“მოსამართლეს შეეძლო, ფარმან ჯეირანლი 200.000 ლარით დაეჯარიმებინა, მაგრამ მან 6 წელი მიუსაჯა” – ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი “ლანცეტის” დირექტორის საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს

"მოსამართლეს შეეძლო, ფარმან ჯეირანლი 200.000 ლარით დაეჯარიმებინა, მაგრამ მან 6 წელი მიუსაჯა" - ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი "ლანცეტის" დირექტორის საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ხედავსკლინიკა “ლანცეტის” დირექტორს ფარმან ჯეირანლის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯეირანლი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სხვა მოლოდინი ქონდა მის ადვოკატს, რომელიც მიიჩნევდა, რომ სასამართლო მისი კლიენტის უდანაშაულობას აღიარებდა და გაანთავისუფლებდა.
ფარმან ჯეირანლი წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში გამტყუნდა, ხოლო სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვაში გამართლდა.
“ახალი თაობა” ფარმან ჯეირანლის ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრა.
– ბატონო გელა, სასამართლომ ფარმან ჯეირანლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თქვენი მოლოდინი იყო, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა. რატომ არ გამართლდა თქვენი მოლოდინი და რატომ ცნეს ჯეირანლი დამნაშავედ?
– ჩვენ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ჩავიბარებთ ორი კვირის ვადაში, თუმცა როგორც მოსამართლემ განმარტა, ის ცნო დამნაშავედ იმიტომ, რომ მან მოატყუა პაციენტები, რომ არ ჰქონდა ნებართვა მიცემული იმ მომენტში ოპერაციის გაკეთებაზე და ამ მოტყუებით მან მიიღო რაღაც ფულადი თანხა. ეს ჩვენ მიგვაჩნია სრულ აბსურდად, უსაფუძვლო გადაწყვეტილებად, ვინაიდან სასამართლო სხდომებზე არ გამოკვეთილა ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი ფარმან ჯეირანლის წინააღმდეგ. ეს არის სრული აბსურდი!
– რატომ?
– პირველი პაციენტის, კეკელიძის, შემთხვევში გაიარა ტრანსპლანტაციის საბჭოს კომისია და უარი უთხრეს მხოლოდ იმის გამო, რომ უნდა დადასტურებულიყო, რომ პაციენტი და დონორი იყვნენ ნამდვილად მამა-შვილი. ეს პრობლემა წარმოიშვა იმიტომ, რომ შვილს სხვა გვარი ჰქონდა, ის ამერიკის მოქალაქე იყო. პაციენტი თავს იკლავდა, ნამდვილად მამა-შვილი ვართო და, რაც მთავარია, ოპერაციიდან ორი დღის შემდეგ მართლაც მოვიდა პასუხი, რომ ისინი იყვნენ მამა-შვილი. ედავებიან იმაში, რომ ფორმალური მხარე არ დაიცვეს და ფორმალურად ხელის მოწერა არ ჰქონდათ, ეს არის ანეგდოტი და კომედია.
– მეორე პაციენტზე რას იტყვით?
– რაც შეეხება მეორე პაციენტს, ჩუბინიძესთან დაკავშირებით, ასევე გაგზავნილი ჰქონდა მას, რომ სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ნებართვის მიღება იგვიანებდა, ამიტომ ექიმმა გადაწყვიტა, რომ ოპერაცია აუცილებელი იყო, სხვა შემთხვევაში ადამიანი დაიღუპებოდა. ჩატარდა ეს ოპერაცია და ამის გადაწყვეტილება მიიღო ტრანსპანტოლოგმა და არა – ფარმან ჯეირანლიმ. ფარმან ჯეირანლის არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რა ვითარება იყო, რამდენად მძიმე იყო და რამდენად სასწრაფო იყო ოპერაცია. ეს უნდა ეთქვა მხოლოდ ტრანსპანტოლოგს, რომელმაც ეს თქვა და ფარმან ჯეირანლი ამას ვერ შეამოწმებდა.
– ითქვა, რომ პროკურატურამ ამ ტრანსპანტოლოგის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენა.
– პროკურატურამ ამ გამოძიების დაწყებიდან მეცხრე თვეს, როდესაც უკვე შეატყო, რომ ფარმან ჯეირანლის მიმართ უბრალოდ საფუძველიც კი არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის დაყენების, წაუყენა ბრალი, რომ სასამართლოსთვის ეჩვენებინა, რომ იმასაც ვუყენებთ ბრალსო.
