ჯელალ ქიქავა – “აჭარაში ნაციონალები “ოცნებას” ეკაიფებიან”

რა ხდება აჭარაში, ბრუნდება თუ არა ასლან აბაშიძე? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ორგანიზაცია “სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპები 21-ე საუკუნეს“ ხელმძღვანელი, ჯელალ ქიქავა ესაუბრება.
– გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის საკრებულომ კენჭი უყარა 6 მაისის სახელობის სკვერისთვის სახელის გადარქმევას. ამბობენ, რომ მას ასლან აბაშიძის სახელი უნდა მიანიჭონ. მართალია ეს ინფორმაცია?
– ინფორმაცია 6 მაისის სკვერისთვის ასლან აბაშიძის სახელის მინიჭების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, სკვერისთვის სახელის გადარქმევის საკითხი საკრებულოს დღის წესრიგში მართლაც დადგა,
– ვინ დააყენა დღის წესრიგში ეს საკითხი?
– ვინ და ნაციონალებმა.
– ხუმრობთ, ბატონო ჯელალ?
– როგორ გეკადრებათ, ზედმეტად სერიოზულიც კი ვარ.
– ნაციონალებს რატომ უნდა დაეყენებინათ ეს საკითხი?
– ბათუმის საკრებულოს სხდომაზე 6 მაისის სახელობის სკვერზე მიდიოდა საუბარი. ნაციონალების ფრაქცია გამოვიდა წინადადებით, ბარეღამ დავარქვათ ამ სკვერს ასლან აბაშიძის სახელიო. სხვათა შორის, “ოცნებამ” ამ ინიციატივას კენჭი უყარა.
ბათუმში არც სკვერს და არც პარკს ასლან აბაშიძის სახელს არავინ დაარქმევს და ეს საკითხი ჩავარდა.
– თუ იცოდნენ, რომ ეს საკითხი ჩავარდებოდა, რატომ დააყენეს კენჭისყრაზე?
– იმიტომ რომ უნიჭოები და უტვინოები არიან. იმასაც კი ვერ მიხვდნენ, ნაციონალები რომ წაეკაიფნენ.
– რას ნიშნავს წაეკაიფნენ?
– იმას, რომ წაეკაიფნენ. “იმენა” ეკაიფებიან ნაციონალები “ოცნებას”. 5 კაცი ეკაიფება 20 კაცს. ტიპებმა იღადავეს, ბაღს ასლან აბაშიძის სახელი დავარქვათო და ამათ კენჭისყრაზე დააყენეს ეს საკითხი. ხოხმაა, რა!
– ამბობენ, ასლან აბაშიძე აჭარაში გავლენებს იბრუნებსო. ამაზე რას გვეტყვით?
– არაა მართალი. 80 წლის კაცმა რაის პოზიციები უნდა დაიბრუნოს. ესეც მოგონილი ამბავია.
– ესეც ნაციონალებმა მოიგონეს?
– მთლად მასეც არ არის. ეს ინფორმაცია ჩვენ გავაღვივეთ და შევაგდეთ ხალხში.
– რა მიზანს ემსახურებოდა ამ ინფორმაციის გაღვივება?
– “ოცნებამ” საკრებულოსა და მერიაში აბაშიძის ხალხი დაასაქმა. ამიტომ გავავრცელეთ ეს ინფორმაცია. თორემ რაის დამბრუნებელია ასლანი? ბებერი კაცია და აჭარა აღარც აინტერესებს. მისთვის მთავარია, აქ ნაშოვნი ფული ჭამოს მშვიდად.
– იმის ალბათობა თუ არის, რომ აბაშიძე ბათუმში დაბრუნდეს?
– ამასაც გამოვრიცხავ, მაგრამ თუ ჩამოვა, არც ეგ მგონია პრობლემა.
– პირადად თქვენ როგორ შეხვდებით მის დაბრუნებას? გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული სულ მის წინააღმდეგ იბრძვით.
– მის დაბრუნებას ძალიან ცუდად შევხვდები. თავის დროზე მაგის დავალებით მოხდა ჩემს სახლზე თავდასხმა. სადაც ჩემი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ამაზე აუცილებლად გავცემ პასუხს.
დაბრუნების შემთხვევაში ვერაფერს იზამს. თქვენ რა გგონიათ, 2004 წლამდე შვრებოდა რამეს? მას პოზიციებს ბათუმში არსებული რუსული სამხედრო ბაზა უმაგრებდა. ისიც ზღაპარია, რომ აბაშიძემ არ შემოუშვა მხედრიონი. მხედრიონი არ შემოუშვა რუსულმა ჯარმა. ჩოლოქი გადაკეტილი ჰქონდა იმგენს. მათვე შექმნეს მითი აბაშიძეზე – ასლან დაუმარცხებელი. ეგ ყოველთვის პარიკმახერების უფროსი იყო და ბოლომდე პარიკმახერების უფროსად დარჩა.
– პარიკმახერების უფროსობის კვალობაზე ძალიან დიდი ქონება დააგროვა ამ კაცმა.
– ფული მართლა იშოვა, მაგრამ არც ფულია დიდი რამე. იმდენი მდიდარი კაცის ქელეხში ვარ ნამყოფი, სათვალავი ამერია.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018