“ბადაგონში” სკანდალი გრძელდება – “დაქირავებულმა სალაყაიამ ვლადიმერ ჯანჯღავას დაფუძნებული „ბადაგონი“ თაღლითურად მიისაკუთრა”

"ბადაგონში" სკანდალი გრძელდება - "დაქირავებულმა სალაყაიამ ვლადიმერ ჯანჯღავას დაფუძნებული „ბადაგონი“ თაღლითურად მიისაკუთრა"კომპანია „ბადაგონის“ მფლობელის ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი იმედა დვალიძე ამბობს, რომ ბადაგონის დაქირავებულმა მენეჯერმა გიორგი სალაყაიამ კომპანიის ქონება კანონდარღვევით მიითვისა.

– 2003 წლიდან დღემდე კომპანია „ბადაგონის“ რეალურ მესაკუთრეს წარმოადგენს და ინვესტიციებს რეალურად ახორციელებდა მხოლოდ ვლადიმერ ჯანჯღავა. უზნეობაა, როცა გიორგი სალაყაია აცხადებს, რომ თითქოს ვლადიმერ ჯანჯღავას წილი არ ეკუთვნის „ბადაგონში“. სალაყაიამ ყველაზე კარგად იცის, რომ ვლადიმერ ჯანჯღავა არა მხოლოდ მფლობელი იყო, არამედ სწორედ მან განახორციელა 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ქარხანაში, სწორედ ჯანჯღავას ჩადებული ინვესტიციის წყალობით გახდა კომპანია ბადაგონი ცნობადი, მაღალტექნოლოგიური და განვითარებული კომპანია,-განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სალაყაიამ ჯანჯღავას ნდობით ისარგებლა და შესთავაზა მას წილი საკუთარ თავზე გაეფორმებინა.

– გიორგი სალაყაია ამ კომპანიაში მხოლოდ დაქირავებული მენეჯერი იყო. სალაყაიამ ისარგებლა ვლადიმერ ჯანჯღავას ნდობით და შესთავაზა მას წილის საკუთარ თავზე გაფორმება, კომპანიის მართვის გამარტივების მიზნით. სწორედ ამ გზით მიითვისა გიორგი სალაყაიამ როგორც საწარმო, ასევე საწარმოში განხორციელებული ინვესტიციები, – აცხადებს იმედა დვალიძე.

მისი თქმით, უზნეობაა, როცა დაქირავებული დირექტორი ინვესტორზე ამბობს, რომ ის არის საეჭვო რეპუტაციის, არასანდო პიროვნება, მაშინ როცა წლების განმავლობაში სწორედ ამ ადამიანისგან იღებდა თანხებს.

– საინტერესოა, მაშინ არ იცოდა ჯანჯღავას საეჭვო რეპუტაციის თაობაზე, როცა მას საკუთარი შვილი მოანათვლინა?! – აცხადებს ადვოკტი.

„ბადაგონის“ ერთდერთი ინვესტორი „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედია“. ის დაფუძნებულია ვლადიმერ ჯანჯღავას მიერ და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს მას, როგორც „გრაკოროს“ აქციონერს წარმოადგენდა მისი მეუღლე, მოგვიანებით კი სიმამრი, გრაკოროსგან ბადაგონში მიმართული ფინანსების ერთადერთი წყარო სწორედ ვლადიმერ ჯანჯღავა გახლდათ.

– ვლადიმერ ჯანჯღავა აპირებს ბოლომდე იბრძოლოს გრაკოროს მეშვეობით მის მიერ ბადაგოში განხორციელებული ინვესტიციების დასაცავად. სალაყაია ფუჭად ცდილობს შეთქმულების თეორიების შეთხზვას, სახელმწიფოს დაშანტაჟებას. მას პასუხი აქვს გასაცემი ერთადერთ კითხვაზე – რატომ მიითვისა მან, როგორც საწარმოს დაქირავებულმა მენეჯერმა ჯანჯღავას მიერ ბადაგონში განხორციელებული ინვესტიციები? ამ კითხვაზე პასუხი მან სწორედ საგამოძიებო სამსახურს უნდა გასცეს! – განაცხადა იმედა დვალიძემ.

კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 7 თებერვალს შევიდა. ამის მიზეზი „გრაკორო თრეიდინგ ლიმითედის“ საჩივარი გახდა, რომლის მიხედვითაც კომპანიის დაქირავებულმა დირექტორმა „ბადაგონის“ ერთადერთი ინვესტორის და 100%-იანი წილის მფლობელის ვლადიმერ ჯანჯღავას ქონება მიისაკუთრა.

სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ინვესტორი და მის მიერ განხორციელებული ინვესტიციები, როცა მათ მითვისებას გადაწყვეტს დაქირავებული მენეჯერი.

პირველი