გელა ნიკოლაიშვილი – “ქურდებთან უბრალო კონტაქტის გამო ადამიანის დასჯა სისულელეა”

გელა ნიკოლაიშვილი - "ქურდებთან უბრალო კონტაქტის გამო ადამიანის დასჯა სისულელეა"“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს.
– ბატონო გელა, 2 თანატოლის დაჭრაში ბრალდებულ 18 წლის ახალგაზრდას ბრალი დაუმძიმდა. ადვოკატის განცხადებას, რომ ის წარჩინებული მოსწავლე იყო, საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. რატომ დაუმძიმეს ბრალი, ამ პირის სამაგალითოდ დასჯას აპირებენ?
– სამაგალითოდ დასჯა არათუ ამ კონკრეტული მოსწავლის, არამედ არც ერთი ადამიანის არ შეიძლება იმისთვის, რომ ეს ვიღაცისთვის მაგალითი გახდეს. ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს იმ დანაშაულის ადეკვატურად, რაც მან ჩაიდინა. ამ კონკრეტული მოსწავლის საქმეზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, ამას მეც მივაქციე ყურადღება, თავიდან, როდესაც მოხდა მოზარდის დაკავება, იქ იყო საუბარი სხეულის მძიმე დაზიანებაზე და არა – მკვლელობის მცდელობაზე.
– 3-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, ახლა კი 20წლამდე და უვადო პატიმრობასაც კი ითვალისწინებს.
– დიახ. თავიდან დაიწერა, რომ არცერთი ჭრილობა არ იყო შემავალი, ქირურგიული ჩარევაც არ დასჭირდათ და ანუ სიცოცხლისთვის საშიში ეს არ ყოფილა. მკვლელობის მცდელობა შესაძლოა სწორედ იმიტომ გააკეთეს, რომ სამაგალითო ყოფილიყო და სამაგალითოდ დაემძიმებინათ. ეს არ არის სწორი. თუ მონაცემები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოძიებამ ასეთი მძიმე მუხლი წაუყენოს, მხოლოდ საჩვენებლად და სამაგალითოდ ეს არ უნდა გააკეთონ.
– რატომ გახშირდა მოზარდებში ასეთი დაუნდობლობა?
– ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის თავისუფლება, რომელიც იგრძნეს საზოგადოებამ და მოზარდებმა წინა რეჟიმის შემდეგ. დღეს ციხეში ადამიანური პირობებია და შეიძლება ეს ერთის მხრივ, მას სტიმულს აძლევს, რომ აღარ ეშინოდეს ციხეში წასვლის.
მეორე მიზეზი აღზრდის პრობლემაა, ის ღირებულებები, ფასეულობები, რომლებზეც იზრდებიან ჩვენი ახალგაზრდები. ჩვენი თაობა, იმის წინა თაობა უფრო სხვა ღირებულებებზე იზრდებოდნენ.
– მაშინ სხვა ღირებულებები იყო?
– ასე იყო. ჩვენი თაობისთვის მთავარი საქართველოს დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირის დანგრევისთვის ბრძოლა იყო. ეს განსაკუთრებით 70-იანების ბოლოს და 80-იანი წლებიდან დაიწყო. 90-იან წლებში უკვე ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა იყო პრიორიტეტი. შემდგომში რელიგიურმა მოტივებმა წამოიწიეს.
– დღეს რა ხდება?
– დღეს არც პატრიოტიზმია, არც რელიგია, არც სხვა ღირებულებები. ეკონომიკური მდგომარეობაც გაუარესდა და მხოლოდ მატერიალურზე როდესაც არიან გადასულები ადამიანები და მითუმეტეს როდესაც ასაკიც ისეთია, როდესაც თვითდამკვიდრების მომენტია მთავარი ამ ახალგაზრდებისთვის და პატარა გადაბრუნებული სიტყვაც კი მათში ღირსების შელახვას იწვევს და აგრესია ჭარბობს, ამ ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი, თორემ ერთი რომელიმე კონკრეტული მიზეზი არ იქნება.
ამას ასევე კომპლექსური დაძლევა უნდა. ყველა ერთად უნდა ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში: სკოლა, ოჯახი, მთლიანად ხელისუფლება, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები, ისინი მარტო მითითებებს კი არ უნდა იძლეოდნენ, რომ ეს რა ცუდია, ის რა ცუდია, არამედ თავად უნდა ჩაერთონ პრობლემის მოგვარებაში. ვხედავთ, როგორ იმძლავრა ნარკოტიკმაც.
– ამ კუთხითაც სერიოზული პროპაგანდა მიდის?
– ფაქტიურად პროპაგანდა მიდის. დღეს მთავარია მატერიალური, მთავარია ხორციელი, ბოდიში ჟარგონისთვის და შენ შენი გაისწორო და სხვას ანგარიში არ გაუწიო, აი, ამ ყველაფერს მოსდევს ეს. აქ ყველას პასუხისმგებლობის საკითხია, ცალკე აღებული სკოლა ან ოჯახი, ვერაფერს შეცვლის. ან თუნდაც ჩაგვრის თემა რომ ავიღოთ, დღეს რომ ბულინგს უწოდებენ. ეს ჩვენს თაობაშიც არსებობდა, მაგრამ მაშინ ამ ყველაფერს რაღაც ანეიტრალებდა, ამუხრუჭებდა, დღეს კი ამას განსაკუთრებულად მძიმე სახე აქვს მიღებული, ეს ზღვარი დაიკარგა, სწორედ იმ მიზეზთა გამო, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე.
– ხელისუფლება კანონების გამკაცრებას იწყებს. თუნდაც კანონიერ ქურდებთან მიმართებაში. კანონების გამკაცრება უშველის საქმეს?
– მხოლოდ კანონის გამკაცრება არ შველის საქმეს. ნარკოტიკების გასაღებისთვის ყველაზე დიდი სასჯელია უვადო პატიმრობა და მკვლელობისთვის ყველაზე დიდი სასჯელია უვადო პატიმრობა, მაგრამ ერთიც ხდება და მეორეც, თანაც საკმაოდ ხშირად.
კონკრეტულად კანონიერ ქურდებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ხელისუფლების დაკომპლექსებიდან გამომდინარეობს. ოპოზიცია სულ უკიჟინებს, რომ თქვენ კრიმინალურ სამყაროს ხელს უწყობთ, მათთან შეკრული ხართ, კანონიერი ქურდები თქვენი მეგობრები არიანო. არადა რეალურად კანონიერი ქურდები არც ერთი არ არის საქართველოში, ერთი-ორია და ისიც ციხეში. როდესაც გამოდიან, პირდაპირ მიჰყავთ საზღვარზე და უშვებენ ქვეყნიდან. იმას, რომ აქ კანონიერი ქურდები რაღაცნაირად მომძლავრდნენ, მე არ ვეთანხმები.
სააკაშვილის დროს სახლშიც რომ გეთქვა, რომ მე ვარ ქურდი, ან სხვას ეთქვა, რომ ქურდია, იქ მტკიცებულება აღარ იყო საჭირო, ეს უკვე განაჩენის გამოტანის საფუძველი ხდებოდა. ასე არ შეიძლება, ქმედებაა დანაშაული და არა – თავის თავისთვის სახელის დარქმევა. თუ ადამიანს ვერ დაუმტკიცე, რომ ან ე.წ. ობშიაკი შეაგროვა, ან ქურდულად გაარჩია, ვიღაცას რაღაცა გამოსძალა და ასე შემდეგ, მარტო ის, რომ რაღაც ჰაერზე თქვა, ეს არასწორია და ეს სტანდარტი დღეს შეცვლილია. ამიტომაც არის, რომ კანონიერი ქურდების გამამართლებელი განაჩენები გახშირდა.
– რატომ გახშირდა?
– იმიტომ, რომ ვერ უმტკიცებენ დანაშაულს. ეს ადამიანები 10-15 წელია, საქართველოში არ ყოფილან და როგორ გინდა დაუმტკიცო, უცხოეთში რა საქმიანობას ეწეოდა. აქ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი. თუ ამ სტანდარტს ამკვიდრებ, რომ ქმედებისთვის უნდა გაასამართლო, ქმედება არ აქვთ ჩადენილი. დღეს რაღაცას ეძებენ ისეთს, კი ბატონო შეიძლება რაღაცა დაკონკრეტდეს, მაგრამ ის, რომ თუ ამ ადამიანს ხელი ჩამოართვი, დაელაპარაკე, ან გთხოვა, რომ საქართველოში მოდის, ან ახლობელს აგზავნის და შენ სასტუმრო დაუჯავშნე და იმის გამო, რომ შენ მასთან კონტაქტი გქონდა, უნდა დაისაჯო, ეს არის სისულელე და ეს არ იმუშავებს!
– ქურდისთვის მიმართვა იქნება დასჯადიო.
– თუ ვიღაც მიმართავს კანონიერ ქურდს, რომ ქურდულად გამირჩიე საქმეო, კი ბატონო, ეს კიდევ შესაძლებელია და გასაგებია, მაგრამ აქაც ზომიერებაა საჭირო, რომ რაღაც აბსურდში არ გადავიდეს ეს ყველაფერი, როგორც მიშას დროს იყო. ვიღაც იტყოდა, ან დაწერდა და ეს სრულიად საკმარისი იყო. გააჩნია, ეს ყველაფერი როგორი სახით დაკანონდება, უბრალო კონტაქტისთვის სასჯელი აბსურდისკენ მიდის. მთავარია, კომპლექსებს არ აჰყვეს ჩვენი ხელისუფლება და სხისთვის საჩვენებლად არ გააკეთოს ეს ყველაფერი.
– ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავარდეს?
– დიახ, ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავარდეს. ხელისუფლება უნდა იყოს მყარად თავის პოზიციაზე და დარწმუნებული იყოს საკუთარ ქმედებებში. ოპოზიცია რას უკიჟინებს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ყოველ მის შეტევაზე აქეთ-იქით არ უნდა ირხეოდეს. თავისი სწორი ხაზი უნდა ჰქონდეს და იმ ხაზს მიჰყვებოდეს. ყოველ შეძახილზე ასე მტკივნეულად არ უნდა რეაგირებდეს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა