შემოსავლების სამსახურმა ზაქარია ქუცნაშვილის ძმის კომპანია მილიონი ლარით დააჯარიმა

შემოსავლების სამსახურმა ზაქარია ქუცნაშვილის ძმის კომპანია მილიონი ლარით დააჯარიმაკომპანია “ბაზალტი ფაიბერს”-ის გენერალური დირექტორი ივერი ქუცნაშვილი საგადასახადო მიმართულებით და შესყიდვების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
როგორც BM.ge-ს ქუცნაშვილმა განუცხადა, 2017 წლის დეკემბერში შემოსავლების სამსახურმა, შემოწმებისას, “რეალურად 5 ლარის ღირებულების პროდუქტი 12 000 ლარის პროდუქტად ჩაუთვალა“ და დააჯარიმა.
– მოგეხსენებათ, ჩვენ ბაზალტის ქვისგან ვაწარმოებთ ბაზალტის ძაფს და სხვა პროდუქციებს. შემოსავლების სამსახურის შემოწმების დროს, საგადასახადო ოფიცერმა ქვა, რომლისგანაც ვაწარმოებთ პროდუქციას და რომელიც იმტვრევა და ნახევარი გამოდგება ხოლმე, ნახევარი – არა, მთელი მოცულობა, რომელიც არ გამოდგებოდა, საბოლოო პროდუქტად გვიქცია, ეს პროდუქტი გაყიდულად ჩათვალა და იქიდან დაგვბეგრა. რეალურად, ბაზალტის ტონა ქვა ღირს 5 ლარი, საბოლოო პროდუქტი კი – 1 ტონა ღირს 12.000 ლარი ანუ 5 ლარის ღირებულების პროდუქტი გვიქციეს 12.000 ლარის პროდუქტად; ჩათვალეს, რომ გავყიდეთ ეს პროდუქტი, მივიღეთ შემოსავალი, რომელიც დღგ-ით უნდა დაბეგრილიყო და ა.შ. ასეთია შუალედური აქტი და დაგვაჯარიმეს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე დავა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში გრძელდება.
მისივე თქმით, აღნიშნული დავის გარდა, კომპანია „ბაზალტი ფაიბერს“-სს შემოსავლების სამსახურთან კიდევ ერთი დავა აქვს და ჯამში, საუბარია, დაახლოებით, 1 მილიონი ლარის ჯარიმაზე.
– ჩვენ ტექნოლოგია გავიტანეთ გერმანიაში, სადაც ავაშენეთ ქარხანა, რომელიც ქართველი ბიზნესმენის პაატა გოგოლაძის მფლობელობაშია; განა ბევრია ქართველების მიერ ევროპაში აშენებული ქარხანა?! რაც შეეხება დავის საგანს – წარმოიდგინეთ, ქუთაისში რომ ქართველ მუშებს აეშენებინათ ქარხანა, კომპანია ხომ გამოუწერდა მათ სამივლინებოებს?! ანალოგიურად მოხდა ამ შემთხვევაშიც – მუშებს/თანამშრომლებს გერმანიაში საქმიანი მივლინებისთვისაც გამოუწერეს სამივლინებო თანხები და ასევე, კომპანია ცალკე უხდიდა მუშებს ხელფასს, რადგან შეთანხმების თანახმად, ქარხნის ინსტალაციაზეც ქართველ სპეციალისტებს უნდა ეზრუნათ. შემოსავლების სამსახურმა კი სამივლინებოც ჩათვალა ხელფასად და მათზეც უნდა გადაგეხადათ საშემოსავლო გადასახადიო. დავა ახალია – ახალი წლის წინ „გაგვიკეთეს ეს საჩუქარი“. ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში გვაქვს გასაჩივრებული. ვნახოთ რა იქნება. იმედია, არ გაჯიუტდებიან. ეს აბსურდული დავაა, – განაცხადა ივერი ქუცნაშვილმა, რომელიც „ბაზალტი ფაიბერს“-ის ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორია და პირადად მისი წილი კომპანიაში 2.5%-ია.