ნანა კაკაბაძე – “ერთზე მეტი დოზისთვის სასჯელი უნდა იყოს უმკაცრესი! არ შეიძლება ასეთი გაბრუებული მასის გაფეტიშება!”

ნანა კაკაბაძე - "ერთზე მეტი დოზისთვის სასჯელი უნდა იყოს უმკაცრესი! არ შეიძლება ასეთი გაბრუებული მასის გაფეტიშება!”“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პასუხობს.
– ქალბატონო ნანა, ბოლო პერიოდია საზოგადოების მხრიდან აქტიური განხილვის საგნად რჩება ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ზედმეტად პოპულარიზაცია მიდის ამ თემის, ნაწილი თვლის, რომ კანონი ზედმეტად მკაცრია. სად რის ოქროს შუალედი?
– სად არის ოქროს შუალედი? კანონი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შესახებ ბევრ ქვეყანაში ლმობიერია, არ ისჯება, თუ ეს ნარკოტიკი არის ერთჯერადი მოხმარების. თუმცა ასევე არის დემოკრატიული ქვეყნები, სადაც ეს არის დასჯადი.
– ჩვენთან აქტიურად მიდის საუბარი კანონის ლიბერალიზაციაზე.
– კანონის ლიბერალიზაცია ასე მარტივად არ ხდება არც ერთი ქვეყანაში. ჩვენ როდესაც ევროსაბჭოს წევრი გავხდით, მაშინაც იყო ასეთი მიდგომები. უპირველეს ყოვლისა, სანამ კანონის ლიბერალიზაცია მოხდება, უნდა მოხდეს სრული აღწერა წამალზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობისა, შემდგომ რა განაპირობებს მათ დამოკიდებულებას ამისადმი. ეს კვლევები უნდა იქნეს ჩატარებული, რომ გაირკვეს, ვინ რის გამოა წამალზე დამოკიდებული და უნდა შეიქმნას სპეციალური გამაჯანსაღებელი ცენტრები, რომ ამ ადამიანების გამწესება მოხდეს საჭიროებისამებრ, რომ ამით საზოგადოებას არ შეექმნას პრობლემა.
– რას გულისხმობთ?
– ნარკოდამოკიდებულება დასჯადია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი თავის თავს აყენებენ ზიანს, თუმცა ბევრ ქვეყანაში ესეც დასჯადია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მათი ნარკოდამოკიდებულება არ გახდეს საზოგადოების პრობლემა და საზოგადოება არ იყოს ასეთი ადამიანების მხრიდან შეწუხებული. სწორედ ამის გამო ხდება მათი იზოლირება საზოგადოებისგან. უნდა გაირკვესმ რის გამო აქვთ მათ დამოკიდებულება წამლისადმი და ამის მიხედვით უნდა მოხდეს მათი გადამისამართება.
– საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ეს არის ავადმყოფობა. ასეა?
– რა თქმა უნდა, ეს არის ავადმყოფობა, უფრო ზუსტად, ავადმყოფობის თავისებური ფორმა. ადამიანს ესა თუ ის დაავადება მისდა უნებურად ემართება, ხოლო ეს არის დაავადება, რომელსაც შენ თვითონ ირჩევ და ირგებ შენს ტანზე. ამ შემთხვევაში თან მოითხოვ საზოგადოების თანადგომას და თანაგრძნობას. ფორმა მაინც შეარჩიე ამ მოთხოვნების დროს. ეს არის ავადმყოფობა, რომელიც თავად შენ აირჩიე! მე რატომ მელაპარაკები ასეთი გონორით?!
– მათ აგრესიულ გამოსვლებს და ქმედებებს გულისხმობთ?
– თუნდაც ის ავიღოთ, რაც მოხდა საქალაქო სასამართლოში პროცესის შემდეგ. ქართველმა საზოგადოებამ 9 აპრილიდან დაწყებული, რა არ გადაიტანა, როგორი სახის აქციები არ ტარდებოდა საქართველოში. 200 ათასი ადამიანი გამოდიოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და მართლა ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ქვეყანაში, არაფერი დაზიანებულა. სასამართლოს გადაწყვეტილებებიც გვახსოვს, როგორი გამოდიოდა… თუმცა საზოგადოებას ასეთი რეაქცია არასოდეს ჰქონია. ქართველი საზოგადოების კულტურაში არ დევს ეს ლეწვა-ნგრევა.
– მაშინ რა შეიცვალა?
– სწორედ ესეც კვლევის საგანია, რომ ეს ქმედება ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, რადგან ისინი არიან წამალდამოკიდებული ადამიანები და ასეთი არაადეკვატური რეაქცია ამიტომ ხომ არ მოჰყვა?! მითხარით ერთი, რა შუაშია პენსიონერი და ბიუჯეტი, რომელმაც უნდა აანაზღაუროს ის დაზიანებული და ჩვენ მიერ ბიუჯეტში გადახდილით მოხდეს ამის შეკეთება.
მათ ვანდალური აქტი ჩაიდინეს და ისინი საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლები არიან! ამის გამართლება იმით, რომ სასამართლომ გამოიტანა ცუდი გადაწყვეტილება, ყოვლად დაუშვებელია! მეორე მხარეა ის, რომ სასამართლოს სხვა ალტერნტივა არ ჰქონდა, რადგან კანონია ასეთი.
– სწორედ ამაზე მიდის საუბარი, რომ კანონია მკაცრი.
