კვირიკაშვილი მატისს შეხვდა – აშშ განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
პრემიერმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს ძალიან მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გასული წელი, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულად წარმატებული იყო.
მხარეებმა განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ადამიანის უფლებების კუთხით იქ არსებული მძიმე მდგომარეობა. აღინიშნა საქართველოს ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ძირითად საკითხებზე შედეგების მაქსიმალურად მიღწევის მნიშვნელობა.
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისთვის გაწეული ფასდაუდებელი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პირადი და ამერიკის მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში მსგავსი დონის თანამშრომლობის მიღწევის პროცესში.
ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე – საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში და სამხედრო შეიარაღების მიმართულებით თანამშრომლობაზე.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ნატოს მომავალ სამიტზე. აღინიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია, საქართველოს ნატოში წევრობასთან დაკავშირებით, ურყევია და ამერიკა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს და ქართველი სამხედროების როლს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაში და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანია, როგორც აშშ-სთვის, ისე – გლობალური უსაფრთხოებისთვის.

შეხვედრისას, ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში განხორციელებული წარმატებული ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ხელს უწყობს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ქვეყანას აძლიერებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ფლორიდის შტატის სკოლაში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018