თელავი-გომბორის გზაზე ”სოკარის” ბენზინმზიდი აფეთქდა

თელავი-გომბორის გზაზე ”სოკარის” ბენზინმზიდი აფეთქდადღეს თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ბენზინმზიდი გადავარდა და აფეთქდა.  სოფელ კობაძესთან მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალ ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 10-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ცეცხლი სამაშველო ჯგუფებმა ჩააქრეს.

საწვავით სავსე სატვირთო მანქანა კომპანია „სოკარს“ ეკუთვნის. ბენზინმზიდი მთლიანად დაიწვა.

– ინციდენტის შედეგად სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ადგილზე მივიდნენ. მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა.
„გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტში დაიწყება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სამართალდარღვევის საქმის წარმოება. საქმის წარმოების დასრულების შემდგომ დაანგარიშდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.