თალაკვაძე: საქართველოს ვიზის შეჩერების საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება

თალაკვაძე: საქართველოს ვიზის შეჩერების საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება,,ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ამ საკითხზე, ჩვენი ოპონენტების მხრიდან სუფთა პოლიტიკური სპეკულაციაა დაწყებული, ვინაიდან საქართველოს ვიზის შეჩერების საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება და ის გამოწვევები, რომელიც არსებობს მიგრაციის თვალსაზრისით ევროპაში, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევები”- ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომელიც ევროპაში მიგრაციის თვალსაზრისით არსებობს, საქართველოს აქვს ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატები ევროპელ კოლეგებთან.

” საუბარი იმაზე, რომ თითქოს განიხილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება სადმე, რაიმე ფორმატში, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია. ვინც ამას ამბობს პოლიტიკურ სპექტრში, დამიჯერეთ, ამ ადამიანებს ან ამოძრავებთ ვიწრო პარტიული ინტერესები, ან უბრალოდ საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკაში ვერ ერკვევიან. მე დარწმუნებული ვარ საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები წარმატებით განაგრძობენ თანამშრომლობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან იმისათვის, რომ ეს საკითხები იყოს ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატში გადაწყვეტილი.”-განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.

2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა – 1570-მდე გაიზარდა. ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა.

პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებაზე დაფიქრდა. მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვარის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.