გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა პროცენტიანი სესხებიდან 665.000 ლარი მიიღო

გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა პროცენტიანი სესხებიდან 665.000 ლარი მიიღოპარლამენტში გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა გაპროცენტებული სესხებიდან 2017 წლის განმავლობაში 571.805 ლარისა და 30.905 ევროს ოდენობით შემოსავალი მიიღო. ოფიციალურად დეკლარირებული ინფორმაციით, მან 2015-2016 წლებში პროცენტით გაასესხა 201.300 აშშ დოლარი და 641.890 ევრო.  

დავით სონღულაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრად „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარდგენით, გურჯაანის №24 მაჟორიტარული ოლქიდან იქნა არჩეული. პარლამენტში იგი ორი კომიტეტის წევრია. გაერთიანებულია ფრაქციაში „ქართული ოცნება“.

ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დავით სონღულაშვილმა უცხოურ ვალუტაში დაბალი პროცენტით ისესხა სოლიდური თანხა, ხოლო შემდეგ მაღალი პროცენტით მოახდინა ამ თანხის გასესხება.

კერძოდ, 2015 წლის 17 დეკემბერს მან „საქართველოს ბანკიდან“ 7 წლის ვადით აიღო 200.000 აშშ დოლარის სესხი, ხოლო 2016 წლის 6 ივნისს იმავე ბანკიდან 10 წლის ვადით ისესხა 678.200 ევრო.

2015-2016 წლებში, დავით სონღულაშვილმა ზეპირი ფორმით დადო 4 სესხის ხელშეკრულება, რითაც კერძო პირებზე სესხად გასცა 201.300 აშშ დოლარი და 641.890 ევრო. კერძოდ:

  • 2015 წლის 18 დეკემბერს გაასესხა 145.000 აშშ დოლარი, საიდანაც 2017 წელს მიიღო 256.435 ლარის ოდენობით შემოსავალი;
  • 2016 წლის 2 თებერვალს – 56 300 აშშ დოლარი, საიდანაც 2017 წელს მიიღო 113.845 ლარი;
  • 2016 წლის 8 ივნისს – 611 890 ევრო, საიდანაც 2017 წელს მიიღო 201/524 ლარი;
  • 2016 წლის 25 ოქტომბერს – 30 000 ევრო, საიდანაც 2017 წელს მიიღო 30/905 ევრო.

„რეგინფო“ წერდა, რომ დავით სონღულაშვილმა იმავე სესხის ხელშეკრულებებიდან 2016 წელს 42.276 აშშ დოლარისა და თითქმის 80.000 ევროს ოდენობით სარგებელი მიიღო.

რეგინფო