“დედამისს  დაავიწყდა მისი სიკვდილი, გადაწყვიტა, რომ სამსახურში აგვიანდება” – შვილის დაღუპვამ ქალი ჭკუიდან შეშალა

“დედამისს  დაავიწყდა მისი სიკვდილი, გადაწყვიტა, რომ სამსახურში აგვიანდება” - შვილის დაღუპვამ ქალი ჭკუიდან შეშალა9 თებერვალს, თბილისში მშენებლობაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მუშა ემსხვერპლა. 26 წლის ბიჭი კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
– ჩვენი მუშა იყო. მშენებლობაზე შიდა სამუშაოებს ასრულებდა. აივანზე გავიდა და იქედან გადავარდა. ზოგადად, უსაფრთხოების ზომები დაცულია, – განაცხადა უბედური შემთხვევის შემდეგ ერთ-ერთმა მუშამ.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა 26 წლის ჯარჯი ჯანჯალაშვილია. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც ცნობილია, ამავე მშენებლობაზე დარაჯად მუშაობდა გარდაცვლილის მამაც.
ჟურნალისტები, რომლებიც უბედური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, მძიმე სურათის მოწმე გახდნენ.

ერთ-ერთი ნინო თარხნიშვილი იყო, რომელმაც ნანახის შემდეგ “ფეისბუქზე” ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
“მუშის სიკვდილი, დედას რომ დაავიწყდა – ზახარ, კაცო, რატო მიკვნესის გული ასე უცნაურად, ჰა?

ზის ყვითელ ლენტებში გახლართული ქალი, რომელიც ჯერ კიდევ ნახევარი საათის წინ ღრიალებდა, მუხლებზე ხელებს იშენდა, თმას იგლეჯდა. ახლა კი ზის და ცალყბა ღიმილით, გაკვირვებული ეკითხება ზახარას, – კაცო, გული რატომ მიკვნესის, ასე უცნაურად, ჰა?..
ზახარა ქალის მეზობელია. ქალი მუშის დედა, ცოტა ხნის წინ რომ გადმოვარდა მეხუთე სართულიდან და მოკვდა. ზახარაც აქ მუშაობს. მშენებლობის დარაჯია. კუბოკრული პერანგის საყელო ნემსის წვერზე აქვს აგებული, მაგრამ ამ ნემსსა და ძაფს სასწაულების ჩადენა ხომ არ შეუძლია, არა?
ზახარამ კი იცის, რატომ უკვნესის ქალს გული, იქ იყო ბიჭი რომ გადმოვარდა, მაგრამ ზახარას არ აქვს კითხვაზე პასუხი, რატომ უკვნესის ქალს გული.
ზის ქალი სკამზე, ადგას თავზე თავზარდაცემული ზახარა და ვერ ხვდება, რა დაემართა მუშის დედას, ნახევარი საათის წინ თმას რომ იგლეჯდა და ახლა აღარც სახელი ახსოვს, აღარც გვარი, ვერც იმას ხვდება ეს ყვითელი ლენტი რატომ აქვს შემოხვეული და საერთოდ, სამსახურიდან ურეკავენ და გასაქცევია…
– ზახარ, ტელეფონი მირეკავს, სამსახურიდან არიან, მიდი, უთხარი, ცოტა შეაგვიანდება, მარა აუცილებლად მოვაო.
– ზახარ და აქ რატომ ვზივარ?
– ზახარ, ჩემი სახლი აქეთ არის თუ იქით?
– ზახარ, მოდი კაცო, მოიხედე, რას უნდა გავყვე სამსახურამდე?..
ლურჯ პოლიეთილენში გახვეულ მუშას მტვრიანი ჯინსების ტოტები და კედები მოუჩანს.
დედამისს კი, ოც ნაბიჯში რომ ზის, დაავიწყდა მისი სიკვდილი. აი ასე, ადგა და დაავიწყდა. ერთ წამში. და გადაწყვიტა, რომ სამსახურში აგვიანდება…
არ ყოფილა ადვილი იმის ყურება, როგორ შეშალა ჭკუიდან შვილის სიკვდილმა ქალი…
მერე დავბრუნდით სამსახურში. კაი კადრები მოვიტანეთ. ოპერატორმა კარგად იმუშავა. ხმებსაც არაუშავს. მივჭერ-მოვჭერით, ტიტრები დავადეთ, რომ 9 თებერვალს, მშენებარე სახლის მეხუთე სართულიდან, გადმოვარდა 25 წლის მუშა და დაიღუპა. დარჩა ცოლი და მცირეწლოვანი შვილი. სტატისტიკის მიხედვით, 2017-ში მშენებლობებზე 43 მუშა მოკვდა. 2018 – ში, ეს უკვე მეორეა. რომ ქვეყანაში არ არსებობს შრომის უსაფრთხოების კანონი და რომ მის მიღებას პარლამენტი აჭიანურებს……
– აი, ესაა ჩემი საქმე. ხანდახან მოვყვე სიკვდილებზე მშრალი ციფრებით. და არაფერი ვთქვა დედაზე, შვილის სიკვდილი რომ დაავიწყდა. პ.ს. ჟურნალისტებს ხო გვჩვევია წინდაუკან სირბილი, გაიწი-გამატარე, ყაყანი… დღეს კი იდგა ყველა გაოგნებული, ჩუმად და თავზარდაცემული, – წერს თარხნიშვილი.