ამერიკაში მიწისქვეშა ავტობანები გაჰყავთ, მარსზე კი ავტომობილები ივლის _ ილონ მასკმა უტოპიური იდეები რეალობად აქცია

ილონ მასკი არის ადამიანი, რომელიც ყველაზე უტოპირ იდეებსაც კი რეალობად აქცევს. ის 21-ე საუკუნის გავლენიანი ბიზნეს-მაგნატი, გამომგონებელი და ინჟინერია.

ბილეთი მარსზე

მისმა პოპულარობამ მწვერვალს არც ისე დიდი ხნის წინ, 2018 წლის 7 თებერვალს მიაღწია, მას შემდეგ, რაც მან ერთ-ერთი ამბიციური იდეა სისრულეში მოიყვანა და გიგანტური კოსმოსური ხომალდი ფალკონ ჰევი კოსმოსში, მარსის ორბიტის მიმართულებით გაუშვა.

მასკმა კოსმოსურ ხომალდზე თავისივე შექმნილი ელექტრონული მანქანა ტესლა როუდსთერი განათავსა. ეს დიდი გამარჯვება ილონ მასკის კოსმოსური გეგმების მხოლოდ საწყისი ეტაპია. მისი თქმით, ფალკონ ჰევის კოსმოსში გაშვების მიზანი ეფექტურობისა და გამძლეობის შემოწმებაა, რათა შემდგომ მისი საშუალებით მარსზე ადამიანების გადაყვანა მოხდეს, რაც 2024 წლისთვის იგეგმება.

გლობალური ინტერნეტის მიწოდების უზრუნველყოფა მასკის შემდეგი იდეაა, რომელიც დღე-დღეზე იხილავს მზის სინათლეს. დაბალი ღირებულების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი დედამიწის ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი ხელმისაწვდომი გახდება.

ამ მიზნით კოსმოსში 2019 წლამდე 4.000 სატელიტი გაიგზავნება. რამდენიმე უკვე მზადაა საამისოდ და მათი გაშვება 17 თებერვალს იგეგმებოდა, თუმცა ამინდისა და დამატებითი ტექნიკური შემოწმების მიზნით თარიღმა რამდენიმე დღით გადაიწია და სატელიტების გაშვების მომსწრენი დღე-დღეზე, 21 თებერვალს გავხდებით.

მიწისქვეშა ავტობანი  

მასკის ინოვაციური იდეები მხოლოდ კოსმოსით არ შემოიფარგლება. მათი უმეტესობა ერთი შეხედვით ფანტასტიკური და გიჟურია, თუმცა თანდათანობით უფრო და უფრო რეალური და გარდაუვალი ჩანს.

სწორედ ახლახან მასკმა თავისი ერთ-ერთი პროექტის დასაწყებად აშშ-ის მთავრობისგან ნებართვა მიიღო. ამ პროექტს, სახელწოდებით ”ჰაიპერლუფი”, მისი ერთ-ერთი კომპანია, ”ბორინგ კომპანი” ახორციელებს. მისი მიზანია სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და ქალაქების საცობებისგან გათავისუფლება.

პროექტი ავტომობილებისთვის სპეციალური მიწისქვეშა გვირაბების მოწყობას გულისხმობს. გვირაბში ჩასვლის შემდეგ ავტომობილი განთავსდება სპეციალურ რელსებზე, რომლის საშუალებით დანიშნულების ადგილზე პირდაპირი რეისით აღმოჩნდება.

მეტროსგან განსხვავებით, ავტომობილები არა განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით, არამედ პირდაპირ დანიშნულების ადგილის მიმართულებით იმოძრავებენ.

პროექტი თავდაპირველ ეტაპზე ნიუ იორკის და ვაშინგტონის დაკავშირებას ისახავს მიზნად, რაზეც ვაშინგტონის საგზაო დეპარტამენტისგან მასკმა უკვე ნებართვა მიიღო და ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილშიც გათხრები უკვე დაიწყო. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ნიუ იორკიდან ვაშინგტონამდე ავტომობილით გადაადგილება 30 წუთში იქნება შესაძლებელი.

კომპიუტერში დამონტაჟებული ტვინი

დაბოლოს, იგი 2017 წლიდან აქტიურად მუშაობს რევოლუციურ პროექტ ”ნევრალინკზე”. ეს პროექტი ადამიანს შესაძლებლობას მისცემს, ელექტროდების ტვინში ჩანერგვის შედეგად უშუალოდ დაუკავშირდეს კომპიუტერს და მასში საკუთარი აზრების როგორც ჩატვირთვა, ისე გადმოტვირთვა მოახერხოს.

ეს უნიკალური პროექტი ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესებას და მძიმე ნერვული დაავადებების, მათ შორის ეპილეფსიისა და ცერებრალური დამბლის, განკურნებას ისახავს მიზნად. ის ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებად იქცევა.

ილონ მასკის აზრით, ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს და სწორედ ამიტომ აშშ-ის მთავრობას მისი რეგულირებისა და კონტროლისკენ არაერთხელ მოუწოდა. მასკი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას სამუშაო ადგილების კატასტროფულ კრიზისამდე, ტოტალურ ომებამდე და საბოლოოდ გადაშენებამდე მიიყვანს.

მასკის იდეები მკაცრად გააკრიტიკეს, მათ შორის მარკ ცუკერბერგმაც, თუმცა ფაქტები მასკის სასარგებლოდ მეტყველებს. მაგალითად, ცუკერბერგი იძულებული გახდა, ფეისბუქის ხელოვნური ინტელექტი გაეთიშა მას შემდეგ, რაც ჩატ-რობოტებმა საკუთარი, ადამიანებისთვის უცნობი ენა შექმნეს, ერთმანეთთან კომუნიკაცია დაიწყეს და პროგრამის ბრძანებების შესრულება შეწყვიტეს.

მასკმა ხელოვნური ინტელექტის სწორად და უსაფრთხოდ გამოსაყენებლად დააარსა ორგანიზაცია ”ოუფენ ეი აი” , რომელმაც თვითშემეცნების უნარის მქონე რობოტი შექმნა. რობოტმა ვიდეოთამაშში ”დოტა 2” საუკეთესო გეიმერის დამარცხება მარტივად მოახერხა. ამ ყველაფრის შემდეგ მასკი ”ეი აის” კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ფორმებზე მუშაობს.

 ,,შეუძლებელი არაფერია”

ბავშვობიდან მასკი აქტიურ თვითგანათლებას ეწევა და, მარცხისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, არასოდეს ნებდება. კვირაში 100 საათი მუშაობს.

დღეისთვის უკვე წარმატებული კომპანიების, ”სფეის იქსის” და ”ტესლას” დაარსებამ თავის დროზე გაკოტრებამდეც მიიყვანა, ხოლო ხომალდ ფალკონ 9-ის კოსმოსში გაგზავნა ნასესხები ფულით მოუხდა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, გენიალური შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის საშუალებით მოახერხა, რომ მისი ერთი შეხედვით ფანტასტიკური იდეების ნაწილი რეალობად ექცია, ხოლო დანარჩენების აღსრულებას სკეპტიციზმის ნაცვლად ენთუზიაზმით ველით, რადგან, როგორც თავად ილონ მასკი ამბობს და ამტკიცებს კიდეც, ,,შეუძლებელი მართლაც არასდროს არაფერია”.

ლიკა ჩხეტიანი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018