სამყაროს გაძლიერება და ხელშეწყობა ხდება, ეს ნამდვილად არ ხდება. იმიტომ, რომ დღეს საქართველოში არც ერთი კანონიერი ქურდი არ ცხოვრობს. არის რამდენიმე კანონიერი ქურდი, რომლებიც იმყოფებიან ციხეში. დანარჩენი ყველა არის საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით არაფერი არ არის შეცვლილი.
– ზოგადად კრიმინოგენურ სიტუაციაზე რას იტყვით?
– რაც შეეხება ზოგადად კრიმინოგენური სიტუაციის შეცვლას და უარესობისკენ წასვლას, აქ შეიძლება ერთი რაღაცის თქმა, რომ შედარებით ლიბერალურმა ცვლილებებმა, რომლებიც ამ ხელისუფლებამ გაატარა, როგორც კანონმდებლობის ასევე მიდგომების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა გარკვეული თავისუფლების განცდა შემატა კრიმინალურ სამყაროს.
– რა თვალსაზრისით?
– იმ კუთხით, რომ დღეს ციხეში მოხვედრა არ ნიშნავს ცხოვრების დასრულებას, ანუ სიცოცხლისათვის რისკს არ შეიცავს, როგორც ეს იყო სააკაშვილის მმართველობის დროს. როგორც ეს იყო თუნდაც 30-იან წლებში, როდესაც ყველას აპატიმრებდნენ.
– შეიძლება ითქვას, რომ დამნაშავეებს ციხე აღარ აშინებთ?
– დიახ, შეიძლება ასე ითქვას. ვერ ვიტყვი, რომ ციხეში ზედმეტად კომფორტულია ცხოვრება და კურორტულ მდგომარეობას მოგაგონებს, მაგრამ ადამიანური პირობები ციხეში დაცულია. ეს არის როგორც დემოკრატიული მსოფლიოს მიღწევა, ისე ჩვენი ხელისუფლების მიღწევა, ასეთი ადამიანური პირობების შექმნა. ამან რატომღაც გამოიწვია იმის განცდა, რომ რა მოხდა, ციხეში შევალ, მალე გამოვალ, თან მითუმეტეს დღეს სტანდარტმა იმისა, რომ კრიმინალური დანაშაული დაუმტკიცონ ამა თუ იმ პიროვნებას, არის აწეული.
– სტანდარტის აწევაში რას გულისხმობთ?
– დღეს არ არის ადვილი დანაშაულის დამტკიცება. ჩვენ გამოვიარეთ ის პერიოდი, როცა ხელოვნურად იქმნებოდა მტკიცებულებები და ნებისმიერი პიროვნება იყო მზად იმისთვის, რომ ან თავის თავზე დაებრალებინა, ან სხვისთვის დაებრალებინა რაიმე დანაშაული, იმის შიშით, რომ ის მართლაც განადგურდებოდა ციხეში. ამის მაგალითები ბევრი იყო, გაუპატიურებები და მკვლელობები, წამებები და კიდევ ათასი უბედურება. დღეს ეს აღარ არის, აქედან გამომდინარე, დანაშაულის გახსნაც ამ თვალსაზრისით, როცა დამნაშავეს ვერ იჭერდნენ და სხვას იჭერდნენ, ან სხვა იბრალებდა, ხოლო სასამართლო ამას ბეჭედს არტყამდა თვალდახუჭული, დღეს ეს მდგომარეობა არ არის. ამან სიტუაცია შეცვალა და კრიმინოგენური ვითარება შესაძლოა უფრო თვალშისაცემი გახდა, რომ რაღაცა გართულდა.
– რეალურად ასე არ არის?
– თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადავეები არის ხელიდან გაშვებული და არიქა კრიმინალური სამყარო ბობოქრობს. უფრო მეტიც, დღეს დანაშაულის ძალიან დიდი პროცენტი იხსნება. დანაშაულის გახსნას ხელს უწყობს ტექნიკური პროგრესიც, იგივე ვიდეოთვალი ყოველ ნაბიჯზე, იგივე მობილური ტელეფონების დაფიქსირების საშუალება, რომ ამ დროს სად იმყოფებოდა ეჭვმიტანილი.
– წილების გადანაწილების გამო დაიწყო მკვლელობები. ბევრს ქუთათელაძის მკვლელობის საქმე მოჰყავს. ამ კუთხით. რა ხდება?
– ესეც ძალიან სიმპტომატიური და დამახასიათებელია და ეს არც არის გასაკვირი.
– რატომ არ არის გასაკვირი?
– იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ სააკაშვილის დროს უკანონოდ და უსამართლოდ ჩამორთმეული წილების უკან დაბრუნება ვერ შეძლო, იმის საფრთხე არსებობდა, რომ დაიწყებოდა პირადი ანგარიშსწორება.
