„ბათუმი თაუერს“ მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა

„ბათუმი თაუერს“ მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრასაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „ბათუმი თაუერის“ მიერ შეჩერებულ მშენებლობას გამოეხმაურა. უწყებაში დაადასტურებს, რომ კომპანიას პირგასამტეხლოს სახით ერთი მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში მდებარე „ბათუმი თაუერი” 25 004 626 დოლარად ელექტრონულ აუქციონზე 2015 წლის მარტში გაყიდა. ქონება დეველოპერულმა კომპანია შპს „ბათუმი თაუერმა“  შეიძინა და აიღო ვალდებულება, ობიექტზე აეშენებინა არანაკლებ 4 ვარსკვლავიანი, 100 ნომრიანი სასტუმრო. ამასთან, უნდა განეხორციელებინა 15 000 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია. აუქციონის პირობების მიხედვით, ობიექტის საპრივატიზებო ღირებულება, კომპანიას ხელშეკრულების დადებიდან 18 თვის  განმავლობაში  უნდა გადაეხადა.

კომპანიამ საპრივატიზებო ღირებულება – 25 004 626 აშშ დოლარი გადაიხადა სრულად, თუმცა ვადის დარღვევით, რის გამოც „ბათუმი თაუერს“ დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო 1 051 999.5 აშშ დოლარის ოდენობით და მის გადასახდელად განესაზღვრა 2018 წლის 1 სექტემბერი.

“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა შპს „ბათუმი თაუერმა“ არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და სააგენტომ არ იმოქმედა კანონით გათვალისწინებული ნორმით არ შეესაბამება სიმართლეს“- ამბობენ სააგენტოში.