ჩვენ მთელი ამ ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ აქ არაფერი დანაშაული არ არის, მაგრამ თუ ვინმემ რამე დააშავა, ეს შეიძლება მოკითხონ თვითონ იმას, ვინც გადაწყვიტა ოპერაციის ჩატარება და ვინც ჩაატარა ოპერაცია. აქ ადმინისტრაციული ხელმძღვანელი რა შუაშია?! სხვა ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს და წაუყენეს ბრალი პროფესორს, ტრანსპანტოლოგს, რომელიც, როგორც ჩანს, უნდათ, რომ გამოიყენონ იმისთვის, რომ ბრალი დასდოს ჯეირანლის და ყველაფერი აქეთ ამას გადმოაბრალოს.
– რას აპირებს დაცვის მხარე, როგორია თქვენი პოზიცია?
– აქვე ერთსაც ვიტყვი. ფარმან ჯეირანლი თავიდანვე აცხადებდა, რომ ეს არის პოლიტიკური შეკვეთა. ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებდით ამისგან და ვეუბნებოდით მას, რომ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან მისი ობიექტურობის იმედი გვქონდა.
– რატომ პოლიტიკური, სად იკვეთება ეს?
– გეტყვით, სად იკვეთება. აფგან მუხთარლისთან, კიდევ სახალხო ფრონტის თავმჯდომარესთან, რომელიც აზერბაიჯანში დააკავეს და კიდევ სხვა ოპოზიციონერებთან იყო გაიგივებული ფარმან ჯეირანლი.
ჩვენ წარვადგინეთ არაერთი სტატია, რომელიც იწერებოდა აზერბაიჯანულ პრესაში, რომ ფარმან ჯეირანლი აფინანსებს აზერბაიჯანულ ოპოზიციას. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ პოლიტიკასთან ჯეირანლის შეხება არ აქვს, თუმცა მათთან კონტაქტი ნამდვილად ჰქონდა, როგორც პაციენტებთან. თვითონ ირჯალამ კაზიმიც, ის პროფესორი, რომელთანაც პირადად ჩავედი ბაქოში, ამ განწყობებს არც ის მალავდა. ჯერ ძლივს შევძელი მასთან გასაუბრება, მემალებოდა და მერე მითხრა, რომ პროკურატურა არ მაძლევს საშუალებას, რომ რამე ვთქვა, ამიტომ ვერ მოგცემთ ჩვენებასო. აქედანაც გამოჩნდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურის ინტერესი იყო და ჩვენების მიცემის საშუალებას არ აძლევდა ტრანსპანტოლოგს.
– ანუ პოლიტიკური სარჩული იკვეთება?
– მე თანდათან ვრწმუნდები, რომ აქ არის ნამდვილად პოლიტიკური შეკვეთა. მე ამ მოსამართლისგან ნამდვილად არ ველოდი, რომ ის პოლიტიკურ შეკვეთას ექვემდებარებოდა.
ვთქვათ, მოსამართლემ მართლაც ჩათვალა, რომ იქ დანაშაულია ჩადენილი, მას კანონი საშუალებს აძლევდა, რომ შეეფარდებინა ჯარიმა. რა აუცილებლობას წარმოადგენდა ის, რომ 60 წლის პროფესორი, აკადემიკოსი, ჯანდაცვის მინისტრად ნამუშევარი აზერბაიჯანში, 12 წელი მოსკოვის კლინიკის ხელმძღვანელი 6 წლით გაემწესებინა ციხეში, როდესაც თვითონ კანონი აძლევდა საშუალებს, რომ თუნდაც 100 ათასი, ან 200 ათასი ლარით დაეჯარიმებინა?!
მოსამართლემ მშვენივრად იცოდა, რომ 30 მილიონი აქვს ჩადებული ამ კაცს კლინიკა “ლანცეტში” და მას ამ ჯარიმის გადახდა არ გაუჭირდებოდა. რადგან მოსამართლემ ესეც არ გააკეთა, როგორც ჩანს, იყო შეკვეთა, რომ სამაგალითოდ დასჯილიყო ფარმან ჯეირანლი, როგორც ოპოზიციის მხარდამჭერი. სწორედ იმიტომ, რომ ეს შეკვეთა მოდიოდა აზერბაიჯანიდან.
სიმპტომატურია, როგორც აფგან მუხთარლის მიუსაჯეს 6 წელი, ისე ჯეირანლისაც მიუსაჯეს 6 წელი.
– აპირებთ, რომ გაასაჩივროთ?
– რა თქმა უნდა, გასაჩივრებს ვაპირებთ. თუმცა ახლა უკვე წინა პლანზე წამოვწევთ პოლიტიკურ მოტივს, რადგან სამართლებრივი ნიშნით პრაქტიკულად დანაშაული არ არსებობს. გაოგნებული ვარ. ძალიან იშვიათად შემხვედრია საქმე, სადაც ასე ზედაპირზე დევს ადამიანის უდანაშაულობა!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა