სოფო: “გიორგიმ მომიტაცა, მაგრამ გამოვექეცი, ირგვლივ მხოლოდ გაუვალი თოვლიანი ტყე იყო…”

ჩვენი რესპონდენტი 28 წლის გასათხოვარი ქალი სოფოა, რომელსაც პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ რჩება. ერთ დროს უყვარდა, მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, ქართული ტრადიციული ოჯახის შექმნაზე ოცნებობდა. დღეს კი მარტოა და სიმარტოვეს სულაც არ განიცდის, პირიქით, მასთან დაშორებას უფლის საჩუქრად მიიჩნევს და თვლის, რომ ამ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა.

– სოფო, სად გაიცანით გიორგი და როდის მიხვდით, რომ გიყვარდათ?

– გიორგი ჩემი თანაკლასელი იყო. ის ჩვენთან მე-6 კლასში გადმოვიდა და რატომღაც ჩემი ყურადღებაც მაშინვე მიიქცია.

– რა თავისებურებით გამოირჩეოდა, რით მოგეწონათ?

– საკმაოდ სიმპათიური ყმაწვილი იყო, მაღალი, ქერა, ცისფერთვალება და სპორტული აღნაგობის – ასეთი სტერეოტიპი შავგვრემან გოგონებს მოსწონთ. პირველად მხოლოდ მისმა შეხედულებამ მომხიბლა. კლასში ბევრ შავგვრემან ბიჭს მოვწონდი, მაგრამ სულ ვამბობდი, შავგვრემანი ჩემი თავიც მყოფნის-მეთქი. თავდაპირველად გიორგიმ გარეგნობით მიიქცია ჩემი ყურადღება. თავადაც მაშინვე თვალში მოვხვედრივარ. პირველივე დანახვაზე შევუყვარდი. გიორგის მიმართ თავიდან მხოლოდ სიმპათია მქონდა. დროთა განმავლობაში კი მისმა ყურადღებიანმა და მზრუნველმა ბუნებამ მომხიბლა და თავი შემაყვარა. დღესასწაულების მოლოცვა არ ავიწყდებოდა, ძვირადღირებულ ყვავილებსა თუ სუნამოებს მჩუქნიდა – ამით აღვივებდა ჩემს ბავშვურ ბუნებაში იმ გრძნობას, რასაც იმ დროს სიყვარულს ვეძახდი. ქალს კი იმ ასაკში მეტი რა უნდა?

– ანუ თქვენი გრძნობა გიორგის ყურადღებიანი ქცევებიდან აღმოცენდა? დღეს თვლით, რომ ეს სიყვარული არ იყო?

– რომ მყვარებოდა, დღეს მის გვერდით ვიქნებოდი. ეს მხოლოდ ბავშვური გატაცება იყო, თუმცა იმ პერიოდში ეს სიტყვები ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, მეგობარს ან ოჯახის წევრს, შეიძლება ძალიან მწყენოდა, რადგან გიორგის ერთადერთ და განუმეორებელ ადამიანად ვთვლიდი. მეგონა, მის გვერდით თავს უბედნიერეს ქალად ვიგრძნობდი და მის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებდი.

– ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა ხომ არ გქონიათ?

– თავიდან თითქოს არ მეწინააღმდეგებოდნენ. ჩემს ოჯახში გიორგის იცნობდნენ, ის ჩემთან დაბადების დღეზე და სხვა დღესასწაულებზეც მოდიოდა. ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, რომ გიორგის ვუყვარდი, მაგრამ ჩვენს ასაკში სიყვარული არასერიოზულად მიაჩნდათ. ამიტომ მასთან მეგობრობას არ მიკრძალავდნენ. ჩემი მხრიდან გატაცების შესახებ არ იცოდნენ, თორემ შეიძლება დაეშალათ კიდეც.

– რატომ, რაიმე უარყოფითი ხომ არ შეამჩნიეს მას?

– ალბათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ გიორგის ხასიათის შტრიხები ჩემს მშობლებს და ახლობლებს ჩემზე უკეთ დაუნახავთ. საშინლად ეჭვიანი იყო, რასაც იმ დროს მე ვერ ვამჩნევდი, მისი ყურადღებითა და ძვირადღირებული საჩუქრებით თვალახვეული და გაბრუებული ვიყავი. იმ პერიოდში ეჭვიანობა ყურადღების გამოხატვის ფორმად მიმაჩნდა. უფრო მეტიც, მისი ეს თვისება იმდენად მომწონდა, რომ სახლში მოსულს მამაჩემის დამოკიდებულება დედას მიმართ მაღიზიანებდა კიდეც. მამა დედას ენდობოდა და სადმე რომ გაუშვებდა, ხშირი რეკვით არასდროს აწუხებდა. მამისგან ეს უყურადღებობად მეჩვენებოდა და მათ სიყვარულში ეჭვიც კი მეპარებოდა. აი, რამდენად არასწორად მესმოდა იმ დროს ეჭვიანობისა და ნდობის ცნებები, მაგრამ ახლა ვინმემ რომ შემზღუდოს და მუდმივ კონტროლში მამყოფოს, ალბათ ვერანაირი გრძნობის ფასად ვერ შევეგუები.

