ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ლიდერი ხდება?

ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ლიდერი ხდება?ახლო აღმოსავლეთი, მათ შორის, სირია რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ცხელ წერტილად. რეგიონში მიმდინარეობს ბრძოლა გავლენისათვის. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, დღევანდელი მდგომარეობით, ახლო აღმოსავლეთის ლიდერი ისრაელი ხდება.
თურქეთის მიერ სირიაში ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციას სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” რამდენიმე დღის წინ დაემატა დაპირისპირება ისრაელს, ირანსა და სირიას შორის.
ისრაელმა ჩამოაგდო ირანის თვითმფრინავი, რომელიც მის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. სირიის საჰაერო ძალების საპასუხო მოქმედებების შედეგად ჩამოგდებულ იქნა ისრაელის გამანადგურებელი. სამმხრივი ურთიერთდარტყმების შემდეგ ისრაელმა მთელი რიგი ავიაიერიშები განახორციელა სირიის, ირანისა და “ჰესბოლას” ობიექტების წინააღმდეგ სირიაში.
ის, ფაქტი, რომ ამ უკანასკნელ, ისრაელისათვის სარისკო იერიშს არ მოჰყოლია სირიისა და ირანის საპასუხო რეაქცია, ამერიკელ ექსპერტებს აძლევს ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველს. მათი თქმით, დამასკოს, რომელმაც გადაიტანა ომი მეამბოხეებთან და ტერორისტულ დაჯგუფებებთან, არ შესწევს ძალა, ჩაებას ომში ისრაელის კარგად გაწვრთნილ და აღჭურვილ ჯართან.
ისრაელის რეაქტიული თვითმფრინავის ჩამოგდება პირველად მოხდა 30 წლის განმავლობაში, თუმცა, ამერიკელი ანალიტიკოსების სიტყვებით, ამ ფაქტის გადაჭარბებულად შეფასება სწორი არ იქნება. ეს არ არის ის მასშტაბი, რომელიც სერიოზულად შეცვლის ძალთა ბალანსს და თამაშის წესებს ახლო აღმოსავლეთში. რუსეთმა და სირიამ სამოქალაქო ომისას ბევრი თვითმფრინავი დაკარგეს, მაგრამ თავისი გავლენის რაიონებში საჰაერო სივრცის კონტროლი მათაც კი არ დაუკარგავთ.
ავტორების აზრით, იკვეთება ისრაელის ძალა და წამყვანი როლი რეგიონში. ისინი არ ეთანხმებიან იმ ანალიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ ამ დაპირისპირებამ კონფლიქტი რეგიონში ახალ სტრატეგიულ ფაზაში შეიყვანა. ირანს არ გამოუვიდა თამაშის ახალი წესების შემოტანა. ირანის უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შამჰანიმ განაცხადა, რომ მთავრდება პერიოდი, როცა ისრაელს დაუსჯელად შეეძლო გამოეყენებინა თავდასხმისა და გაცლის ტაქტიკა.
ამერიკელი ექსპერტების თქმით, უსაფუძვლოა იმის თქმა, რომ ისრაელმა დაკარგა უპირატესობა საჰაერო სივრცეში.
მათი განმარტებით, სარისკო მდგომარეობა შეექმნათ დამასკოში განლაგებულ ირანის სამხედრო ქვედანაყოფებს. ისინი ისრაელთან უფრო ახლოს იმყოფებიან, ვიდრე ირანთან. ეს დანაყოფები ადვილად გახდებიან საჰაერო იერიშის ობიექტი.
ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების კონტრდარტყმის შედეგად პროირანული სახელმწიფოების ღერძმა უკან დაიხია. რუსეთმა ესკალაციის დროს ყველა მხარეს თავშეკავებისაკენ მოუწოდა და თეირანის პროვოკაცია არ მოიწონა.
ანალიტიკოსების აზრით, ამ ინციდენტებმა საფრთხეში ჩააგდო რუსეთის პროექტი სირიაში, რომელიც მიზნად ისახავს ასადის გადარჩენას.
ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ შეჯახებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე მომავალშიც მოხდება.
მათი აზრით, ახლო აღმოსავლეთის ბედი ისრაელის ხელში აღმოჩნდა. რეგიონში, რომელიც ქაოსმა მოიცვა, ისრაელი იმ მცირერიცხოვანი სახელმწიფოების რიგშია, სადაც სტაბილურობაა.
ისრაელი ეწინააღმდეგებოდა ირანთან “ბირთვული შეთანხმების” დადებას. იმ პერიოდში თელ-ავივი იძულებული გახდა, კონტაქტები დაემყარებინა ზოგიერთ არაბულ სახელმწიფოსთან. მაშინ დაიწყო ისრაელის არაოფიციალური ურთიერთობები ეგვიპტესთან და საუდის არაბეთთან. ეს უფრო აძლიერებს ამ ქვეყნის პოზიციას.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა