დემურ გიორხელიძე – “საპენსიო რეფორმა შედეგს მოიტანს, თუ ის სწორად გატარდება”

დემურ გიორხელიძე - "საპენსიო რეფორმა შედეგს მოიტანს, თუ ის სწორად გატარდება"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პასუხობს.
– ბატონო დემურ, დაგროვებითი საპენსიო სისტემა ახალი დავის საგნად იქცა ჩვენს საზოგადოებაში. კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული, მას ეჭვის თვალით უყურებენ ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. რას იტყვით თქვენ? რამდენად წარმატებული იქნება ეს რეფორმა?
– ამ კუთხით რეფორმა რომ გასატარებელია, ეს სადაო არ არის. ეს ყველაფერი პირველ რიგში კეთდება დღევანდელი ახალგაზრდებისთვის, რომ მათ დაახლოებით 3-4 ათეული წელი მაინც ჰქონდეთ წინ იმისთვის, რომ გაიაზრონ თავიანთი მომავალი.
– ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს, ამ კანონის მიხედვით ახალგაზრდობა უმუშევარი დარჩებაო.
– პრობლემა ის არის, ეს ყველაფერი ინსტიტუციურად და კონტროლის მექანიზმებით რამდენად იქნება უზრუნველყოფილი, რათა გამჭირვალე და გახსნილი იყოს ამ კერძო ფონდების მოძრაობა. მთელი პრობლემა არის სწორედ ამაში.
– რაში?
– მართვის პრობლემაა. სად დაბანდდება ეს ფული, რომ ამ ფულმა დროში არ დაკარგოს ღირებულება და ჩვენ არ მივიღოთ შედეგი, როდესაც ამ ფულზე კონტროლს დააწესებენ ძალიან გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც ახლაც ცდილობენ ამ რეფორმის ნებისმიერი გზით გატანას. ანუ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ დაგროვებითი პენსია არის ცუდი, არამედ იმაზე, რომ შეიძლება პრობლემა გააჩინოს იმან, თუ ვინ დაამყარებს ამ ფულად ნაკადებზე კონტროლს, როგორი იქნება ამ ფულის დაბანდების გზები. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოთი უნდა ჩაიკეტოს ეს ფული, მაგრამ საზღვარგარეთის ცნობილ ბირჟებზე რომ დაბანდდეს ეს ფული, შემოსავლიანობის მაღალი დონე უნდა იქნას მიღწეული და ამ საქმეს ძალიან პროფესიული მმართველები სჭირდება, უმაღლესი დონისა.
– ეს მოხერხდება?
– არ იქნება ურიგო, კონკურსი გამოცხადდეს მმართველი კომპანიის შესახებ და აქ ნეპოტიზმზე აგებული დანიშვნებით არ მივიღოთ ძალიან მძიმე შედეგი. საქართველოში კი არა, შეერთებულ შტატებში არასწორმა დერეგულაციამ და მოშლამ ბევრი ტრადიციული სქემისა, მიიყვანა იქამდე, რომ დანაშაულებრივი სინდიკატები შეიქმნა მსხვილი ბანკების, სარეიტინგო კომპანიების, შემფასებლების, მსესხებლებისა და მათ საპენსიო ფონდებს, ათობით მილიონ ადამიანს, შეუჭამეს ფული. ეს მოხდა კლასიკურ, დალაგებულ, კანონზე აგებულ ქვეყანაში და რა შეიძლება მოხდეს უკონტროლობისა და არასწორი მექანიზმების შემთხვევაში საქართველოში, იოლი წარმოსადგენია.
– ანუ იდეა კარგია, მაგრამ საჭიროა რისკების სწორად გათვლა და სერიოზული კონტროლი?
– თუ პოლიტიკური ნება იქნება და ეს გაკეთდება პროფესიონალურ დონეზე, როგორც კონსტრუქცია, როგორც მექანიზმი აიგება თავისი საკანონმდებლო და შეკავების მექანიზმების გათვალისწინებით, სრული გამჭირვალობით, პერიოდული და ძალიან ინტენსიური ანგარიშვალდებულებით და ასე შემდეგ, მაშინ ეს შედეგს მოგვცემს და ძალიან კარგი იქნება. მაგრამ…
– რატომ რჩება ეს მაგრამ? რისკებს ხედავთ?
