“კალაძე გაუბედავს ბერა ივანიშვილის მეგობარ ფარცხალაძეს რამეს?”- რა რეაგირება მოჰყვება აუდიტის დასკვნას

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის უკონკურენტო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ფარცხალაძესთან დაკავშირებით საქმე საგამოძიებო უწყებებამდე მივიდეს.

– იმის გათვალისწინებით, რომ ჩვემ ვიცით, ვინ არის ფარცხალაძე, რომელიც გახლავთ პრინცის, ბერა ივანიშვილის, მეგობარი. ძალაინ მეეჭვება, რომ იმ პროკურატურამ, რომელიც ფარცხალაძის კადრებით არის დაკომპლექტებული, ბერა ივანიშვილს გაუწიოს წინააღმდეგობა და ფარცხალაძის წინააღმდეგ აღძრას საქმე. მათაც მინდა შევახსენო, რომ მუდმივი არაფერია და ფარცხალაძესაც მოუწევს პასუხისმგებლობა და ნარმანიასაც, რომელმაც აბსოლუტურად კანონდარღვევით მიიღო გადაწყვეტილება ფარცხალაძესთან დაკავშირებით, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლელა დათუკიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გოკა გაბაშვილი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმ სკანდალისა, რომელიც ამ დაკვნას უძღოდა წინ, აუდიტის სამსახურმა დასკვნა მაინც გამოაქვეყნა.

– ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახურმა ეს გამოაქვეყნა, იმიტომ რომ გვახსოვს, აუდიტის სამსახურის წინა უფროსს ფარცხალაძე ფიზიკურად დაესხა თავს იმის გამო, რომ ეს დასკვნა არ გამოქვეყნებულიყო. აქ პირდაპირ ჩანს, რომ თბილისის მერიამ ფარცხალაძეს ჩაუწყო პირობები, რომ მას ფინანსურად ეხეირა. ეს არის აუდიტის დასკვნაში შავით თეთრზე. მიუხედავად იმისა, რომ ფარცხალაძე თავს დაესხა წინა აუდიტორს, ეს უკვე მაინც ოფიციალური დოკუმენტია. ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

თბილისის მერობის ყოფილი დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის თქმით, კალაძე ფარცხალაძის წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავს, რადგან ყოფილი პროკურორი ბერა ივანიშვილის მეგობარია.

– არანაირი გამოძიება არ დაიწყება, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული იმიტომ, რომ საქმე ეხება ფარცხალაძეს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ტენდერებს. ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ნარმანიასაც, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც ყველას გაამწკრივებდნენ პროკურატურის მეშვეობით ციხეში, ამის გამოც და სხვა რამეების გამოც. ჩვენთან რა მოხდება, დასკვნა გამოქვეყნდა, ამოვიოხრებთ, ვიტყვით: სად ვცხოვრობთ?! და ისინი კი მშვიდად და უშფოთველად გააგრძელებენ ცხოვრებას, როგორც კორუფციის მფარველი ნარმანია, ასევე ბოტასების ქურდი და აგერ უკვე ჩვენი მიწების მიმთვისებელი ფარცხალაძე. გამორიცხულია, კალაძე წავიდეს ფარცხალაძის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ფარცხალაძე არის ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარი და კალაძე გაუბედავს ბერა ივანიშვილის მეგობარს რამეს? – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018