“რა ულტიმატუმი უნდა წამოგვიყენონ” – დაპირისპირება სოზარ სუბარსა და არჩილ ტატუნაშვილის მამას შორის

"რა ულტიმატუმი უნდა წამოგვიყენონ" - დაპირისპირება სოზარ სუბარსა და არჩილ ტატუნაშვილის მამას შორისმცხეთა-სტეფანწმინდის ცენტრალურ მაგისტრალზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს, სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.

სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართეს და გზა გადაკეტეს. სპეცრაზმის გამოჩენამ ადგილზე ტატუნაშვილის ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

ადგილზე ჩავიდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. სოზარ სუბარმა გარდაცვლილის ოჯახისთვის იმის განმარტება სცადა, რომ ულტიმატუმით საუბარს ოკუპირებულ ცხინვალთან აზრი არ აქვს.
– რა ულტიმატუმი უნდა წამოგვიყენონ როდესაც ტკივილშიც ერთი ვართ და სამშობლოს სიყვარულშიც ერთი ვართ. ულტიმატუმებით რომ ოკუპანტთან ლაპარაკი გამოდიოდეს დიდი ხნის წინ დაბრუნებული გვექნებოდა ჩვენი ტერიტორიები და არც ახალგაზრდა და არც ხანში შესული არ იქნებოდა გარდაცვლილი, მაგრამ ომში ვართ, – განაცხადა სოზარ სუბარმა, რაზეც არჩილ ტატუნაშვილის მამამ მინისტრს განმარტებები მოსთხოვა, თუკი საომარი მდგომარეობაა, მაშინ რატომ გადაადგილდებიან რუსეთის სანომრე ნიშნებით მანქანები  შეუფერხებლად საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

– დღე არ გავა რომ რუსეთის მანქანამ არ გაიაროს აი აქ. თუკი ომის მდგომარეობაა რას დადიან ვერ გავიგე. ჩემი შვილი თავის სახლში შევიდა იქ მომიკლეს შვილი. იმის უფლება არა ჰქონდა და ამათ აქვთ უფლება რომ ესე ითარეშონ აქ, -განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

ცოტა ხნის წინ მცხეთა- სტეფანწმინდის ცენტრალურ მაგისტრალზე სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო. ტატუნაშვილების ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა.

რუსთავი 2