– ანუ თავადვე ცდილობენ დაზარალებულები წართმეულის დაბრუნებას?
– დიახ, თვითონ ცდილობენ წართმეულის დაბრუნებას, რადგან ეს სახელმწიფომ არ თუ ვერ შეძლო.
– ქუთათელაძესთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ? შესაძლოა, აქაც წილების მოტივი გამოიკვეთოს?
– გამორიცხული არაფერი არ არის. მითუმეტეს, მაგ ბაზართან დაკავშირებით, მე რამდენიმე თვის წინ მომმართა კიდევ ერთმა ადამიანმა და შემომჩივლა, იქნებ რამეში დამეხმარო, ამდენჯერ დავწერე განცხადება, დამკითხეს, მაგრამ არანაირი წინსვლა არ არისო და ისიც ასახელებდა იმდროინდელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მისთვის წილების წართმევაში. ეს პიროვნება დღემდე ამაოდ ცდილობს კუთვნილის დაბრუნებას.
– ამ შემთხვევაში თუ გაიჟღერა ქუთათელაძის გვარმა?
– დიახ, გაიჟღერა ქუთათელაძის გვარმაც, ოღონდ პირადად ეს პიროვნება და მისი წილები ქუთათელაძესთან არ იყო დაკავშირებული, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ უფრო ზოგადი ლაპარაკი გვქონდა და ამ კონტექსტში გაიჟღერა. ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს კაციც ასეთ სასოწარკვეთამდე მივიდეს და ასეთი ნაბიჯი გადადგას. თუმცა არის კატეგორია, რომლებიც ვეღარ უძლებენ და შეიძლება გადადგან ასეთი ნაბიჯი. თუმცა ქუთათელაძის შემთხვევა ამ წილებს უკავშირდებოდა თუ სხვა რამეს, აქ მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ, თუმცა არ გამოვრიცხოთ არაფერი.
– გამოდის, რომ ეს პროცესი ხელისუფლების ბრალია, რადგან მან არ აღადგინა სამართლიანობა?
– ამ შემთხვევაში ასეა, როდესაც სამართლიანობა ვერ ბატონობს და ვერ იმარჯვებს, იძულებულია მოქალაქე, თვითონ დაიწყოს ანგარიშსწორება და სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა. რა თქმა უნდა, ეს უკვე კრიმინალია, თუმცა ამის მიზეზთა მიზეზი არის ის, რომ სამართლიანობას, რომლის აღდგენაც ევალება ხელისუფლებას, ის ვერ უზრუნველყოფს.
– რამდენად სახიფათოა ეს თემა და რამდენად გადამდები შეიძლება აღმოჩნდეს?
– რა თქმა უნდა, სახიფათოა! უბრალოდ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს პროცესი მასობრივი არ ყოფილა და ათიათასობით ადამიანს არ ეხება, იმდენად ქვეყყნის მასშტაბით შეიძლება სახიფათო არ იყოს, რომ ბაცილასავით გადაედოს ყველას. ამ შემთხვევაში, შეიძლება რამდენიმე ასეულ ადამიანზე იყოს საუბრი, ვისაც ქონება წაართვეს. თუმცა თითოეული მომხდარი ფაქტი ამ ადამიანებისთვის ტრაგედია იქნება.
– რატომ არ აქვს პროკურატურას დროული რეაგირება, როდესაც წართმეული ქონების დაბრუნების მიზნით მიმართავენ კონკრეტული პირები?
– პროკურატურას, რა თქმა უნდა, დროული რეაგირება უნდა ჰქონდეს და, რაც მთავარია, ფორმალურად არ უნდა მოეკიდოს ამ ყველაფერს. თავის დროზე ისე აკეთებდნენ ამ ყველაფერს, რომ კვალი არ რჩებოდა. დღეს კი თავისი ნებით არავინ გამოვა და არ იტყვის, მე წავართვი ქონებაო. თუ კონკრეტული მტკიცებულება არ იქნა, ამ პირობებში ძნელია, ადვილი არ არის, თუმცა პროკურატურა არც ცდილობს და ფორმალურად ეკიდება მსგავს ფაქტებს.
ხშირად პროკურატურას არც უცდია, რომ გამოკვეთილიყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. პროკურატურა დღეს თავიდან იცილებს ზედმეტ თავის ტკივილს. როდესაც ეს დამოკიდებულება ჩანს, ეს არის ცუდი, თორემ არავინ არ ამბობს, რომ ეს ყველაფერი ადვილია და პროკურატურა მაშინვე შეძლებს, მოქალაქეებს წართმეული ქონება დაუბრუნოს. უბრალოდ, აქ პროკურატურის მცდელობაზე და მის მონდომებაზეა საუბარი.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა