შოთიკო ნოზაძე სიდედრ-სიმამრს ჩაესიძა – “ჩემი გოგო თვალებით ყველაფერს მეუბნება”

შოთიკო ნოზაძე სიდედრ-სიმამრს ჩაესიძა – “ჩემი გოგო თვალებით ყველაფერს მეუბნება”მსახიობი შოთიკო ნოზაძე მამის სტატუსით ძალიან ამაყობს. მისი გოგონა 2017 წელს დაიბადა და ახლა შოთიკოსა და მისი ცოლისთვის, სოფო აბუაშვილისთვის, ყოველი დღე პატარა ნინეთი იწყება და მთავრდება.

– “სარკის” მკითხველს მოუყევით ნინეზე, როგორი ბავშვია, როგორ ურთიერთობთ მასთან.

– ძალიან მაგარი გოგოა! ნინე ჩემი მზე და მთვარეა, მისთვის ვცოცხლობ! შვილი რა ყოფილა, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ნამდვილი საოცრებაა. მაგიჟებს და მასულელებს. 51 სანტიმეტრი დაიბადა და სიგრძესა თუ წონაში ჩემ თვალწინ რომ იმატებს, გადავირიე! ძალიან მშვიდი და აზრიანი გოგოა. ჯერ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ თვალებით ყველაფერს მეუბნება.

– ნინეს აღზრდაში აქტიურად ხართ ჩართული?

– შვილის აღზრდაში შეძლებისდაგვარად ჩართული ვარ. როცა თავისუფალი ვარ, ყველაზე მეტ დროს შვილთან ვატარებ და ვცდილობ, მეც მივიღო მონაწილეობა იმ საქმეებში, რომლებსაც ძირითადად სოფო აკეთებს. საჭმელს ვერ ვუმზადებ, მაგრამ დედა რომ მოუმზადებს, ბოთლით მე ვაჭმევ. საფენს დაბადებიდან ვუცვლი. უპრობლემო გოგოა. ღამით ისე სძინავს, როგორც სამსახურიდან მოსულ დაღლილ ადამიანს.

– ნინეს გაზრდაში მშობლები გეხმარებიან?

– რუსთავში ვცხოვრობთ, მაგრამ ბოლო პერიოდში თბილისში, სოფოს მშობლებთან ვართ, რადგან გადაღებების გამო მეუღლეს მარტო დიდხანს ვერ ვტოვებ. დედამისი კი ნინეს მოვლაში კარგად ეხმარება. თან სოფოს მშობლებისთვის ნინე პირველი შვილიშვილია და ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სიხარულია.

– მამაკაცებს არ უყვართ სიდედრ-სიმამრთან ერთად ცხოვრება, თქვენ ეს ეს “მსხვერპლი” ცოლ-შვილთან სიახლოვის გულისთვის გაიღეთ?

– ბოლო თვეებია სიდედრ-სიმამრთან ვცხოვრობ და ამ ამბავს გინდათ, ჩასიძებული დაარქვით და რაც გინდათ, ის უწოდეთ. სოფოს მშობლებთან მშვენიერი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. არაჩვეულებრივი სიდედრი მყავს. არ მგონია, მხოლოდ მე ვიყო ის გამონაკლისი სიძე, რომელსაც სიდედრთან კარგი ურთიერთობა აქვს. სიდედრზე ანეკდოტები ძველი ამბავია და ისე ხშირად აღარავინ ხუმრობს, როგორც ადრე.

– ნინე ვის ჰგავს?

– ბევრი ამბობს, რომ გარეგნულად მე მგავს. ამ მსგავსებას მეც ვხედავ, მაგრამ დედასაც ძალიან ჰგავს. ხასიათი სოფოსი აქვს, თორემ, როგორც მეუბნებიან, 6 თვემდე ძალიან ცუდი ბავშვი ვყოფილვარ, დედაჩემს არ ვაძინებდი. სოფო კი მშვიდი, დინჯი გოგოა და შვილიც დაიმსგავსა.

– ნინეს დაბადებამ რა კვალი დაატყო ცოლ-ქმრის ურთიერთობას?

– თუ გეტყვით, რომ ნინემ ჩემი და სოფოს ურთიერთობა გაამყარა, მოგატყუებთ, რადგან ამას არც შვილის დაბადებამდე ვუჩიოდით. უბრალოდ აქამდე თუ ერთმანეთზე ვზრუნავდით, ახლა ორივეს ახალი საზრუნავი გვყავს. სოფო ჩემს სისხლსა და ხორცს რომ უვლის, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.

– ოჯახში მატებას მატერიალურად როგორ უმკლავდებით?

– ჯერჯერობით ყველაფერს ვართმევ თავს და მინდა, ასე გაგრძელდეს. დამატებით შემოსავალზეც ვფიქრობ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ხელფასი, ასე თუ ისე, მაკმაყოფილებს.

– ამბობენ, რომ ბიზნესი წამოიწყეთ. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?

– იმასაც ხომ ვერ მეტყვიან, რა ბიზნესი წამოვიწყე? მეც გამაგებინონ! ჩემს პერსონაჟს, თენგოს, კი აქვს ოხრად ბიზნესები, მაგრამ შოთიკო ნოზაძეს ერთიც არ აქვს.

– თქვენი გმირი, თენგო მაზიაშვილი, ბიზნესის წამოწყების სტიმულს არ გაძლევთ?

– ბიზნესის კეთებას ძალიან ბევრი რამ სჭირდება და ამას კარგად ვხვდები, თუმცა მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ ბიზნესზე არ მიფიქრია. უბრალოდ ამისთვის ჯერ პირობები არ მაქვს.

სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი “სარკე”