სუბარი – ”დაძაბული სიტუაცია მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს”

სუბარი - ”დაძაბული სიტუაცია მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს”– აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია, თუმცა როცა საქმე ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ბერკეტები არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ბერკეტებს მაქსიმალურად იყენებს. სუბარი ასევე გამოეხმაურა რიგი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების განცხადებასაც და მათ თავშეკავებისგან მოუწოდა. მინისტრის თქმით, ყველანაირი სპეკულაცია და დაძაბული სიტუაცია მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
ცხინვალის ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს ცენტრალური ავტომაგისტრალი აქვთ გადაკეტილი და აქციას მართავენ. ისინი გარდაცვლილის დროულად გადმოსვენებას ითხოვენ.

ინტერპრესნიუსი