ნატო ძლიერდება – გერმანია ნატოს შტაბბინას ხსნის

ნატო ძლიერდება - გერმანია ნატოს შტაბბინას ხსნისროცა ვსაუბრობთ ნათელ მომავალსა და პატარა სახელმწიფოს დიდ თამაშში ჩართვაზე, ვფიქრობთ ევროპის ნაწილად გახდომაზე და იმედებს გამოვთქვამთ, რომ ქვეყნებს ნამდვილად შეუძლიათ ერთად დაისახონ და მიაღწიონ მიზნებს, ჩვენი ყურადღების ცენტრში ყოველთვის უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი და თანამედროვე პოლიტიკური სივრცის ჰეგემონი, ნატო ექცევა.

სამხედრო ალიანსის ლიდერის, აშშ-ს, ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ არ წყდებოდა საუბარი იმაზე, რომ ეს დასასრულის დასაწყისია, რომ ამერიკის პოლიტიკის ვექტორის მოტრიალებამ შეიძლება წერტილი დაუსვას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარებულ მსოფლიო წესრიგს.  საპრეზიდენტო არჩევნების მოგებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ დაუჭერდა მხარს ნატოს სახელმწიფოებს, რომლებიც არც კი იხდიდნენ თავდაცვის ხარჯებს: “მე ვიქნები მთლიანად მომზადებული, რომ ვუთხრა იმ ქვეყნებს: გილოცავთ! ამიერიდან თქვენ დაიცავთ საკუთარ თავს”. ნატოს რეკომენდაციით, სახელმწიფოებმა მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% უნდა გაიღონ სამხედრო შეიარაღებისთვის, რაც, რეალურად, მხოლოდ ხუთიოდე წევრის მიერ სრულდებოდა. სწორედ ეს გახდა ბაზისი იმისა, რომ ტრამპი აქტიურად აპელირებდა სხვა ქვეყნების მხრიდან აშშ-ს მიმართ ხარჯების არანაზღაურებით და ნატოს მიმართ ნაკისრი ვალდებულების მოხსნით იმუქრებოდა.

უკანასკნელი მოვლენები ცხადყოფს, რომ ევროპული სახელმწიფოები აპირებენ, უფრო მეტი თანხა და ძალისხმევა გაიღონ ალიანსის გასაძლიერებლად. ტრამპის აგრესიული მოწოდებების საპასუხოდ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება 2025 წლისთვის სამხედრო ბიუჯეტის 44 მილიარდიდან 54 მილიარდამდე, ხოლო გერმანიამ _ 2021 წლისთვის 42 მილიარდიდან 52 მილიარდამდე გაზრდის შესახებ. გერმანია ახალი ძალების მოსაკრეფად ემზადება და ნატოში ახალ როლს იმზადებს.

ბუნდესტაგი აპირებს, მიიღოს გადაწყვეტილება გერმანიაში ნატოს სამხედრო შტაბბინის გახსნის შესახებ. ეს სვლა ნატოს სტრატეგიული გაუმჯობესების ნაწილია რუსეთთან გაძლიერებული დაძაბულობის საპირწონედ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ქალაქ ბონის მახლობლად დაგეგმარებისა და კონტროლის ცენტრი შეიქმნება.

ახალი შტაბბინის დანიშნულება იქნება, უზრუნველყოს ჯარებისა და შეიარაღების კონტინენტზე მობილობა. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ახალი შტაბბინა არ იქნება ალიანსის სამხედრო სტრუქტურაში პირდაპირ ინტეგრირებული და მას ნატოს მხარდამჭერი სამხედრო ცენტრის სტატუსი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე მთავარი გავლენა გერმანიას ექნება.

წინადადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა, რასაც მყისიერად დაეთანხმნენ ნატოს წევრი ქვეყნები, თუმცა ალიანსის თავდაცვის მინისტრთა სამიტი საბოლოო გადაწყვეტილებას  მომდევნო კვირაში მიიღებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ნატოს მხარდაჭერის სამხედრო ცენტრის შექმნა ალიანსის ამჟამინდელ გეგმებში იყო და გერმანია მდებარეობისა და მისი მნიშვნელობის გამო იქნა არჩეული.

ალიანსის გაძლიერებაზე მეტყველებს ისიც, რომ ახალი შტაბბინის გახსნა იგეგმება აშშ-ს ტერიტორიაზეც, რომლის მიზანი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის არსებული საჰაერო და საზღვაო გზის დაცვა იქნება.

გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ანალიტიკოსმა ქრისტიან მოლინგმა ახალი გადაწყვეტილება უბრალო „პოლიტიკურ ჟესტად“ შეაფასა. თუმცა ექსპერტთა გარკვეული ნაწილი გამოთქვამს აზრს, რომ შტაბბინის გახსნა ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ზრდის შედეგია. ისინი არ გამორიცხავენ ტოტალურ ომს იმის გათვალისწინებით, რომ ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან, ბალტიის ქვეყნებში ცხოვრობენ რუსი უმცირესობები, რომელთა მხარდაჭერაც რუსეთს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს კონფლიქტის საბაბად.

როგორც ჩანს, ნატო გამუდმებით ელის რუსეთისაგან მოულოდნელ სვლებს. ბალტიის სახელმწიფოებში შეჭრის სცენარი სრულიად ბუნებრივია, თუკი საქართველოსა და უკრაინაში დატრიალებულ მოვლენებს გავიხსენებთ. ქრისტიან მოლინგი აღნიშნავს: „ნატოს ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ არ შეუძლია ჯარის სწრაფად გადასროლა ბალტიის რეგიონში. და, რა თქმა უნდა, სადესანტო სტრუქტურა, რომელსაც შეეძლება ამის დაგეგმვა და განხორციელება, სამხედრო ბლოკს ნამდვილად სჭირდება. სხვა კომპონენტია ჯარების განლაგება ახლომახლო, რაც სხვა ადგილზე აუცილებლად უნდა მოხდეს. გერმანია ამჟამად პირველი ნაწილის განხორციელებას უზრუნველყოფს.“

სოციალისტური ოპოზიცია ეწინააღმდეგება მოცემულ იდეას. მემარცხენე პარტიის წარმომადგენელი დეპუტატი ალექსანდრე ნოი ამბობს, რომ გერმანიის მთავარი მისიაა რუსეთსა და აშშ-ს შორის მედიატორობა, თუმცა, მოვლენები გვიჩვენებს, რომ გერმანია კონტინენტზე წამყვან ძალად ჩამოყალიბებისთვის ძალებს არ ზოგავს. იგი არამხოლოდ ევროკავშირის ლიდერი ქვეყანაა, ევროპის კონტინენტზე ნატოს სამხედრო ალიანსის მთავარი მოთამაშეც ხდება.

ნატოს გაძლიერების პროცესი ჩვენ თვალწინ ვითარდება და ამტკიცებს, რომ დასავლეთი რუსეთის მოქმედებებს სერიოზულად უყურებს. აღნიშნული ღონისძიებების ბალტიის რეგიონის დასაცავად განხორციელება ეჭვს არ იწვევს.

შემდეგ კვირაში სამიტის გადაწყვეტილებას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ამის შემდეგ ახალი კითხვისთვის მოგვიწევს პასუხის გაცემა: თუკი გერმანია აშშ-სა და რუსეთს შორის მედიატორის როლზე უარს იტყვის და რუსეთის შემაკავებელი ძალა გახდება, რას შეიძლება ველოდოთ ევროპის უახლოესი მომავლისგან?

თამარ ტყემალაძე