აპოკალიფსი 12 წელიწადში _ დედამიწა გაიცვითა, ადამიანები არსებობას ვეღარ შეძლებენ – რა არის გამოსავალი

დედამიწის მოსახლეობა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. 2017 წლის მიწურულს მოსახლეობის რაოდენობა 7.6 მილიარდს შეადგენდა. ყოველწლიურად ეს რიცხვი საშუალოდ 83 მილიონით, ანუ ყოველდღე დაახლოებით 220 ათასი ადამიანით იზრდება და, სავარაუდოა, რომ 2030 წლისთვის  9 მილიარდამდე მიაღწევს.

საინტერესოა, როგორ და რამდენად არის შესაძლებელი ამ რაოდენობის მცხოვრებთა უზრუნველყოფა დედამიწის რესურსებით, მით უმეტეს, მაშინ, როცა შობადობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური პირობები ძალიან მძიმეა, ხოლო დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

ათასობით წლის განმავლობაში დედამიწის მოსახლეობა თანდათანობით, არცთუ ისე სწრაფად მატულობდა, თუმცა მე-19 საუკუნის შუა ხანებისთვის ზრდის ტემპი შესამჩნევად გაიზარდა.

1830-1930 წლებში მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდა და 1 მილიარდიდან 2 მილიარდი გახდა. 1960 წლისთვის  ამ რიცხვმა 3 მილიარდს მიაღწის, 1999 წლისთვის კი _ 5 მილიარდს.

შორს წაგვიყვანს მსჯელობა იმაზე, თუ რა ისტორიულმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა პირობებმა განაპირობა ასეთი სწრაფი ,,დაწინაურება”, დღეისთვის აქტუალური და მთავარი მხოლოდ ერთი კითხვაა: დედამიწის ბუნებრივი რესურსები არის საკმარისი ამ რაოდენობის მოსახლეობის საზრდოსთვის?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა სახის ტექნოლოგიები და ცხოვრების წესი იქნება გავრცელებული საზოგადოებაში თუნდაც 10 წლის შემდეგ, სამაგიეროდ, ვიცით, რომ დედამიწის ბუნებრივი რესურსები შეზღუდულია და დეფიციტური.

დაიწყება მარილიანი წყლების გამოხდა

დედამიწაზე არსებული წყლის 97% მარილიანი და მომწამვლელია როგორც ადამიანების, ისე მცენარეებისთვის. სუფთა წყლის რაოდენობა მხოლოდ  %-ია და აქედან ¾ ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზეა გაყინული. დარჩენილი მარაგი კი ძირითადად 10 სახელმწიფოს ტერიტორიაზეა თავმოყრილი.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ 2025 წლისთვის 50-მდე ქვეყანაში წყლის მწვავე დეფიციტი დაიწყება. გამოსავალი მხოლოდ მარილიანი წყლის გამოხდა, ანუ მარილისგან გამოთავისუფლება შეიძლება იყოს, თუმცა ამ პროცედურის წარმოება განსაკუთრებით დიდ ენერგიას, დროს, სამუშაო რესურსებსა და ტექნოლოგიას მოითხოვს, ამიტომ ძალიან ძვირი ჯდება.

უნაყოფო ნიადაგი

ნიადაგის მოცულობა, რომელსაც საკვების მოსაპოვებლად ვიყენებთ, ასევე შეზღუდულია. დღეისთვის მოსავლის მოსაყვანად დედამიწის ხმელეთის მხოლოდ 11%, ხოლო მეცხოველეობის (ანუ საძოვრებისთვის) მხოლოდ 20%-ია ვარგისი. ყოველწლიურად ამ ტერიტორიებს მუდმივად მზარდი ქალაქები იკავებენ და მათი ნაყოფიერებაც ინტენსიური დამუშავების შედეგად თანდათანობით მცირდება.

ყოველ 5 წელიწადში აშშ-ისა და კანადის საერთო ზომის ანუ 18 მილიონი კვ. კმ ფართობის ტერიტორია ინტენსიური ფერმერული დამუშავების შედეგად იფიტება და სოფლის მეურნეობისთვის უვარგისი ხდება.

დამღუპველი კოსმოსი

სუფთა ჰაერი ასევე უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია, რომელსაც განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება მოსახლეობის ზრდის გამო.

ყოველწლიურად თითოეული ადამიანი ატმოსფეროში საშუალოდ 1.1 კუბურ ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფს  სუნთქვის შედეგად, რასაც ასევე ემატება გაზის, ნახშირის, ნავთობის, ხის წვის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგი, რის გამოც, საბოლოო ჯამში, CO2 -ის რაოდენობა 20 %-ით არის გაზრდილი 1960 წელთან შედარებით, ეს კი დიდ ზიანს აყენებს ატმოსფეროს, განსაკუთრებით ოზონის შრეს, რომელიც თანდათანობით უფრო და უფრო გამტარი ხდება ულტრაიისფერი გამოსხივებისა და სხვა ადამიანისთვის დამღუპველი კოსმოსური ზემოქმედებებისადმი.

32 წელიწადში ნავთობი მთლიანად გაქრება, 42 წელიწადში _ გაზი

დღეისთვის არსებობს ბუნებრივი ენერგიის მრავალი წყარო, რომელიც თანამედროვე ბიზნესის ძირითად  ობიექტებსაც წარმოადგენს. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნავთობი, ქვანახშირი და ბუნებრივი აირი. მათი მარაგის ¾ -ს მხოლოდ განვითარებული ქვეყნების მცირე რაოდენობა მოიხმარს, სადაც რაც უფრო იზრდება ცხოვრების სტანდარტები, მით უფრო მეტად იზრდება მოთხოვნილება ამ რესურსებზეც.

მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ თუ დედამიწაზე ყოველი ადამიანი ყოველდღიურად აშშ-ის მოქალაქესავით მოიხმარდა ბუნებრივ რესურსებს, მაშინ მათი მარაგი 10 წელიწადში სრულიად ამოიწურებოდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად დედამიწაზე იხარჯება 11 მილიარდი ტონა ნავთობი და ეს მაჩვენებელი თუ შენარჩუნდება, 2050 წლისთვის ნავთობის მარაგი სამუდამოდ ამოიწურება.

რაც შეეხება ბუნებრივ გაზსა და ქვანახშირს, მათი რაოდენობა მართალია, ნავთობისას აღემატება, მაგრამ 2060 წლისთვის გაზი საერთოდ აღარ იარსებებს, 2080 წლისთვის კი _ ქვანახშირი.

გამოსავალი _ ცხოვრების წესის შეცვლა

როგორც ვხედავთ, მოსახლეობის ზრდასთან და ბუნებრივი რესურსების კლებასთან ერთად დედამიწის მომავალიც უფრო ბუნდოვანი ხდება. საეჭვოა, რომ მან  9 მილიარდი ადამიანის უზრუნველყოფა მოახერხოს, მით უმეტეს, რესურსების ასეთი მწვავე დეფიციტის და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირობებში.

გამოსავალი მხოლოდ იმაშია, რომ დროულად გავამახვილოთ ყურადღება მოსალოდნელ საფრთხეებზე და შევეცადოთ, რომ ცხოვრების წესი გლობალურად შევცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილის, სიღატაკისა და დაუძლეველი კატაკლიზმების წინაშე დაუცველნი აღმოვჩნდებით.

ლიკა ჩხეტიანი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018