ლაშა ჩხარტიშვილი – “საქართველოში ჰაერი კლავს”

რა საფრთხეებს უქმნის საქართველოს მოსახლეობას და ბუნებას დიდი ჰესები, რა იწვევს საქართველოში ჰაერის დაბინძურებას, დგას თუ საქართველო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე? – ამის შესახებ “ახალ თაობას” უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება.
– ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფიზიკურ პირებს სუნელების გაყიდვა აეკრძალა. ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, მოსახლეობის ნაწილს არ სჯერა, რომ მთავრობა ამას მათზე ზრუნვის გამო აკეთებს. თქვენ რას ფიქრობთ?
– ხელისუფლება რომ მართლა ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავდეს, ამას მხოლოდ მივესალმებოდი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მცირე მეწარმეებზე შეტევა უფროა, ვიდრე ხალხზე ზრუნვა. არც ის არგუმენტი გამოდგება, რომ სუნელების ხარისხზე კონტროლი დაწესდება. ჩვენ ვიცით უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი, სადაც დამზადებული საჭმელით არაერთი ადამიანი მოიწამლა.
აქედან გამომდინარე მხოლოდ წვრილ მეწარმეებზე აქცენტის გაკეთება არასწორია. არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც ტყვიით იყოს დაბინძურებული ის ნედლეული, რითაც სუნელები მზადდება. ხელისუფლება სუნელების მავნე მინარევებისგან დაცვაზე აპელირებს, მაგრამ ამის ნაკლებად მჯერა.
ხელისუფლება თუ მართლა ზრუნავს ხალხზე, მაშინ სურსათის უვნებლობასთან მიმართებაში კონტროლის ხარისხი უნდა გაამკაცროს, მაგრამ ეს კონტროლი მარტო წვრილი მეწარმეების და ფერმერების მიმართ არ უნდა ხორციელდებოდეს. საჭიროა თანაბარი მიდგომა.
თავად მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაცილებით სერიოზულ ღონისძიებებს მოითხოვს და ეს მრავალი მიმართულებით უნდა განხორციელდეს – ნიადაგით დაწყებული, წყლით და ჰაერით დამთავრებული.
– ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მანქანების ტექნიკური დათვალიერება იგეგმებოდა. ამის გაკეთება გადაიდო.
– მანქანების ტექნიკური დათვალიერება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ საქართველოში საშინლად დაბინძურებულია ჰაერი. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენთან არის მკვლელი ჰაერი. შემიძლია გავიხსენო საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშიც, რომლის თანახმადაც, ჰაერის დაბინძურების მხრივ საქართველო მსოფლიოში პირველ სამეულშია.
ჰაერის მთავარი დამბინძურებელი არის ტრანსპორტი, აქედან გამომდინარე ტექნიკური დათვალიერება აუცილებელია. თუმცა მისი გადადების ახსნაც შეიძლება. მხოლოდ გადადება სოციალური კუთხით მძღოლებისთვის ვერ იქნება შემარბილებელი გარემოება.
სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს და ამ პროცესის დასაწყებად კონკრეტული ხარჯი გაიღოს. უარი თქვან თავიანთი მანქანების განახლებაზე და მოსახლეობას, რომელსაც უჭირს, დაეხმაროს, რომ თავიანთი მანქანების ხარისხი გააუმჯობესონ.
ტექდათვალიერებაში ზედმეტად რბილი მოთხოვნებია ჩადებული. ხელისუფლებას საზოგადოების შეეშინდა და სამართლიანადაც. მარტო ხალხის ხარჯზე შეუძლებელია, ერთბაშად მოეთხოვათ ტრანსპორტის სრულფასოვანი აღჭურვა. ეს ბიუჯეტის დახმარებით უნდა გაკეთდეს, რომელიც მთავრობას საკუთარ ფულად მიაჩნიათ.
ტექდათვალიერება ეკოლოგიის გაუმჯობესების თვალსაზრისით დიდ შედეგს ვერ მოიტანს. შედეგისთვის ხელისუფლებამ თანხა უნდა გამოყოს, რის გაკეთებასაც ის არ აპირებს.
– ამ ჰაერს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხომ სუნთქავენ? რატომ არ უნდა უნდოდეთ ამ პრობლემის მოგვარება?
– თავად ჰგონიათ, რომ ბევრი ფული აქვთ და იმკურნალებენ. მათ ძვირადღირებული საშუალებების შეძენა შეუძლიათ, მაგრამ ამ დაბინძურებულ ჰაერში სრულად არც მათ ჯანმრთელობას დაიცავს. არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის გადალახვა თუ მოხდა, ყველანაირი ფული უძლურია. ამ ეტაპზე ისინი ამაზე არ ფიქრობენ, იციან, რომ ხალხის ხარჯზე ძვირადღირებული მკურნალობის კურსს ჩაიტარებენ.
ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს. მაგრამ ფული იმის გარანტია არ არის, რომ ისინი სიმსივნეს გადაურჩებიან, რომლის მთავარ გამომწვევადაც საქართველოში ჰაერი ითვლება.
გარემოს დაბინძურებაზე ვსაუბრობთ და აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის საწარმოები, სადაც კატასტროფული ვითარებაა. ეს არის კაზრეთი, ჭიათურა, ზესტაფონი, ტყიბული. ადგილები, სადაც ეს საწარმოებია განთავსებული, თავისუფლად შეიძლება გამოვაცხადოთ ეკოლოგიური კატასტროფის ზონად.
საქართველოში გვაქვს ასეთი მოცემულობა – ადამიანები ოქროზე და შავ ოქროზე ცხოვრობენ. წესით და რიგით, ისინი კარგად უნდა ცხოვრობდნენ. რეალობა კი სულ სხვაა – ეს ადამიანები უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობენ. მათ კაპიკებზე მუშაობა და სიკვდილთან შეგუება უწევთ. სიკვდილი ყველასთან მივა. მაგრამ აქ ნაადრევი სიკვდილიანობის რისკი გაცილებით მაღალია.
ეს საწარმოები იყენებენ მოძველებულ, წინა საუკუნის ტექნოლოგიებს, რაც კატასტროფის ტოლფასია.
– სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება ამის კონტროლი?
– ამ მიმართულებით კონტროლი ნულის ტოლია. ხელისუფლებას ურჩევნია, მსხვილ კომპანიებს წილებზე ევაჭროს. კაზრეთი ისედაც ამათ ხელშია. დღეის მდგომარეობით, ეს საწარმო ივანიშვილის თანამონაწილეობით არსებობს. ნაციონალების დროს სააკაშვილი იჯდა წილში.
საუბრის ცალკე თემაა, ვისი წილი ვისაშია, მაგრამ აქ უფრო მთავარი ისაა, რომ მოსახლეობა სერიოზული საფრთხის წინაშეა. მათ კაპიკებს უხდიან და თან ფაქტიურად სასიკვდილოდ იმეტებენ.
ძალიან სერიოზულ პრობლემებს მოიტანს ჰესები, ამაზე არაერთი დასკვნა დაიწერა, მაგრამ ქვეყანაში გაქანებული ჰესომანიაა. ხელისუფლება გეგმავს საქართველოს მთიანეთზე მორიგი შეტევის მიტანას.
– შეტევაში რას გულისხმობთ?
– საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მათ მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებიდან ნენსკრა-ჰესის ასაშენებლად კრედიტი მიიღეს. კრედიტის დამტკიცება არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროექტი განხორციელდება. ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი აცნობიერებს, თუ რა პრობლემებს მოიტანს ამ ჰესის აშენება. იმისთვის, რომ ვიღაცებმა ჯიბეები გაისქელონ, ჩვენი ბუნება არ უნდა განადგურდეს.
საქართველოს ბუნება მართლა განადგურების პირასაა – ხელისუფლება 150 ჰესის აშენებას აპირებს. ამ ჰესების პროექტები ენერგეტიკის სამინისტროს საიტზე იყო გამოქვეყნებული.
– სად უნდა ააშენონ ამდენი ჰესი?
– სადაც კი საშუალო მდინარე ნახეს, ყველგან ჰესის ჩადგმას აპირებენ. 150 ჰესიდან 128 დიდი ჰესი უნდა იყოს. ეს ყოველივე საქართველოსთვის არაფრის მომტანი არ არის. ელექტროენერგია ძვირდება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
ამ ჰესების სიმრავლით ელექტროენერგია რომც იაფდებოდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოძველებული ტექნოლოგიები გამოვიყენოთ ბუნების გასანადგურებლად. ელექტრონერგია თუ უნდათ, შეუძლიათ, ძველი ჰესები შეაკეთონ, გამოიყენონ ქარის და მზის ენერგია.
ევროპაში ბოლოს დიდი ჰესი 1977 წელს აშენდა. საქართველოში კი ახლა აპირებენ 128 დიდი ჰესის აშენებას. არადა ხელისუფლებაში მოსვლამდე “ქართულ ოცნებას” საარჩევნო პროგრამაში შავით თეთრზე ეწერა, არა დიდ ჰესებსო. მოვიდნენ თუ არა, ჰესების მშენებლობა დაიწყეს. ამით სერიოზულ ფულს შოულობენ კალაძე და ივანიშვილი.
– ეს ჰესები რამდენად ხარისხიანად აშენდება? დარიალის ხეობაში ამათ მიერ აშენებული ერთი ჰესი სამჯერ წაიღო წყალმა.
– არც კი მინდა წარმოდგენა, რა მოხდება, ამათ რომ ყველა ჰესი ააშენონ. ქვეყანა განადგურდება.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018