მანანა თოდაძე – “შვილიშვილი გამითხოვდა, ბიზნესს თავი დავანებე, საქართველოში დავბრუნდი”

მანანა თოდაძე - “შვილიშვილი გამითხოვდა, ბიზნესს თავი დავანებე, საქართველოში დავბრუნდი”მომღერალი მანანა თოდაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება, რომელიც მისი შემოქმედების შეჯამება იქნება. თავის მსმენელს ყველა იმ ჰიტს შესთავაზებს, რომლებიც წლების განმავლობაში რეპერტუარში დაუგროვდა. ამ და სხვა თემებზე ის “სარკესთან” საუბრობს.

მანანა თოდაძე:

– დაიგეგმა ჩემი სოლო კონცერტი ფილარმონიაში, დიდ ორკესტრთან ერთად და ამისთვის ვემზადები. თარიღი მალე მეცოდინება. ჩემი რეპერტუარიდან ვიმღერებ ჰიტებს. ზოგადად ამდენი წლის განმავლობაში რაც მიმღერია, თითქმის ყველა გაჰიტებულია, ყველა პოპულარულია და დღემდე ხალხს უყვარს. შესრულდება დუეტებიც.

– საიუბილეო კონცერტი ერქმევა?

– ეს იქნება შემაჯამებელი კონცერტი. ბავშვობიდან ვმღერი, ასე რომ, იმდენი წელია სცენაზე ვდგავარ, არც კი მახსოვს ზუსტი წლები.

– პირად ცხოვრებასაც უკეთებთ ხოლმე შეჯამებას?

– პირადი ცხოვრება კარგა ხანია დახურულია… ჩემი შვილიშვილი, ლეილას ქალიშვილი, გათხოვდა. კარგი სიძე გვყავს.

გასულ წელს კარგი ასევე ის იყო, რომ ჩემმა მეორე ქალიშვილმა გაარემონტა ბინა თბილისში, ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდა და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული. დიდი ხანი ელოდნენ გადასვლას და, როგორც იქნა, მოაბეს თავი.

– წელს საახალწლო კონცერტზე იმღერეთ. მადლიერი ხართ, რომ სამთავრობო კონცერტებზე დაგიძახეს?

– კახა კალაძემ სასიამოვნოდ გამაოცა თავისი ძალიან ჭკვიანური ნაბიჯებით, იმით, როგორც ხელოვან ხალხს მოექცა. გამოაცხადა, კონცერტში ყველა მომღერალმა უნდა მიიღოს მონაწილეობაო. ეს ძალიან მაგარი იყო ყველასთვის.

გამიხარდა, რომ კონცერტზე ჩემი კოლეგები ვნახე, მათ შორის ისინიც, ვინც წლები არ მყავდა ნანახი. ხელოვანს რა სჭირდება? გამოჩენა და დაფასება. წელს ეს ყველაფერი გაკეთდა და აღფრთოვანებული ვარ.

– წლებია მოსკოვში ცხოვრობთ და იქ მღერით. საახალწლოდ იქიდან არ გქონდათ შემოთავაზება?

– ბოლო პერიოდში იქით წასვლა აღარ მინდა. ვგიჟდები აქაურობაზე, აქეთ მაქვს გული, აქ მიხარია კონცერტებზე გამოსვლა. ჩემს ქვეყანაში ერთი გამოსვლა მირჩევნია სხვაგან ათჯერ გამოსვლას. არ ვიცი, რა მჭირს, მაგრამ ასეა.

– ფინანსები არ არის პრიორიტეტული თქვენთვის? მოსკოვში ხომ გაცილებით მაღალი ანაზღაურება გაქვთ.

– ფინანსებს რომ გაჰყვე… ცხოვრება გადის. მოსკოვში 20 წელი გავატარე და ისე გაფრინდა ეს წლები, უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი. ასე რომ ვსდიო ფინანსებს, საქართველოში ვერასდროს დავბრუნდები. იცით, რამდენი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ? ვინც ამერიკაშია, ჰგონიათ, რომ ჩამოვლენ, მაგრამ 20-25 წელია იქ არიან, ჯერაც ვერ ბრუნდებიან. ძალიან რთულია ემიგრაციაში ცხოვრება.

– ანუ თქვენ დაბრუნდით სამშობლოში?

– შემოქმედებითად – კი. აქეთ უფრო მაინტერესებს შემოქმედებითი ცხოვრება, ვიდრე იქ. სამსახურიდან წამოვედი. თუ იქ ხარ, ბოლომდე იქ უნდა იყო. თუ დაიწყე აქეთ-იქით სირბილი, არაფერი გამოვა. ბოლო პერიოდში თავისუფლება მომწონს, როცა მინდა, წავალ და წამოვალ. იქ სახლი მაქვს, ჩემი ერთი ქალიშვილი იქ არის, მეგობრები იქ მყავს.

მიყვარს მოსკოვში წასვლა, გავჩერდები 1 კვირით და მერე ვბრუნდები. ასე რომ, იქაურობა არ მიმიტოვებია, მაგრამ ჩემი შემოქმედება საქართველოში გადმოვიტანე. როცა არის მოწვევა, ბანკეტი, კორპორატიული საღამო, მივდივარ და ვმღერი.

– ასეთი ცვლილებები იმან ხომ არ განაპირობა, რომ ნოსტალგიას ვეღარ უძლებთ?

– ნოსტალგია ყოველთვის მქონდა. ძილშიც თბილისში ვიყავი. ჩემს ქალაქს არაფერი მირჩევნია. რომ ამბობენ, ის თბილისი აღარ არის, ხალხი სხვანაირიაო, არ ვეთანხმები. მე ყველანაირი ქართველი მიყვარს, ვგიჟდები თბილისზე. საქართველოზე უკეთესი ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობს!

იქაურობის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა მაქვს, მაგრამ ჩემს საქართველოს, ჩემს ქალაქს, ლამაზ ქუჩებს ვერაფერი შეედრება.

– გასულ წელს ბიზნესში აქტიურად ჩაებით, თბილისში კაფე გახსენით. როგორ მიდის თქვენი საქმიანობა?

– ბიზნესს თავი დავანებე. ისე არ გამოვიდა, როგორც დაგეგმილი მქონდა, მაგრამ ახალი იდეები მაქვს. ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, წინ წავიდეს. არ შეიძლება ერთ ადგილზე გაჩერება, მოძრაობაა ცხოვრება. არ უნდა ჩამოყარო ყურები, არ უნდა ინერვიულო, რაღაც თუ არ გამოვა, რადგან ალბათ ასე იყო საჭირო.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”