ერთხელ ჩემს მამიდაშვილ ნათიასთან დაბადების დღეზე ვიყავი. როცა გიორგიმ გაიგო, რომ იმ სუფრაზე ჩემი მამიდაშვილის მეუღლის მეგობარი უცხო ბიჭებიც იყვნენ, მოსვლა გადაწყვიტა. თავიდან ნათესავებისა და ჩემი დის გამო უარი ვუთხარი, ავუხსენი, რომ არავინ იცნობდა და მისი იქ გამოჩენა ყველას უცნაურად მოეჩვენებოდა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. დაჟინებით მთხოვდა მოსვლას. ბოლოს მისამართი ვუთხარი და მოვიდა. 21 წლის იუბილარს 21 წითელი ვარდის თაიგული და ძვირადღირებული სამაჯური მოართვა. სუფრასთან ყველას ჩემ მეგობრად გავაცანი. გიორგიმ ამდენი ხალხი რომ დაინახა, სახე შეეცვალა. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ბიჭებზე ეჭვიანობდა. იმ წუთებში მას ჩემდამი ნათესავების თბილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება არ მოეწონა და მთხოვა, წავსულიყავით.

– დატოვეთ სუფრა და გაჰყევით?

– კი, სამწუხაროდ, ეს მოთხოვნაც შევუსრულე და ნათესავებთან ტყუილის თქმაც დამჭირდა. ჩემი ნაადრევი წასვლის მიზეზად ცუდად ყოფნა დავასახელე.

– რომ არ გაჰყოლოდით, რას იზამდა?

– ის დღე ჩხუბით დამთავრდებოდა (როგორც არაერთხელ მომხდარა), დამიწყებდა მუქარას, რომ თუ არ დავემორჩილებოდი მის ბრძანებებს, სამუდამოდ დავკარგავდი, მე კი მასთან დაშორება სიკვდილის ტოლფასად მიმაჩნდა… ან კიდევ განერვიულებული სასმელს მიეძალებოდა, რასაც ვერიდებოდი მისი ცუდი სიმთვრალის გამო. ამიტომაც მის ასეთ ახირებულ მოთხოვნებს ვიტანდი.

– ამის შემდეგ თქვენი ურთიერთობა როგორ განვითარდა?

– ისევ ჩვეულებრივ ვხვდებოდით ერთმანეთს და სიყვარულით ვტკბებოდით, რასაც არავინ გვიშლიდა. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ მიიღო ასეთი მოულოდნელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება.

– რას გულისხმობთ?

– მაშინ მე-11 კლასში ვიყავით, ფილარმონიაში კონცერტზე წავედი მის მეგობრებთან ერთად. კონცერტი გვიან დამთავრდა და მისმა მეგობარმა მანქანით წამოგვიყვანა (მე და გიორგი ერთ უბანში ვცხოვრობდით). სახლის გზას რომ გადაუხვიეს, ვკითხე, საით მივდივართ-მეთქი. გიორგიმ მიპასუხა, დღეიდან ჩემი ცოლი გახდებიო. ამის გამგონეს თვალთ დამიბნელდა და ხელ-ფეხის დარტყმით მანქანის კარის გაღებას შევეცადე, თუმცა უშედეგოდ… ცოტა ხანში მისი მეგობრის აგარაკზე აღმოვჩნდი.

ზამთარი იყო, სუსხიანი დეკემბერი, მაგრამ ტანზე თხლად მეცვა და მციოდა, ამიტომ გიორგის სახლში შევყევი, თუმცა გონებაში სულ გამოპარვის გეგმებს ვსახავდი. მობილურ ტელეფონზე უკანასკნელი ოთხი თეთრით ჩემს ძმას დავურეკე და მხოლოდ იმის თქმა მოვასწარი, რომ გიორგიმ მომიტაცა და სადღაც ტყეში ვიყავი. ამის შემდეგ ტელეფონი დამიჯდა და კავშირიც გაწყდა. ის ღამე თეთრად გავათენე. გამთენიისას, რიჟრაჟზე სახლიდან გამოვიპარე. ირგვლივ მხოლოდ გაუვალი ტყე იყო. მიწა თოვლით იყო დაფარული. გზის გაკვალვაში ფეხები ისე დამისველდა და გამეყინა, სადმე რომ არ შევფარებოდი, მეგონა, გული წამივიდოდა. ღმერთის წყალობით, შორიახლოს სახლი შევნიშნე და მივუკაკუნე. დიასახლისმა, მოხუცმა ქალმა, შემიფარა, მაგრამ გიორგიმ იქაც მომაგნო.

– რატომ გარბოდით მისგან, მაშინ ხომ გიორგი გიყვარდათ და მისი დაკარგვა არ გინდოდათ?

– მშობლების შიში მქონდა, მამაჩემი ძალიან მკაცრია და არ ვიცოდი, რას ჩაიდენდა. არის მეორე მხარეც: რომ მყვარებოდა, განა სახლიდან გამოვეპარებოდი?

– მშობლებმა გიპოვეს?

– მამაჩემი და გიორგის მამა თანამშრომლები იყვნენ, მაგრამ არც გიორგის მამამ იცოდა, სად ვიყავით. ტელეფონები ორივეს გათიშული გვქონდა. მეგობრის მეშვეობით გავიგეთ, რომ ჩემები გვეძებდნენ და სასწრაფოდ სახლში უნდა მივსულიყავით. გიორგიმ მაშინვე წამომიყვანა.

სახლში არც ავყოლილვარ. მამის მანქანა რომ დავინახე, გავექანე და ჩავჯექი, თან საჭესთან მჯდომ ჩემს სიძეს ვთხოვდი, მალე დაეძრა მანქანა, გიორგის სახლში რომ არ მივებრუნებინე. მშობლებს არაფერი უთქვამთ, ეს გადაწყვეტილება თავადვე მივიღე და სახლში დავბრუნდი.

– ამით თქვენი ურთიერთობა დასრულდა?

– არა, რა თქმა უნდა, გიორგი თავს არ დამანებებდა. მესამე დღეს მშობლებთან ერთად ხელის სათხოვნელად მოვიდა. დედამისი ტიროდა, შვილი დამეღუპება და გზას აცდება, სოფო თუ არ გამოჰყვებაო. ამაზე ჩემმა მშობლებმა უპასუხეს, შეხვედრებს არ დავუშლით, მაგრამ შეუღლების ნებას მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, უმაღლესში სწავლის დასრულებისთანავე მივცემთო. ასე ალბათ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ გიორგი საკმაოდ კარგი ოჯახიდან იყო, განათლებული და მზრუნველი მშობლები ჰყავდა… მაგრამ გიორგისთან ურთიერთობამ დიდხანს ვერ გასტანა. მე დავიღალე მისი აუტანელი, ეჭვიანი ხასიათით და სულ რაღაც სამ თვეში დავშორდით კიდეც.

ვფიქრობ, ჩემმა მშობლებმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს, ურთიერთობა რომ არ აგვიკრძალეს, რადგან აკრძალული ხილის პრინციპი იმოქმედებდა ჩვენზე და შეიძლება შევუღლებულიყავით, რაც აუცილებლად ოჯახის ნგრევით დამთავრდებოდა.

– რატომ ფიქრობთ, რომ მაინცდამაინც ოჯახს დაანგრევდით?

– ორი წლის შემდეგ გიორგიმ ცოლი მოიყვანა და, როგორც გავიგე, ძალიან ცუდად ექცეოდა. გალოთდა, ნარკოტიკებსაც მიეძალა, ამის გამო კი ოჯახი დაენგრა.

– იქნებ მეუღლე არ უყვარდა და ამიტომ ჰქონდა მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება? რატომ გგონიათ, რომ თქვენთანაც ასევე მოიქცეოდა?

– რაც არ უნდა იყოს და მეუღლე არ გიყვარდეს, განა ფეხმძიმე ქალზე ხელის გარტყმა ნორმალური საქციელია? და თუკი ფიქრობს, რომ ჩემ გამო გალოთდა და, განარკომანდა, ჩემი თავიც ხომ მხოლოდ საკუთარმა ქცევებმა დააკარგვინა.

– თქვენი ცხოვრება როგორ წარიმართა?

– დღეს მე ერთ-ერთ ბედნიერ და წარმატებულ ქალად ვგრძნობ თავს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ბანკში დავიწყე მუშაობა და საკმაოდ კარგ შედეგებს მივაღწიე. მიწევდა ევროპის ქვეყნებში გასვლა და იქაური გამოცდილების გაზიარება, შემდეგ ერთ-ერთი სერიოზული საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელად დამნიშნეს.

– თავს მარტოდ არ გრძნობთ?

– სულაც არა. მაქვს ჩემი სახლი, საყვარელი საქმე, მეგობრები და პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ მრჩება. მყავს საყვარელი დისშვილები და ვცდილობ, მზრუნველობა არ მოვაკლო. გავეცანი სხვადასხვა ქვეყანას, გარკვეული ცოდნა და გამოცდილება მივიღე. გიორგის ცოლი რომ გავმხდარიყავი, ალბათ სახლიდან ცხვირს ვერ გავყოფდი, ცხოვრებაში ვერაფერს ვნახავდი და უფრო მეტიც, მისი ეჭვიანობით ისე დავბეჩავდებოდი, რომ მალე თავად მასაც აღარ ვენდომებოდი. ასე რომ, ღმერთმა არ გამწირა. როცა უფლის ნებით გიორგის დავშორდი, ღმერთმა უკეთესი მომავალი მომცა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ახლა კი მეცინება, 17 წლის ასაკში როგორ და რატომ მეშინოდა მისი დაკარგვის.

სარკენიუსი

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018