,,ხუთი გასროლის ხმა გავიგეთ…” – ვინ არის ნაძალადევში მოკლული ,,ძივითა” და რას ჰყვებიან მეზობლები

,,ხუთი გასროლის ხმა გავიგეთ..." - ვინ არის ნაძალადევში მოკლული ,,ძივითა" და რას ჰყვებიან მეზობლებითბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე ჩაცხრილული დავით ქმოსტელის საქმეზე ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვები გრძელდება.

გამომძიებლებმა მოკლულის დეიდა გამოკითხეს, ვისთანაც გარდაცვლილი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. გარდაცვლილი დეიდა აცხადებს, რომ მან არ იცის, თუ რის გამო შეიძლება მოეკლათ დავით ქმოსტელი და იგი არ იყო დაახლოებული კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებთან.

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ საქმეზე ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

– გამოძიება ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, ინტენსიურად ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს და ოპერატიულ სამძებრო ოპერაციებს, როგორც კი დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და დაკავება მოხდება, საზოგადოებას დაუყოვნებლივ შევატყობინებთ, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სამართალდამცავებმა მოკლულის ის მეგობარიც დაკითხეს, ვისთან ერთადაც მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე იმყოფებოდა.

მეზობლების განცხადებით, ნიღბიანმა პირებმა ქმოსტელი სახლის ეზოში ჩაცხრილეს და ამის შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ.

– კარგი ტიპი იყო, არავისთან დაპირისპირება არ ჰქონია, მოდიოდა ხოლმე აქ საძმაკაცოსთან, ხუთი გასროლის ხმა გავიგე, ნიღბიანები ნამდვილად იყვნენ თავდამსხმელები. გამოძიებამ საკმაოდ ბევრი თვითმხილველი დაკითხვა. ამ ქუჩაზე არ ცხოვრობდა, თუმცა ხშირად მოდიოდა ხოლმე აქ, – აღნიშნავენ ლომთათიძის ქუჩის მაცხოვრებლები.

მოკლული საქართველოში რუსეთიდან დაახლოებით ერთი წლის წინ ჩამოვიდა.

ნიუპოსტი