”გიორგი სანაიას მკვლელობის წინა დღეს პარლამენტში ირმა ნადირაშვილის თვალწინ გადავეცი კასეტა, რომელიც უკვალოდ გაქრა” – სკანდალური მკვლელობის კიდევ ერთი მოწმე ალაპარაკდა

”გიორგი სანაიას მკვლელობის წინა დღეს პარლამენტში ირმა ნადირაშვილის თვალწინ გადავეცი კასეტა, რომელიც უკვალოდ გაქრა” - სკანდალური მკვლელობის კიდევ ერთი მოწმე ალაპარაკდაცნობილი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ბურუსით მოცული მკვლელობის შესახებ ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრის, კონსტანტინე ციხისთავის სკანდალური ინფორმაცია, რომ 26 წლის ჟურნალისტის მკვლელობა პოლიტიკურ ნიადაგზე, მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დავალებით მოხდა, არც მოკულის ოჯახს გაჰკვირვებია და არც – საზოგადოებას.

„P.S.“-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მთავარი და შოკისმომგვრელი ამბავი ისაა, რომ მკვლელობის ფალსიფიცირებული მოტივი წინასწარ, ჯერ კიდევ გიორგი სანაიას სიცოცხლეში შეიქმნა, 26 წლის ახალგაზრდა კი შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. დამკვეთებს შორის თამაზაშვილს გვარმა გუშინ პირველად გაიჟღერა.

რაც შეეხება მკვლელობისთვის გასამართლებულ გრიგოლ ხურცილავას, ციხისთავის მტკიცებით, დანაშაული ამ უკანასკნელმა დიდძალი ვალისა და პრობლემების გამო თავის თავზე აიღო. მაშინდელმა ხელისუფლებამ რეზონანსული საქმისთვის ვექტორის შეცვლა მოახერხა. საბოლოოდ, ყოფილი პოლიციელი სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულის მოტივით გაასამართლეს.

2013 წელს, გიორგი სანაიას მკვლელობაში ბრალდებულს ამნისტია შეეხო და მან საპყრობილე დატოვა.

ციხისთავი ირწმუნება, რომ „გრიცკო“ მათ ბანდას საქმეებს აძლევდა, რადგან საკუთრების დაცვის სამმართველოში მუშაობდა და კარგად იცოდა უცხოელების გადაადგილების მარშრუტი. პატიმრის მტკიცებითვე, ხურცილავა მაშინაც მორიგე იყო, როცა ესპანელი ბიზნესმენები გაიტაცეს.

საბოლოოდ, არ არის გამორიცხული, რომ, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, 17 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის ხელახალი გამოძიება დაიწყოს და საქმის მთავარი მოწმეები კვლავ დაკითხვაზე დაიბარონ.

გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი დეპუტატი ელენე თევდორაძე, რომელიც დღესაც მკვლელობის მოტივად სანაიასთვის პანკისიდან ჩამოტანილ ვიდეო-კასეტას ასახელებს, სადაც, მისივე თქმით, „ნარკოტიკებზე იყო საუბარი“.

ელენე თევდორაძემ სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ მკვლელობის წინა დღეს პანკისიდან ვეფხია მარგოშვილის მიერ გამოგზავნილი კასეტა სანაიას პარლამენტის ფოიეში, ჟურნალისტ ირმა ნადირაშვილის თვალწინ გადასცა, თუმცა გამოძიების არცერთ ეტაპზე გამოძიებას არ გაუცია მთავარ კითხვაზე პასუხი: რატომ არ დევს საქმის მასალებში კასეტა და სად წავიდა პანკისის ხეობიდან ჩამოტანილი მტკიცებულება?!

„ნიუპოსტი“ ელენე თევდორაძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ 17 წლის წინ ჩადენილ დანაშაულის ირგვლივ კითხვები თამაზაშვილთან მიმართებაში მასაც გაუჩნდა. რაც შეეხება კონსტანტინე ციხისთავის ხმაურიან ბრალდებებს, ამ ვერსიის შესახებ მან აქამდე არაფერი იცოდა.

– სანაიას მკვლელობის ირგვლივ ახალ ვერაფერს გეტყვით. ძალიან ბევრი წელი გავიდა, ბევრი ნიუანსი არ მახსოვს, მაგრამ პირველად მესმის, რომ ჟურნალისტი თითქოს შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. თამაზაშვილთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ვერსია გაჟღერდა.

ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ თავის დროზე, როცა კასეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავაჟღერე, სწორედ თამაზაშვილმა მისცა ინტერვიუ და ქრთამის აღებაში დამადანაშაულა. კერძოდ, მან თქვა, რომ თითქოს მარგოშვილისგან 25.000 დოლარი წამოვიღე, რომ შემდეგ კასეტის ვერსია გამეჟღერებინა.

კითხვები მაქვს და დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სად დაიკარგა კასეტა, რომელიც სანაიას პირადად გადავეცი?! პირადად მე ვიყავი მარგოშვილის სახლში, პანკისში ასული. მაშინაც კახეთიდან ქალბატონი იყო გატაცებული, საბოლოოდ, გატაცებული მარგოშვილმა მართლაც გაუშვა და სწორედ მაშინ გადმომცა აღნიშნული კასეტა, ნამდვილად არ მახსოვს, რა შინაარსის ინფორმაცია იყო, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ რაღაც ნარკოტიკებზე იყო საუბარი, რომელშიც შს სამინისტროს წარმომადგენლები ფიგურირებდნენ, – განაცხადა „ნიუპოსტთან“ ელენე თევდორაძემ.

ყოფილი დეპუტატი მკვლელობიდან 17 წლის შემდეგაც აცხადებს, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იყო დაინტერესებული, კასეტაზე ჩაწერილი ინფორმაცია ტელეეთერში გასულიყო“.

– კასეტაში შს სამინისტროს კონკრეტული წარმომადგენლების გვარ-სახელები იყო დასახელებული. ისინი ყველაფერზე წავიდოდნენ, რომ კასეტა ტელეეთერით არ გასულიყო, – თქვა თევდორაძემ.

კითხვაზე, ვის ინტერესში შედიოდა გიორგი სანაიას მკვლელობა, რეზონანსული საქმის ერთ-ერთმა მოწმემ აღნიშნა:

– მაშინაც პირდაპირ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ – ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესში.

17 წლის განმავლობაში ხელისუფლება რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეს ერთიც არ შეხებია.

რას აპირებს ახალი გარემოებების ირგვლივ „ოცნების“ ხელისუფლება? – ამას დრო გვიჩვენებს. გიორგი სანაიას ოჯახი კი საქმის ობიექტურ გამოძიებას და რეალური დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

ნიუპოსტი, დავით ჯაბაშვილი