“სააფთიაქო მაფიას ხელისუფლება მფარველობს”

თორნიკე შარაშენიძე: “წამლები კვირაში ერთხელ ძვირდება”

"სააფთიაქო მაფიას ხელისუფლება მფარველობს"“ახალი თაობის” კითხვებს თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.

– ბატონო თორნიკე, კახა ოქრიაშვილის განცხადებებმა 10-ლარიან მედიკამენტებთან დაკავშირებით მოსახლეობის დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამ თემას თქვენც გამოეხმაურეთ და აცხადებთ, რომ ამ ქვეყანას სააფთიაქო-სამედიცინო მაფია ღუპავსო. რას გულისხმობთ? რა ხდება სააფთიაქო-სამედიცინო ქსელში?

– აშკარაა, სახეზე არის გარიგება სადაზღვევო კომპანიებსა და აფთიაქებს შორის, რომ პაციენტებს გამოუწერონ რაც შეიძლება მეტი წამალი. ამდენ წამალს, არ მგონია, რომ მსოფლიოში ვინმე მოიხმარდეს. ყოველთვის, როცა აფთიაქში შევდივარ, ჩემ წინ დგანან პენსიონერები და თითოეულს გამოწერილი აქვს 9-10 დასახელების მედიკამენტი. როგორ შეიძლება 9-10 წამალს გაუძლოს ნორმალურმა ორგანიზმმა?!

– რისი თქმა გინდათ, რომ ესეც ერთგვარი ბიზნესია?

– რა თქმა უნდა! ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესია. საკუთარ თავზე გამომიცდია არასწორი დიაგნოზი და ტონობით გამოწერილი მედიკამენტი. ამას ემატება ისიც, რომ წამლების დიდი რაოდენობა არის აბსოლუტურად უხარისხო, გაურკვეველი წარმოშობის მედიკამენტები. ფასებზე ხომ ლაპარაკიც აღარ არის. უსაშველოდ ძვირია ყველაფერი. ამერიკაში ნებისმიერი წამალი ღირს 10 დოლარი. უნდა ნახოთ, რა ზომის პაკეტებია და რა რაოდენობის. ხარისხზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ამას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს! იქ ძალიან მკაცრი კონტროლია ხარისხის. ვიღაცამ რომ აიღოს და უბრალოდ წამოიღოს მარტო ამერიკული წამლები, პრობლემის გადაჭრის მარტივ ხერხს ვამბობ, მარტო ამერიკული, რომელიც იქნება ძალიან იაფი და ხარისხიანი, ამით პრობლემაც მოიხსნება.

– ამას დაუშვებს ქართული სააფთიაქო ქსელი, ამით ხომ მთელი ეს ბიზნესი ჩაიძირება?

– რა თქმა უნდა, ჩაიძირება. ამას ვინ დაუშვებს. ახლა ეს ბიზნესმენები, რომლებიც ყოველთვის პარლამენტში არიან მომსხდრები მაჟორიტარებად და, ბუნებრივია, მაჟორიტარის ფუნქცია რაც არის, ჩვენ კარგად ვიცით…

– ყველა ხელისუფლების დროინდელი მაჟორიტარები…

– რა თქმა უნდა, ყველა მთავრობას მორგებული მაჟორიტარები. მოდის ახალი მთავრობა, მერე მის გუნდში აღმოჩნდებიან ხოლმე უცებ და წინა მთავრობას ლანძღავენ, სისხლიანი რეჟიმები და ასე შემდეგ. ეს არის მახინჯი სისტემა, რომელიც აწყობს მთავრობასაც და ბიზნესს, მით უმეტეს.

– საუბარია, რომ ყოველ კვირას ახალ-ახალი ფასი ხვდება აფთიაქში შესულ მომხმარებელს.

– გეთანხმებით, კვირაში ერთხელ ძვირდება წამლები. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს უშუალოდ ჩვენს ჯანმრთელობას ურტყამს. პირდაპირ ჩვენს ჯანმრთელობას. მაგალითად, კაცი აიტანს თუ ბენზინის ფასი მოიმატებს, ბოლოსდაბოლოს, არ ჩაასხამს საწვავს და ფეხით გაივლის. მედიკამენტი რომ ძვირდება, ეს ჯიბესაც ურტყამს და ჯანმრთელობასაც. ორივეს ერთად აკეთებს. ჯიბეშიც გიძვრება და ჯანმრთელობასაც გიფუჭებს.

– ფიქრობთ, რომ ხელისუფლება მფარველობს სააფთიაქო ბიზნესს?

– რა თქმა უნდა, სჭირდება ხელისუფლებას ამ ბიზნესის სიძლიერე, თავისი პოლიტიკური კამპანია ხომ უნდა დააფინანსებინოს. ეს, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოდელია, პოსტსაბჭოთა მოდელი! ხელისუფლება გარიგებულია ბიზნესთან – ფული მოიტანე და ხელს არ გახლებ. ფულს საიდან მოიტან, არ მაინტერესებს. სამწუხაროდ, მივიდა იქამდე, რომ ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე მოაქვს ფული.

– საუბარია, რომ საკმაოდ დაბალი ხარისხის მედიკამენტები იყიდება. ასეა?

– სწორედ ამაშია საქმე! აბა ერთი შეამოწმებინონ კომპეტენტურ, სანდო ლაბორატორიას, რამდენად ხარისხიანია, რაც აქ შემოდის. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ნაწილი იქნება მავნებელი.

– გამოსავალს რაში ხედავთ?

– გამოსავალი არის ის, რომ ხელისუფლებამ უნდა თქვას უარი ამ მახინჯ გარიგებაზე! მონოპოლია უნდა მოისპოს და უნდა მიეცეს საშუალება წვრილ მეწარმეებს, შემოიტანონ იაფი და ხარისხიანი მედიკამენტები! ისეთი ხარისხიანი, როგორიც იყიდება ევროპის და ამერიკის ბაზრებზე, რომლის ხარისხიც იქნება შემოწმებული.

– თქვენ გაქვთ ინიციატივა, რომ ამერიკული მედიკამენტი შემოვიდეს ჩვენს ბაზარზე და ეს მოსახლეობას დიდ შეღავათს მისცემს?

– რა თქმა უნდა, მისცემს, მაგრამ ამაზე ვინ წავა?! ამერიკაში არსებობს ერთი სააფთიაქო ქსელი ჯი-ვი-ესი, აქ რომ გაიხსნას ჯი-ვი-ესის ერთი ფილიალი, დარწმუნებული ვარ, ავტომატურად ჩაძირავს მთელ სააფთიაქო ქსელს. აბსოლუტურად ყველას და აბსოლუტურად სამართლიანადაც, იმიტომ, რომ იქნება იაფი და ხარისხიანი. უზარმაზარი პაკეტები აქვთ და უმაღლესი დონის ხარისხი. იმიტომ, რომ იქ ძალიან მკაცრად კონტროლდება ხარისხი.