„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს

„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავსპრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე თავდასხმა ხორცილდება იმ დროს, როდესაც მარგველაშვილი საზოგადოების სხვადასხვა ნაწილთან შეხვედრებს მართავს.

– რაც შეეხება პრეზიდენტის წინააღმდეგ გუშინდელ განცხადებებს, მორიგი არაადეკვატური თავდასხმა ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტზე, რაც ახალი არ არის და რომ გითხრათ, ძალიან ვნერვიულობთ, ასე არ არის. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმები ხორციელდება იმ პერიოდში, როდესაც ის საზოგადოების სხვადასხვა ნაწილთან შეხვედრებს მართავს, ეს იქნებიან სტუდენტები, არასამთავრობო სექტორი თუ მოსახლეობა. უმრავლესობა განსაკუთრებით ამ დროს აქტიურდება. უმრავლესობის მთავარი პრობლემა არის ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნერვიულობენ, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატები არ ჰყავთ, ვერ ახერხებს საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას. ჩემი აზრით, ვერც მოახერხებს გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის წუთიდან ებრძოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, გაუჭირდება, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, ვისაც პრეზიდენტის საზოგადოებასთან შეხვედრა საარჩევნო კამპანია ჰგონია, ეს მისი პრობლემაა.

– როგორც წესი, ამ პოლიტიკოსებს ამომრჩეველი არჩევნებიდან არჩევნებამდე ახსენდებათ. არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობენ. პოლიტიკოსები, რომლებიც ამ თემაზე ნერვიულობენ, ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობენ.

პრეზიდენტი მარგველაშვილი იმ ღირებულებების ერთგული იყო, როგორც ეს იყო არჩევნების წინ და დღემდე, განსხვავებით იმ სპორტსმენებივით ტრანსფერზე დამდგარი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური გუნდებისგან მაღალი თანხის შემოთავაზებას ელიან, რომ უკეთესი ცხოვრებით იცხოვრონ. შეგიძლიათ სია იხილოთ, ეს სია გრძელია. ამ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პრეზიდენტი მარგველაშვილი ყოველთვის იყო ღირებულებების ერთგული, როცა საქმე სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვას შეეხებოდა. რამდენიმე განცხადება იყო, ასევე შედარებები სხვადასხვა ბიბლიური ამონარიდებიდან. როგორც ჩანს, საქართველოში არა მხოლოდ კონსტიტუციის წაკითხვის და აღქმის პრობლემაა, არამედ სხვა მიმართულებითაც პრობლემები გვაქვს და მათ შორის ბიბლიის წაკითხვის, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.