მამუკა გვაძაბია – “საქართველოს ნატოში გაწევრიანება სოხუმის და ცხინვალის მიმართ მე-5 მუხლის შეჩერებითაა შესაძლებელი”

მამუკა გვაძაბია - "საქართველოს ნატოში გაწევრიანება სოხუმის და ცხინვალის მიმართ მე-5 მუხლის შეჩერებითაა შესაძლებელი"ბოლო დროს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი გააქტიურდა. ეს საკითხი განიხილება თბილისში ნატო-საქართველოს სხდომაზეც.  დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა გვაძაბია “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ საქართველო ნატოში მაპის გარეშე უნდა გააწევრიანონ. ამ თამასის აწევას ემსახურება ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობაც, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი.
– თბილისში ნატო-საქართველოს სხდომაზე განიხილება საქართველოს ჩრდილო-ალანტიკურ ალიანსში დაჩქარებული მიღების ვარიანტი, ნატოს წესდების მე-5 მუხლის შეჩერებით. თქვენ ამ ვარიანტს ემხრობით?
– ეს არის ნატოში გაწევრიანების ახალი სტრატეგია, რომელიც წამოაყენა ამერიკულმა ფონდმა “მემკვიდრეობა”.. 2016 წელს, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ამ ფონდის გამგეობის წევრმა რებეკა მადსელმა სერიოზული როლი ითამაშა ტრამპის საგარეო-პოლიტიკური დოქტრინისა და კურსის ჩამოყალიბებაში. სწორედ ამ ფონდმა გამოაქვეყნა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ახალი სტრატეგია, რომლის განხილვაც თბილისში გაიმართება.
– ამ ფონდის სტრატეგიას იზიარებს ამერიკის ადმინისტრაცია, მაგრამ მე-5 მუხლის შეჩერება რამდენად მისაღებია?
– ფონდის დოკუმენტში არის მნიშვნელოვანი დათქმა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ არ ამოქმედდეს ნატოს წესდების მე-5 მუხლი. ეს არის ძალიან პრაგმატული დათქმა ამ მოცემულობაში. საქართველო არ უნდა დაელოდოს ოკუპირებული ტერიტორიების სრულ დეოკუპაციას. ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს ნატოს ისტორიაში, 1951 წელს თურქეთისა და საბერძნეთის მიმართ. ნატოს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება, როგორც ალიანსის წევრ ყველა ქვეყანაზე თავდასხმად.
– ნატოში გაწევრიანება ხომ იმისთვის გვინდა, რომ ტერიტორიული პრობლემა გადავწყვიტოთ?
– ნატოში ვწევრიანდებით გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში, ამიტომ მე-5 მუხლის დროებით არგავრცელება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან კავშირში არ არის.
– პირდაპირ კავშირში არ არის. მაგრამ რუსეთს ხომ უფრო მეტად გაეხსნება ხელ-ფეხი, როცა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ მე-5 მუხლის მოქმედებას შეაჩერებ? 
– რუსეთს ხელ-ფეხი ისედაც გახსნილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსული ბაზებია, მაგრამ იმ ტერიტორიების მიღმა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გავლენის მოხდენის მექანიზმები ხელიდან გამოეცლება. ამიტომ მე-5 მუხლის შეჩერებაზე უნდა წავიდეთ. ეს დროებითი ღონისძიებაა და იმოქმედებს მანამდე, სანამ საქართველო თავის ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანი მეთოდებით არ აღადგენს.
ეს არ ნიშნავს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. საქართველო ნატოს წევრი ხდება გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში. ამ მიდგომაში მე სახიფათოს საქართველოსთვის ვერაფერს ვხედავ.
საქართველოს ნატოში ამ დათქმით მიღების გახმოვანება და მე-5 მუხლის დროებით შეჩერების შემოთავაზება საფრანგეთისა და გერმანიის დამშვიდებასაც ემსახურება, რომლებსაც კონფლიქტის ეშინიათ.
ხელისუფლებაც, ეტყობა, ამ პოლიტიკას ადგას. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლოდინი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ნატოში ინტეგრირების იდეას. ზუსტად ამაზე მუშაობს რუსული პროპაგანდისტული მანქანა, აშინებს რა მე-5 მუხლით ნატოს ეროპელ წევრებს, განსაკუთრებით, გერმანიას და საფრანგეთს გამორჩეულად. ამ სიტუაციაში რუსეთს ეს ბერკეტი ხელიდან ეცლება.
