რუსთავში „საქართველოს ელექტროსისტემის“ დაცვის წევრი დაჭრეს

რუსთავში „საქართველოს ელექტროსისტემის“ დაცვის წევრი დაჭრესრუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. მამაკაცს დაზიანება გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გულზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დაჭრილი „საქართველოს ელექტროსისტემის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელია. მედიის ცნობით, მას დანით ჭრილობა მისმა კოლეგამ მიაყენა. როგორც ენერგოსისტემის თანამშრომლები აცხადებენ, დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.