– რას გავაკეთებთ და როგორ გავაკეთებთ, პრობლემა სწორედ ამაშია. რისკი არის იმ შემთხვევაში თუ იქნება დატოვებული ის შავი ხვრელები, რომლებიც დაუტოვებს გზას გავლენიან ფინანსურ ჯგუფებს საქართველოში, ამ ფულზე დაამყარონ კონტროლი, თავისი ხალხი დანიშნონ იმ მმართველ ორგანოებში, რომელიც ამას ზედამხედველობას გაუწევს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგს.
– რა ბერკეტები არსებობს საიმისოდ, რომ ასე არ მოხდეს?
– ბერკეტი ერთადერთია, კონტროლის მექანიზმები, საკანონმდებლო ბაზა, გამჭვირვალობა და იმ მმართველი კომპანიის საზედამხედველო საბჭოს დანიშვნის სწორი მექანიზმი, რომელსაც უკვე ბოლოს პარლამენტი ამტკიცებს. რისკი არსებობს მხოლოდ მაშინ, თუ არასწორად გაკეთდება რაიმე.
– სწორად გაკეთების შემთხვევაში?
– თუ გაკეთდა სწორად, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც კერძო ფონდებში ფულს ჩადებენ, ყოველდღიურ კონტროლზე ექნებათ ეს ფული. ჩვენ მივიღებთ შემოსავლიანობის ნორმალურ დონეს და ახალგაზრდებს, რომლებიც ამ მიმართულებით ნაბიჯს გადადგამენ, მათ ექნებათ მოხმარების ის დონე, რომელიც მათ აკმაყოფილებს.
– ამ რეფორმის შედეგად დამატებით ახალი გადასახადი უწესდებათ კერძო კომპანიებს და ეს პროცესი ბევრს არ მოსწონს.
– ბიზნესს საკუთარი ინტერესების იქით არაფერი არ აინტერესებს და არც მოეთხოვება მეტი. ქართული კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა არის ნულოვანი! ამიტომ საუბარი იმაზე, რომ გადასახადებს გადაიხდიან საკუთარი თანამშრომლების სასარგებლოდ და ეს ბიზნესს დააზიანებს, არის საშინელი ლობირება! ესეც არის იმის მაგალითი, რომ ამ ლობირების გამტარებელი, ოპოზიცია იქნება თუ ხელისუფლება, სწორად არაფერს არ გადაწყვეტს თუკი ამ პოზიციას არ შეიცვლის.
– ანუ თქვენ ვერ ხედავთ საფრთხეს?
– მე ამ რეფორმაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. საფრთხე არის პოლიტიკური ნება, პოლიტიკური გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა!
– რას იტყვით არსებულ ეკონომიკურ ფონზე. ხშირია შეფასებები, რომ სიტუაცია უმძიმესია. ასეა?
– მოდით, ასე ვთქვათ, სიტუაცია არის სტაბილური. ეს სტაბილიზაცია არის დაბალ დონეზე. ეკონომიკის განვითარების დონე ჯერჯერობით არ არის მაღალი. ჩვენ ძალიან მცირე ეკონომიკა გვაქვს და ეს სტაბილიზაცია სასურველი არ არის. საჭიროა ძალიან შოკური ზემოქმედება პოლიტიკის თვალსაზრისით, ფინანსირების თვალსაზრისით, რომ შესაძლებელი იყოს გაცილებით სწრაფი ტემპებით ეკონომიკური ზრდა.
– ღარიბდება მოსახლეობა, სოციალური ფონი მძიმეა და ეს არ არის საგანგაშო?
– რა თქმა უნდა, სოციალური ფონი მძიმეა. ამის არაღიარება სწორი არ არის, რაში გვჭირდება სირაქლემას პოზიცია?! არის პრობლემა და ეს უნდა გავასწოროთ. გასწორებისთვის ყველანაირი შანსი არსებობს. რაც უფრო დაუფარავად ისაუბრებს მთავრობა პრობლემაზე, ეს მით უკეთესი იქნება მისთვის და მისდამი ნდობაც გაცილებით მაღალი იქნება. პრობლემები ბევრია და მათი შელამაზება ნეგატიურ განწყობებს იწვევს.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა