გია სურამელაშვილი ხშირად ტირის – “ხანდახან მინდა ჩაკეტვა და ამის საშუალებას მეგობრები არ მაძლევენ”

გია სურამელაშვილი ხშირად ტირის – “ხანდახან მინდა ჩაკეტვა და ამის საშუალებას მეგობრები არ მაძლევენ”მომღერალ გია სურამელაშვილს 24 იანვარს დაბადების დღე ჰქონდა. ბოლო 10 წელია ამ დღეს პომპეზურად აღნიშნავს, ამჯერადაც ერთ-ერთ რესტორანში კონცერტი გამართა, რომელსაც 500 ადამიანი დაესწრო, 100 ათასამდე მსმენელი კი სოციალური ქსელით, პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. “სარკემ” მომღერალთან ინტერვიუ ამ თემით დაიწყო.

– გია, 24 იანვარს რამდენი წელი შეგისრულდათ? ხომ არ მალავთ წლებს?

– არა, რატომ უნდა დავმალო? 49 წლის გავხდი.

– რას გეუბნებათ ეს წლები?

– ჯერ არაფერი უთქვამს. რა მოსაწონია, წლები რომ გემატება? განვიცდი წლების მატებას, უფრო მეტად მენატრება ახალგაზრდობა, თუმცა ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს.

არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ დაბადების დღის აღნიშვნა, მაგრამ მე რომ არ აღვნიშნო, არც შეიძლება. 100 მეგობარი და ახლობელი მიგროვდება, რომლებსაც უნდათ ჩემს დაბადების დღეზე მოსვლა. მათ გარდა, არიან თაყვანისმცემლები და მათ რა დააშავეს?

– ამიტომაც გადაიხადეთ გრანდიოზული დაბადების დღე?

– ბოლო 10 წელია ყოველთვის მასშტაბურად აღვნიშნავ. სოციალური ქსელით “ლაივში” 100 ათასი ადამიანი უყურებდა ჩემს კონცერტს. რომ ჩაიფიქრებ, არ მინდა, სასწაული მოხდესო, სწორედ მაშინ ხდება. რესტორნის დარბაზი სავსე იყო, 500 კაცი მოვიდა. ბევრი ადამიანი დარჩა კონცერტის მიღმა, ადგილი არ იყო. მივიღე უამრავი მილოცვა და საჩუქარი.

– რომელს გამოარჩევდით?

– 49 ვარდი მომართვეს. თუ ვინ იყო “ავტორი”, ვერ გავიგე. ორჯონიკიძიდან გამომიგზავნეს, მანამდეც გამომიგზავნა ამ ადამიანმა ძველით ახალ წელს ვარდები.

– განებივრებული ხართ საჩუქრებით?

– კი, უჩუქებიათ მანქანაც, ბრიალიანტის ბეჭდები… ბევრი ახალი სიმღერა ვერ ვიმღერე, ხალხი ძველი ჰიტების შესრულებას ითხოვდა. მთელი მსოფლიო უყურებდა ჩემს “ლაივს”. იმ წუთში რომ გექნება 700 ათასი ნახვა, ეს არ არის ცოტა. სანამ რესტორნიდან სახლში მივედი, ეს ციფრი გაორმაგდა. ესე იგი ვაინტერესებ ხალხს.

– კარგად ყიდით საკუთარ შემოქმედებას. ეს რამ მოიტანა?

– წლებმა, სიყვარულმა. ბოლო პერიოდია საქართველოში თითქმის აღარ ვმღერი, ყოველ თვე ისრაელში ვარ.

– ვიცი, რომ ფრენა არ გიყვართ.

– ჰო, არ მიყვარს, თან ძალიან ზარმაცი ვარ. შეიძლება საბურთალოდან ვაკემდე დამეზაროს გასვლა.

– დაგეგმილ კონცერტებზეც გეზარებათ მისვლა?

– კი, ამიტომაც გადამგდებს მეძახიან. ყოფილა კონცერტი, სადაც არ მივსულვარ, მაგრამ მაინც მეძახიან. მე გია სურამელაშვილი ვარ!

– რას გეუბნებათ ეს სახელი და გვარი?

– ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ხალხის, შვილის წინაშე. წავულეგენდებ, ჩემზე ხომ ამბობენ, ლეგენდააო და… 30 წელია სცენაზე ვარ, ნამდვილად დიდი შრომა გავწიე ქვეყნისთვისაც. ვფიქრობ, რომ ბრენდი ვარ იმიტომ, რომ მეორე გია სურამელაშვილი არ არსებობს.

ჩემნაირად არავინ უყვართ, ჩემნაირად არავის ეძახიან, არ ჩუქნიან საჩუქრებს, ხელზე არავის კოცნიან, ეს ღმერთმა მარგუნა.

– რაზე გწყდებათ გული?

– როლებზე. პროფესიით მსახიობი ვარ, 3 ფილმზე ვთქვი უარი. თეატრში მქონდა კარგი როლები, ფოთის თეატრში გამანაწილეს, მაგრამ თეატრის მსახიობი არ ვარ, თან კონცერტები ვერ დავთმე. თვეში რომ 25 კონცერტი გაქვს, როგორ შეძლებ სხვა სამეს?

– ახლა თვეში რამდენი კონცერტი გაქვთ?

– 7-8. პლუს ფრენები… 49 წლის ვარ. ეს არ არის პატარა ასაკი, ამდენი ფრენა ნერვებზე მოქმედებს. ახლა ცოტა შემელახა ჯანმრთელობა.

– ალკოჰოლის სიყვარულმა ხომ არ განაპირობა ჯანმრთელობის პრობლემები?

– არა, წნევა მაწუხებს.

– თავს უვლით?

– ვერ ვუვლი. ჩემი გარეგნობა გენეტიკურია. რომ ამბობენ ჩემზე, ლამაზიაო… არაფერს ვიკეთებ. ბევრი კლინიკა თუ გადაცემა მეხვეწება, რომ პროცედურებს ჩამიტარებენ, მაგრამ უარს ვამბობ. ნემსის ატანა არ მაქვს. სისხლის ანალიზის აღებაც კი დიდი დისკომფორტია ჩემთვის. დაე, ილაპარაკონ, რომ გაკეთებული მაქვს.

– ამ სახალხო სიყვარულის პარალელურად პირად ცხოვრებაში თუ გაქვთ სიყვარული?

– კი, მიყვარს და მასაც ვუყვარვარ.

– ერთად ცხოვრობთ?

– როგორც გვინდა, ისე ვართ. პირადში ის ხდება, რომ ჩემი ბიჭი თავის ოჯახთან ერთად წავიდა შვედეთში. მათ გარეშე ცოტა მოვიწყინე. ძალიან მაგარი ბიჭი მყავს. შეიძლება აქ ვერ შემოეტიოს, იმხელაა, სასწაული გარეგნობა აქვს.

– შვილზე რომ მელაპარაკებოდით, თვალები აგიცრემლდათ.

– ჰო, მომენატრა. როცა თბილისში იყვნენ, რა წამსაც მინდოდა, შემეძლო მათი ნახვა, ახლა ეს ბარიერი გაჩნდა.

– ხშირად გეტირებათ?

– წეღან ვიტირე, სანამ მოხვიდოდით.

– რატომ?

– ჩემი სიმღერის თანხლებით ვიტირე, ოღონდ არ მახსოვს, რატომ. დედა მენატრება. ძალიან მაგარი დედა მყავდა, რომელიც ახალგაზრდა გარდამეცვალა. ის ვერ მოესწრო ჩემს დიდებას და ჩემს ამხელა წარმატებას ვერ უყურებს, არადა ყველაზე მეტად მას გაუხარდებოდა.

– გეშინიათ ხვალინდელი დღის?

– კი, მეშინია სიკვდილის.

– ამაზე გეფიქრებათ?

– ამაზე ვინმეს არ ეფიქრება? ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება რომ გავიგე, მთელი ღამე არ მძინებია. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ყველა წამი ძვირფასია. ხანდახან მინდა ჩაკეტვა და ამის საშუალებას მეგობრები არ მაძლევენ, თორემ ისეთი დეპრესიული ვარ… მაგრამ სახალხო ვარ, ყველას ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”