ამირან ბუთურიშვილი – ”არდავიწყება მოყვრისა – ბადრი პატარკაციშვილი”

ამირან ბუთურიშვილი - ”არდავიწყება მოყვრისა - ბადრი პატარკაციშვილი”ცოტა ხნის წინ ამირან ბუთურიშვილმა ბადრი პატარკაციშვილს ფეისბუუქზე ასეთი პოსტი მიუძღვნა:

არდავიწყება მოყვრისა – ბადრი პატარკაციშვილი (1955-2008)

10 წლის წინათ, 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონში, თავის რეზიდენციაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ბადრი პატარკაციშვილი – ქართველი ბიზნესმენი, ჰოლდინგის სს “ი-მედიას” დამფუძნებელი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. პატარკაციშვილი 52 წლის იყო.

ბადრი პატარკაციშვილი დაიბადა თბილისში. მშობლები: ნათელა და შალვა პატარკაციშვილები. მეუღლე – ინა გუდავაძე. შვილეები: ლიანა (დაბადებული 1980 წ.) და ია (დაბადებული 1983 წ.). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. იყო თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატ “საბჭოთა საქართველოს” თანამშრომელი, შემდეგში ამავე კომბინატის დირექტორის მოადგილე. 1990 წელს იყო “ლოგოვაზის” კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის დირექტორი, 1992-93 წლებში გენერალური დირექტორის მოადგილე და პირველი მოადგილე 1994 წელს. ასოციაცია “როსიისკიე ავტომობილნიე დილერის” ვიცე-პრეზიდენტი (1994-95). იყო რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის (ОРТ) გენერალური დირექტორის მოადგილე და 1996-2001 წლებში გაერთიანებული ბანკის (რუსეთი) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2001 წელს რუსული ტელეკომპანია ТВ-6-ის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2001 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში. იყო ჰოლდინგ სს “ი-მედიას” დამფუძნებელი და ინვესტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი. საქართველოს ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი და 2002-2007 წლებში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. “ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის” დამფუძნებელი.