– ეს გასაგებია, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ საბრძოლველად არსებობს ცივილური ფორმები. სასამართლოს ლეწვა და ნგრევა?! მათ რიგებში თუ არა, საღად მოაზროვნე საზოგადოების რიგებში ხომ მაინც არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ შეაფსონ, სხვა რა ალტერნტივა ჰქონდა სასამართლოს ამ შემთხვევაში?! რა უნდა ექნა მოსამართლეს, გაემართლებინა, როცა კანონი ამის საშუალებას არ აძლევდა და მტკიცებულებები ედო წინ?!
არ შეიძლება, ხალხო, ასეთი გაბრუებული და ასეთი ეგზალტირებული მასის გაფეტიშება! მერე გამოდიან და გვესაუბრებიან ადამიანის უფლებებზე, ამათ ღირებულებებზე. ესენი ადამიანის უფლებებს კი არ იცავენ, ესენი იცავენ თავიანთი თავის უფლებას.
– რასთან დაკავშირებით?
– რომ მოიხმარონ ნარკოტიკები! მათი ქმედებები რამდენად აზიანებს საზოგადოებას და საზოგადოების ინტერესს, ეს კიდევ ცალკე კვლევის საგანია, რათა ეს ყველაფერი საზოგადოებას ასე ვანდალურად არ შემოუბრუნდეს და არ გახდეს საზოგადოებისთვის სერიოზული პრობლემა. საზოგადოება უნდა იყოს დაცული მსგავსი ქმედებებისგან.
– რისგან უნდა იყოს დაცული საზოგადოება?
– ნარკოტიკებით გაბრუებული ადამიანი, შესაძლოა, საჭეს მართავდეს, ან ოპერაციას ატარებდეს, შეიძლება ქუჩაში მიდიოდეს და ვიღაცას მიაყენოს ასეთივე ვანდალური ქმედება. ამიტომ საზოგადოება უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა დაცული ასეთი ადამიანებების ქმედებებისგან. პარალელურად, ვინაიდან ეს ადამიანები დაავადებულები არიან, სახელმწიფო მათ მიმართ უნდა იყოს ჰუმანური.
– ისინიც სწორედ ამას ითხოვენ აქციებზე.
– მოთხოვნასაც აქვს თავისი ფორმა. შენ როდესაც გამოხატვის თავისუფლებისთვის გამოდიხარ ქუჩაში, ეს სხვაა, რისთვისაც ეგენი გამოდიან ქუჩაში, ეგ საერთოდ ახლოსაც არ არის იმ უფლებასთან, რასაც ჩვენ ღირებულებით უფლებებს ვეძახით. დღეს ხდება ამისი გაიგივება ისეთ ფუნდამენტურ უფლებასთან, როგორიც არის გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება და ასე შემდეგ.
– აღრევა ხდება ამ უფლებების?
– ასეა. ხშირად ჟურნალისტებიც ვეღარ ავლებენ ზღვარს და ვეღარ ხედავენ განსხვავებას ამ ორ უფლებას შორის! შენი ფუნდამენტური უფლებები სხვა ღირებულებაა, ის, რომ შენ გინდა წამალი მოიხმარო და იყო თრობით მდგომარეობაში წამლის ზეგავლენით, არის დამცრობა, უპირველეს ყოვლისა, იმ ზეღირებულებებისა, რომლებიც საზოგადოებას გააჩნია!
– საჭიროა თუ არა კანონის ლიბერალიზაცია?
– კანონის ლიბერალიზიაცია უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში იარსებებს სარეაბილიტაციო ცენტრები, სახელმწიფოს ეცოდინება, რამდენი წამალდამოკიდებული მოქალაქე ჰყავს, რა კატეგორიის და როგორ მოხდება მათი გადანაწილება ამ დაწესებულებებში. ამის გარეშე ლიბერალიზაცია ყოვლად დაუშვებელია.
ეს ადამიანები არ უნდა გახდნენ საზოგაოდების პრობლემა და არ მოხდეს ის, რაც უკვე მოხდა – ჩამტვრეული და დარბეული სასამართლო. ხვალ შეიძლება სხვა დაწესებულებები ჩაამსხვრიონ. მიადგნენ კერძო საკუთრებებს, მაღაზიებს, სკოლებს და ასე შემდეგ. ეს რომ არ მივიღოთ შედეგად, ამისთვის სახელმწიფომ ცალმხრივად კი არ უნდა იმოქმედოს, ჯანსაღი და ჯანმრთელი საზოგადოების ინტერესები უნდა დააყენოს უფრო მაღლა და ვიცოდეთ, არის თუ არა ეს საზოგადოება დაცული და შემდეგ გადაიდგას ნაბიჯი ლიბერალიზაციისკენ.
– თუ იზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ დღეს კანონი ამ ადამიანების მიმართ უმკაცრესია?
– რა თქმა უნდა, მეც ვთვლი, რომ კანონი მკაცრია. ამ შემთხვევაში მე საერთოდ ციხის წინააღმდეგი ვარ და ვფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს სხვა ალტერნატივა, ვიდრე არის ციხე. ციხე არ არის ერთადერთი გამოსავალი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოების დანარჩენი ნაწილი მათგან იყოს შევიწროვებული. მხოლოდ ერთი დოზისთვის არ უნდა აპატიმრებდნენ, რომელიც მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის აქვს. ხოლო თუ ერთზე მეტი აქვს, სასჯელი უნდა იყოს უმკაცრესი!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა