ლაშა ჩხარტიშვილი – “ქართული ოცნება” ტაქსისტების რევოლუციას მიიღებს. კალაძე და ივანიშვილი ათასობით ადამიანს შემოსავლის გარეშე ტოვებენ”

ლაშა ჩხარტიშვილი - "ქართული ოცნება" ტაქსისტების რევოლუციას მიიღებს. კალაძე და ივანიშვილი ათასობით ადამიანს შემოსავლის გარეშე ტოვებენ"თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას იწყება. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის მოსახლეობა და სტუმრები ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს იმსახურებენ.
– ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს ტაქსის სერვისის განვითარება იმგვარად, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვება ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ქალაქის თავის ინიციატივას ტაქსისტები და უფლებადამცველები უარყოფითად შეხვდნენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მერია ტაქსების ბიზნესის “დათრევას” ცდილობს. ეს მცდელობა ჯერ გიგი უგულავას ჰქონდა, შემდეგ – დავით ნარმანიას. ახლა ამ სფეროს მოწესრიგების ინიციატივით ახალი მერი გამოდის.
უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” ეს ლუკმა ყელში გაეჩხირება.
რა საფრთხეებს შეიცავს კალაძის ინიციატივა, რამდენი ადამიანი დარჩება ულუკმაპუროდ, ვინ იშოვის მილიონებს, ვის გაუძვირდება ცხოვრება, როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია? – ამის შესახებ ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობას” ესაუბრება.
ლაშა ჩხარტიშვილი:
– ტაქსების ბიზნესის გაკონტროლებას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება შეეცადა. ეს სფერო კახა კალაძეს და “ქართული ოცნებას” გემრიელ ლუკმად ეჩვენებათ და მის გადაყლაპვას ცდილობენ. ამაზე მათ ბიძინა ივანიშვილის თანხმობაც ექნებათ.
ეს სფერო არის ადგილი, სადაც უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ლუკმა-პურის შოვნა. ხელისუფლება ცდილობს, ეს ბოლო ლუკმაც წაართვას ხალხს პირიდან.
დარწმუნებული ვარ, რომ არც ივანიშვილს და არც კალაძეს ამ სფეროში არაფრის მოგვარება არ სურთ. ისინი ამ ბიზნესის დათრევით არიან დაინტერესებული. საუბრები იმაზე, რომ მათ უნდათ, რომ მგზავრებს კომფორტი შეუქმნან, არის ზღაპრები. ამ ზღაპრების მოყოლა იმ მიზნის მისაღწევად უნდათ, რის მიღწევას ჯერ კიდევ უგულავა და სააკაშვილი ცდილობდნენ.
“ქართული ოცნება” კომფორტის და მგზავრებზე ზრუნვის საბაბით ცდილობს, ხელში ჩაიგდონ ტაქსების ბიზნესი. თავის დროზე ასე ჩაიგდეს ხელში ნაცებმა ხელში მიკროავტობუსების ბიზნესი. ეს ტრადიცია ქოცებმაც გააგრძელეს, ყველა სფეროს მონოპოლიზება მოახდინეს. ადამიანებს იმის მინიმალური შანსიც კი აღარ დაუტოვეს, რომ დამოუკიდებლად არჩინონ ოჯახები.
– რატომ არ გჯერათ, რომ ხელისუფლებას მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა სურს. ტაქსების მიმართულებით ბევრი რამეა მოსაწესრიგებელი.
– ამ სფეროს მოწესრიგება სჭირდება, მაგრამ “ოცნება” ამით დაინტერესებული არ არის. კომფორტის შექმნაზე საუბარი, კიდევ ერთხელ ვამბობ, საბაბია ამ ბიზნესის ხელში ჩასაგდებად.
მე გაგახსენებთ, როგორ შემოიყვანეს ნაციონალებმა ყვითელი მარშრუტკები. მაშინაც ბევრს საუბრობდნენ, რომ ეს სფერო მოწესრიგდებოდა. ამტკიცებდნენ, რომ მგზავრებს ფეხზე დადგომა აღარ მოუწევდათ, მგზავრობა უფრო უსაფრთხო იქნებოდა, მოკლედ რომ ვთქვათ, მომხმარებელს განსაკუთრებულ სიკეთეებს დაპირდნენ.
სინამდვილეში რა მივიღეთ – მგზავრობის საფასური გაიზარდა, ისევ ფეხზე გვიწევს დგომა, არც ხარისხის თვალსაზრისით არის რაიმე პრინციპული სხვაობა. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ სამარშრუტო ტაქსები ვიზუალურად კარგად გამოიყურება – უფრო კარგადაა შეღებილი. თუმცა არა მგონია, რომ საღებავის ფერი და ხარისხი მგზავრებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყოს.
ტაქსების შემთხვევაშიც ასე მოხდება. ჩაიგდებენ ამ ბიზნესს ხელში და ათასობით ადამიანი დარჩება ულუკმაპუროდ.
– ის მაინც თუ არის დადგენილი, რამდენი ადამიანი ტაქსაობს?
– ამის ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. მარტო თბილისში ათეულობით ათასი ადამიანი ამ გზით შოულობს პურის ფულს. ქვეყანაში არსებულ ტოტალურ უმუშევრობას თუ გავითვალისწინებთ, ტაქსაობა ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის თავის გადარჩენის ერთადერთი შანსია.
ეს ადამიანები ასე იოლად არ დათმობენ პურის ფულს. ტაქსების სფერო, ეს გემრიელი ლუკმა, შესაძლოა, ყელში გაეჩხიროს ივანიშვილს და კალაძეს. მინდა მჯეროდეს, რომ ისინი გონს მოეგებიან და უარს იტყვიან თავიანთ კორუფციულ ინტერესებზე.
დარწმუნებული ვარ, რომ მათ უკვე შერჩეული ჰყავთ ის მოთამაშეები, რომლებსაც ამ ბიზნესში შემოიყვანენ. ისინი ამათ წილებს გაუყოფენ. კონკრეტულ კომპანიებზე რაღაც ინფორმაციები მაქვს, მაგრამ მათ ჯერ არ დავასახელებ, რადგანაც სათანადო მტკიცებულებები არ გამაჩნია, ჭორების გავრცელება კი არ მინდა.
სამაგიეროდ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხალხზე ზრუნვის უკან კონკრეტული ადამიანების ოლიგარქიული ინტერესები დგას. ამ სფეროს გაკონტროლების შედეგად ამ ამ პირთა ქონება დამატებით მრავალი მილიონით გაიზრდება.
– ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ მათი მინიმალური შემოსავალი აქვთ.
– ერთი ადამიანისთვის ეს მართლაც მინიმალური შემოსავალია, მაგრამ ათეულობით ათასი ადამიანის შემოსავალი ჯამურად დღეშიც კი მილიონებს შეადგენს. მღელი საქართველოს მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, შემოსავალი ასეულობით მილიონებს მიაღწევს.
ვიცით ისიც, რომ დღესაც შემოსავლის ლომის წილი კომპანიების მფლობელებს ხვდება. დაქირავებულები ჩვეულებრივ მონურ მდგომარეობაში არიან. მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
– რატომ დამძიმდება?
– როცა კონკურენცია დაბალია, ეს მომსახურე პერსონალზე, მათ ანაზღაურებაზეც აისახება. ტაქსების ბიზნესის მონოპოლიზება ჩვენზე, მოქალაქეებზეც, უარყოფითად აისახება – დღეს ჩვენთან ტაქსი მართლაც იაფია, რაც სწორედ ამ კონკურენციის დამსახურებაა, კონკურენცია როცა შემცირდება, ტაქსის მომსახურების ფასიც გაიზრდება.
ერთ ფერში შეღებილი ტაქსების ხილვას, ჩვენს მოქალაქეებს იაფი მომსახურება ურჩევნიათ.
– ტაქსებს ალბათ “ოცნების” ფერად – ლურჯად შეღებავენ. ლურჯი ავტობუსები უკვე დადის ქალაქში.
– არ არის გამორიცხული, ლურჯ ფერზე შეაჩერონ არჩევანი. თვალის ასახვევად ალაგ-ალაგ წითელსაც შეურევენ.
– წითელს რატომ?
– ნაციონალების ფერია. ამ ორ ფერს შორის განსხვავება ყოველდღე მცირდება. რომელი რომელია, ვეღარ გაიგებ – “ქართული ოცნება” იგივე გზით მიდის, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა მიდიოდა.
ხალხმა ბევრი რამე მოუთმინა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ აქ მაინც გამოიღვიძებს.
– რატომ გგონიათ, რომ ახლა გამოიღვიძებს ხალხს?
– იმიტომ, რომ გამოიღვიძებენ, რომ თავი გადაირჩინონ – ხელისუფლება მათ პირიდან ბოლო ლუკმას აცლის. კალაძემ და ივანიშვილმა ახლა თუ თავისი გაიტანეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ათეულობით ათასი ადამიანი დარჩება მშიერი. ეს ადამიანები აუცილებლად გამოვლენ ქუჩაში თავისი უფლებების დასაცავად.
ეს ისეთი მტკივნეული თემაა, რომ ახლავე შეგვიძლია დავაანონსოთ აქცია – ხელისუფლებას 2 თებერვლამდე ვაძლევთ ვადას და თუ არ შეცვლიან ამ პოლიტიკას, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მოვაწყობთ.
დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდება ამ პროტესტს. ადამიანებს პროტესტის იქეთ გზა აღარ დაუტოვეს – შეგუების შემთხვევაში მათ შიმშილობა ემუქრება.
– 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ მას არჩევნები ტაქსისტებმა წააგებინეს. იგივე ხომ არ მეორდება?
– სავარაუდოდ, ამ გზას დაადგნენ. კიდევ გეუბნებით, ათეულობით ათასი ადამიანი ულუკმაპუროდ რჩება. ეს დიდ მღელვარებას გამოიწვევს და ხელისუფლებამ, შესაძლოა, ტაქსების რევოლუცია მიიღოს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა