“გვაქვს დასაბუთებული პასუხი რაშიც არ ვეთანხმებით”- კალაძე აუდიტის დასკვნაზე

"გვაქვს დასაბუთებული პასუხი რაშიც არ ვეთანხმებით"- კალაძე აუდიტის დასკვნაზესახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას თბილისის მერი დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა. კალაძეს კონკრეტულად არ უსაუბრია იმ დარღვევებზე რომელიც აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლებში დედაქალაქის გამწვანების პროგრამაში აღმოაჩინა, თუმცა გაანცხადა, რომ მერია ამ ეტაპზე გამწვანების კუთხით სწორ პოლიტიკას ატარებს:

„ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მერია ამჟამად მიდის სწორი მიმართულებით და რეფორმები, რომელიც ეკოლოგიის და გამწვანების მიმართულებით წამოვიწყეთ, არის სწორი. ჩვენი ერთერთი პრიორიტეტია, ეფექტიანად დაიგეგმოს და განხორციელდეს გამწვანების ღონისძიებები და მიზნობრივად დაიხარჯოს თითოეული თეთრი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა კონკრეტულად ამ მიმართულებით. უკვე გასულ კვირას ჩვენ მერიის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ იმ ხეთა სახეობები, რომლითაც გალამაზდება ჩვენი დედაქალაქი. მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას და ექსპერტებს ვინც მუშაობდა ჩვენთან ერთად. ეს გადაწყვეტილება აღარავის მისცემს ლავირების საშუალებას და გამწვანება ღონისძიებების საკუთარ გემოვნებასა და ინტერესებზე მორგების შესაძლებლობას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ გამწვანება საკმაოდ რთული სპეციფიური მიმართულებაა და მისი ღონისძიებები მხოლოდ დარგვით არ შემოიფარგლება, თითოეულ ნარგავს სჭირდება მოვლა-პატრონობა, რათა შედეგი იყოს რეალურად გამწვანებული გარემო, ჩვენ უკვე განვახორციელეთ მთელი რიგი სამართლებრივი და ინსტიტუციური ცვლილებები, დღეს დედაქალაქის საკრებულო ამტკიცებს შესაბამის აქტებს, გუშინ კი მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობამაც შეიტანა შესაბამისი ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და მთლიანად მთავრობას.

ეს ყცველაფერი კომპლექსურად დაარეგულირებს თბილისში ნებისმიერი ტიპის მწვანე ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხს და შესაძლებლობას მოგვცემს ქალაქის სამომავლო გამწვანება იყოს ეფექტიანი და გავლენა მოახდინოს დედაქალაქის ეკოლოგიაზე.”- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის საკითხში აუდიტის სამსახურის შენიშვნების ნაწილს თბილისის მერიის უძრავი ქონების მართვის სააგენტო ეთანხმება და მზადაა მომავალში პრაქტიკაში გაითვალისწინოს შენიშვნები. ამასთან კალაძის თქმით დედაქალაქის მთავრობას აქვს დასაბუთებული პასუხები იმ საკითხებზე, რაშიც აუდიტის სამსახურს არ ეთანხმება და მზადაა შესაბამის ორგანოებთან ითანამშრომლოს:

“რაც შეეხება უძრავი ქონების ნაწილს, თბილისის მერიის უძრავი ქონების მართვის სააგენტო ეთანხმება შენიშვნების ნაწილს და მზადაა მომავალში პრაქტიკაში გაითვალისწინოს შენიშვნები და გამოასწოროს. ასევე ჩვენ გვაქვს დასაბუთებული პასუხი, რაშიც არ ვეთანხმებით და მზად ვართ ვითანამშრომლოთ შესაბამის ორგანოებთან.“- განაცხადა კახა კალაძემ

ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე, კალაძეს არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ გამწვანების პროგრამაში და უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის პროცესში დარღვევები გამოავლინა, აუდიტის სამსახურმა დასკვნა დღეს გამოაქვეყნა.