რაც მთავარია, ამგვარი გადაწყვეტილება ხელს შეუშლის რუსეთის სანუკვარ ოცნებას, კავკასიაში შეკრას სამკუთხედი გიუმრი-ცხინვალი-აფხაზეთი, რისი განხორციელებაც ქართული სახელმწიფოებიობისთვის დიდი საფრთხე იქნება.
– სამკუთხედის შექმნას ხელს რა შეუშლის, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლი შეჩერებული იქნება?
– აქ რუსეთისთვის მთავარია კომუნიკაციები ამ სამ რეგიონს შორის, განსაკუთრებით, რკინიგზა. ამიტომ ნატოში მიღების ფაქტი ძალიან სერიოზული ფაქტორი იქნება რუსეთის გეგმების ჩასაშლელად. საქართველოს ნატოში გასაწევრიანების შემოთავაზებული სტრატეგია, ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს. არ უნდა მიეცეს რუსულ პროპაგანდას ისეთი გასაქანი, რომ სკეპტიკოსების სახელით ისპეკულიროს. ძალიან მიხარია, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიმართ ჩემი მოლოდინი რომ გამართლდა.
– ამ სიტუაციით გამწარებული რუსეთი უფრო გამალებით არ დაიწყებს ჩვენი ტერიტორიების ინტეგრაციას რუსულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში?
– საქართველო არის ამერიკის ინტერესების სფეროში. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ხდება ვაზიანის ბაზის მოდერნიზება. უახლოეს მომავალში საქართველოში ამერიკული ბაზის შექმნას უნდა ველოდოთ. რა ვქნათ, ველოდოთ, სანამ რუსეთი დანარჩენი ტერიტორიების ოკუპაციასაც არ მოახდენს? თუ გავითვალისწინებთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს, რუსეთის მხრიდან არც დანარჩენი ტერიტორიების ოკუპაციისთვის შემოტევაა გამორიცხული, აფხაზეთსა და ცხინვალში კონფლიქტს კი უახლოეს მომავალში მოგვარების პირი არ უჩანს.
– ფონდ “მემკვიდრეობის” ანალიტიკოსი ლუკ კოფი ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე საუბრობდა. როგორც ჩანს, დღევანდელ ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გამო დიდი ფასის გადახდა მოუწევს, რადგან, ყველაფრის მიუხედავად, ეს სარისკო გადაწყვეტილებაა.
– უფრო მეტსაც გეტყვით, მე ეს რამდენიმე წლის წინათაც ვთქვი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიმართოს აშშ-ის ხელისუფლებას, რათა საქართველოში განლაგდეს საშუალო და შორი მოქმედების სტრატეგიული დანიშნულების რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ხელისუფლებამ თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მე ამას მხოლოდ მივესალმები. ეს ის იშვიათი გამონაკლისი იქნება, რაშიც ხელისუფლებას მე პირადად მხარს დავუჭერ.
– თუ ნატოში მიგვიღებენ, მერე განლაგდება, თუ ეს ამერიკას აწყობს.
– რეგიონის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქ ამერიკის და ჩვენი ინტერესები ემთხვევა უახლოეს პერსპექტივაში.
– თუ ეს საუბრები ჩვენი ნატოში მიღების თაობაზე დიდხანს გაგრძელდა, რუსეთი პროვოკაციებს მოგვიწყობს და მისი გამკლავება როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის?
– დიახ, ზუსტად სასწრაფო ზომებია მისაღები. შემოთავაზებული ახალი მიდგომა ამას ითვალისწინებს.
– წლობით ამაზე საუბარმა და უშედეგობამ ძალიან დაგვაზარალა. 
– გეთანხმებით. ამ საკითხს ზუსტად ასე უყურებენ ფონდ “მემკვიდრეობის” მესვეურები და, დიდი ალბათობით, ტრამპის ადმინისტრაციაში, რასაც მივესალმები. ტრამპი ნამდვილად გახდება ტრამპლინი საქართველოსთვის ნატოსკენ მიმავალ გზაზე.
– ამ ფონდის წარმომადგენელი ვერ ამბობს, რას უნდა ველოდოთ ბრიუსელის სამიტისგან. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას უნდა ელოდებით?
– ბრიუსელის სამიტისგან უნდა ველოდოთ იმას, რომ გაწევრიანებისთვის აუცილებელი მაპი აუცილებელი არ არის.
– მაშინ რა არის აუცილებელი?
– მაპის გარეშე გაწევრიანება.
– ამ კონდიციამდე საქმე მისულია?
– აი, ამ თამასის აწევას ემსახურება სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა.
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა