ასლან აბაშიძის გარემოცვა ბათუმში 100-ნომრიან სასტუმროს აშენებს

100-ნომრიან სასტუმროს და საცხოვრებელ ბინებს, კაზინოს, საცურაო აუზს და სხვა გასართობი ობიექტების აშენებას ბათუმის ახალი ბულვარის გასწვრივ „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენი“ გეგმავს. ამ კომპანიას k2 კოეფიციენტის გაზრდაზე (სიმაღლეში ზრდა დასაშვებზე მეტად) აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ უშუამდგომლა ბათუმის მერიაში. კომპანიას მშენებლობის ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიისთვის ჯერ არ მიუმართია. კომპანიაში წილებს ფლობს ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის დის შვილი ენვერ ცეცხალაძე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენი“ რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით. კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი და 45 პროცენტის მფლობელი ენვერ ცეცხლაძეა. 33 წლის ენვერ ცეცხლაძე სოსო გოგიტიძის დის შვილია, ის მოსკოვში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობაც აქვს.

კომპანიის კიდევ ერთი დირექტორი და 50 პროცენტის მფლობელი, ასევე რუსეთის მოქალაქე ვინმე მაგომედ ჩაბიევია, ხოლო 5%-ი ეკუთვნის თამარა ჩაბიევას. კომპანია 2017 წლის ივნისში, ბათუმში, რუსთაველის ქუჩის #22-შია რეგისტრირებული.

დოკუმენტებით დგინდება, რომ ენვერ ცეცხლაძე მშენებლობას იწყებს იმ ტერიტორიაზე, რომელიც 2004 წლის მაისამდე აჭარის მაშინდელ უშიშროების მინისტრს, სოსო გოგიტიძეს ეკუთვნოდა.

სოსო გოგიტიძემ საქართველო 2004 წლის 6 მაისს, ანუ აჭარის „ვარდების რევოლუციის“ ღამეს დატოვა, აჭარის მაშინდელ მმართველთან, ასლან აბაშიძესთან ერთად. სოსო გოგიტიძე აბაშიძის ცოლის ძმა და მისი მთავრობის უშიშროების მინისტრი იყო. სოსო გოგიტიძეს მაშინ ჩამოართვეს რამდენიმე ერთეული ქონება, მათ შორის ძვირადღირებული სახლები. ქონება სახელმწიფოს გადაეცა.

თავად სოსო გოგიტიძის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დაიწყო გამოძიება, მათ შორის იყო ადამიანის გატაცება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბება, ტერორიზმი (ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქება, ასევე აფეთქება სასტუმრო „ოაზისთან“, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დასახიჩრდა), თანამდებობის ბოროტად გამოყენება და გაფლანგვა, თენგიზ ასანიძის უკანონო პატიმრობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2016 წელის 15 აგვისტოს სოსო გოგიტიძეს ადამიანის გატაცების ნაწილში 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სხვა დანაშაულებისთვის 15-წლიანი პატიმრობა. სოსო გოგიტიძეს განაჩენი არ გაუსაჩივრებია. ის იძებნება.

სწორედ თავისი ბიძის, სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეულ საკუთრებაში აპირებს 100-ნომრიანი სასტუმროს აშენებას ენვერ ცეცხლაძე – სოსო გოგიტიძის დის შვილი.

ქონება, სადაც ენვერ ცეცხლაძე აპირებს მშენებლობის წამოწყებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მიიღო საკუთრებაში. 2015 წლის 31 დეკემბრის განჩინებით ირკვევა, რომ ბათუმში, ნინოშვილის ქუჩის ბოლოს, ზღვისპირა ზოლში (ტერიტორია დამისამართებული არ არის) სოსო გოგიტიძის კუთვნილი 334 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 2804 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს აქვს საკუთრებაში, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სარგებლობს. თუმცა, ვითარება იცვლება 2017 წლის მარტის შემდეგ, როდესაც იგივე სასამართლოს კიდევ ერთი განჩინებით ჩამორთმეული ქონების მესაკუთრე ხდება სოსო გოგიტიძის დის შვილი ენვერ ცეცხლაძე, ხოლო ქონების მოსარგებლედ რჩება სახელმწიფო.

„ბათუმელებისთვის“ უცნობია, რის საფუძველზე მიაკუთვნა აღნიშნული ქონება ენვერ ცეცხლაძეს ქუთაისი სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს, ან რას ნიშნავს რეესტრის ჩანაწერი: „უსასყიდლო სარგებლობის უფლება მორიგების მე-3 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბერს განჩინება აქვს გამოცემული კიდევ ორ ქონებაზე. ამ განჩინების თანახმად იგივე ტერიტორიაზე 3879 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ხდება ასევე ენვერ ცეცხლაძე.

სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი განჩინების საფუძველზე ენვერ ცეცხლაძეს, ამ მიწების გასწვრივ ასევე  საკუთრებაში დარეგისტრირებული აქვს 1461 კვადრატული მეტრი მიწა.

ენვერ ცეცხლაძის კომპანია – „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენის“ სწორედ ამ მიწის ნაკვეთებზე (ოთხი საკადასტრო კოდი. საერთო ფართობი 8144 კვადრატული მეტრი)  აპირებს 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას.

„ეიჩ გრუპ კონსტრაქშენს“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ k2 კოეფიციენტის გაზრდაზე 2018 წლის 11 იანვარს უშუამდგომლა.

ბათუმის მერის ლაშა კომახიძისთვის მიწერილ წერილში ზურაბ პატარაძე წერს, რომ „პროექტი ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ მაღალი დონის ასნომრიან სასტუმროს და საცხოვრებელ ბინებს, კაზინოს, საცურაო აუზს, ადგილს პარკინგისთვის, კაფეს, რესტორნებსა და სხვა გასართობ ობიექტებს ითვალისწინებს“. ეს, მისივე განმარტებით, „მნიშვნელოვანია უბნის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის“.

ენვერ ცეცხლაძე საქართველოში კიდევ რამდენიმე კომპანიას ფლობს, მათ შორის აქვს კომპანია „იბერია სერვისი“, სადაც პარტნიორად ჰყავს ასლან აბაშიძის რძალი. გიორგი აბაშიძის მეუღლე სალომე ბაჯელიძე ამ კომპანიაში წილების 16,65%-ს ფლობს. „იბერია სერვისში“ სხვა წილები ასე ნაწილდება: ენვერ ცეცხლაძე – 24,45%, გურამ გოგიტიძე – 29.45%, ჯუმბერ გოგიტიძე – 24.45% (ორმაგი მოქალაქეობა) და იშხან ბალასანიანი – 5%, რუსეთის მოქალაქე.

აღნიშნული პირები საქართველოში კიდევ ათობით კომპანიას ფლობენ.

ნეტგაზეთი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018