არალეგალ ემიგრანტებს ეკლესიები იფარებენ ამერიკასა და გერმანიაში

არალეგალ ემიგრანტებს ეკლესიები იფარებენ ამერიკასა და გერმანიაშიგერმანიაში 400-მა ეკლესიამ მისცა თავშესაფარი მიგრანტებს, რომლებსაც დეპორტაციის ეშინიათ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კონსერვატიული ნაწილი მიგრანტებისადმი აგრესიას ხშირად რელიგიური შეხედულებებით ამართლებს, ეკლესიები საპირისპიროდ იქცევიან.  ქრისტიანები არალეგალებს ლეგალური თავშესაფრებით იცავენ.

ჯერ კიდევ 2015 წელს, როცა გერმანიამ ლტოლვილებისთვის საზღვრები ფართოდ გახსნა, ეკლესიები ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდნენ მიმდინარე პროცესებში. მათი უმეტესობა ნერგავდა და ახორციელებდა პროექტებს მიგრანტების დასახმარებლად.

როგორც ჩანს, თითქმის 2 წლის შემდეგ ზოგიერთი ეკლესია კიდევ უფრო გააქტიურდა. გერმანიის შედარებით გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის ფონზე ეკლესიები კიდევ უფრო მეტად სთავაზობენ თავშესაფარს არალეგალ მიგრანტებს.

გერმანული პოლიცია ვერ იყენებს თავის ძალას რელიგიურ დაწესებულებებში, რის შედეგადაც ვეღარ ახორციელებენ მიგრანტების დეპორტაციას.

_ კანონი არ ამბობს, რომ პოლიციელებს არ შეუძლიათ ეკლესიებში შესვლა, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ, _ განაცხადა გერმანიის პროტესტანტულ ეკლესიათა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარტინა დომკემ.

ეკლესია ამბობს: ,,ხანდახან ჰუმანიტარული ან რელიგიური თვალსაწიერიდან კანონი უბრალოდ მცდარია“.

ეკლესიაში თავშეფარებული მუსლიმი მიგრანტების გარკვეული ნაწილი რელიგიას იცვლის, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს საზოგადოებაში.

გერმანიის მთავრობა ამგვარ შემთხვევებს სკეპტიციზმით უყურებს, ხოლო ისლამური ჯგუფები სასტიკად გმობენ და აგრესიას აშკარად გამოხატავენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავს თანადგომას უცხადებენ ეკლესიები მიგრანტებს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

ამერიკაში ქრისტიანებთან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გაამკაცრა მიგრაციის პოლიტიკა. შესაბამისად, თანდათან იზრდება რიცვხი იმ  ეკლესიების, რომლებიც არალეგალებს ეხმარებიან.

აშშ-ს კანონმდებლობის თანახმად, პოლიციას აქვს უფლებამოსილება ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ შენობაში დააკავოს არარეგისტრირებული მიგრანტი. თუმცა ისევე, როგორც გერმანიაში, პოლიცია უფრთხის ეკლესიებში საკუთარი ძალის გამოყენებას.

თაკო ტყემალაძე