ოთარ ანგურიძე – “დაგროვებითი საპენსიო სისტემა ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს”

ოთარ ანგურიძე - "დაგროვებითი საპენსიო სისტემა ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს"ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე საუბრობს.
– ბატონო ოთარ, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საპენსიო სისტემის რეფორმას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რომ დაგროვებითი პენსიის ამოქმედებას ალტერნატივა არ გააჩნია. რამდენად იზიარებთ ამ პოზიციას?
– საპანსიო რეფორმას ალტერნატივა რომ არ აქვს, ამაში ნამდვილად ვეთანხმები. პენსია იმ სახით, როგორც დღეს
ჩვენთან არსებობს, არ არის პენსია. ეს არის შემწეობა, რომელსაც სახელმწიფო გარკვეულ ასაკს მიღწეულ ადამიანებს უხდის. თანამედროვე, კლასიკური გაგებით საპენსიო სისტემა რომ გვქონდეს საქართველოში, ამისთვის საჭიროა ამ სისტემის რეფორმირება. ყველა განვითარებულ სახელმწიფოში არის დაგროვებითი საპენსიო სისტემა, სადაც ადამაინები მუშაობენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავის შემოსავლებს აგროვებენ და შემდეგ ამ შემოსავლებიდან იღებენ პენსიას.
– პირველად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?
– ამ პროცესს, პირველ რიგში, მთავრობის მხარდაჭერა სჭირდება. ყველაზე უპრიანი იქნება, თუ აქტიური კამპანია დაიწყება მოსახლეობის დასარწმუნებლად, რომ დაგროვებითი სისტემა მნიშვნელოვანია. ზოგადად ამ პროცესთან დაკავშირებით კამპანია იქნება ჩასატარებელი, რადგან არ ხდება სწორი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, რომ საბოლოო ჯამში ეს სისტემა მისთვის არის კარგი.
– დაგროვებით სისტემას რა რისკები უკავშირდება?
– ერთი დიდი რისკი არის ის, რომ ეს სისტემა, მისი შინაარსით, ერთგვარად ბანკების კონკურენტი უნდა იყოს, რადგანაც საუბარია საინვესტიციო ფონდზე, ამიტომ ეს სისტემა წარმატებული რომ იყოს, თავისუფალი უნდა იყოს ბაზარზე გარე ძალების გავლენებისგან. მათ შორის საბანკო სისტემის გავლენებისგან. ამიტომ, მე ვისურვებდი, რომ არ მოხდეს ამ რეფორმის განხორციელება დაჩქარებულად და გაუაზრებლად. ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ეს კანონპროექტი და ასე უნდა განისაზღვროს ის რისკები, რომლებიც შესაძლებელია, ამ სააგენტოს მოქმედების პროცესში დაუდგეს.
ამ სააგენტოს სასიცოცხლოდ ესაჭიროება თავისუფალი კაპიტალის ბაზარი, რომელიც დღეს ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ, ამ კანონის მიღებასთან ერთად აუცილებელია, რომ ფასიანი ქაღალდების კომისია, რომელიც ეროვნულ ბანკში არის ცალკე, დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდეს. კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ქვეყანაში, სადაც თავისუფლად შეეძლება საპენსიო ფონდს განათავსოს საკუთარი კაპიტალი. ამ პროცესში უნდა იყოს სადაზღვევო სექტორიც ჩართული.
– ოპოზიცია ამბობს, რომ ამ რეფორმის შედეგად შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი უმუშევარი მივიღოთ, რადგან დაგროვებითი საპენსიო სისტემა დამსაქმებლისთვის შეიძლება გახდეს პრობლემა და მან სამსახურიდან გაუშვას ადამიანი. თქვენ ხედავთ აქ რისკს?
– ეს არის თითიდან გამოწოვილი. ამ რისკს კავშირი რეალობასთან არ აქვს. მეტსაც გეტყვით – თუ ეს რეფორმა წარმატებული იქნება, შეიძლება ამან ეკონომიკის განვითარებასაც ხელი შეუწყოს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც კი დაუდოს ბიძგი.
– ხელისუფლება უცხოური გამოცდილების გაზიარებას აპირებს. დაგროვებითი საპენსიო სისტემა ევროპულ ქვეყნებში თუ არის და თუ გაამართლა მან?
– პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში დაგროვებითი პენსია არის, მაგრამ არის სხვადასხვა ფორმებითა და სხვადასხვა რეგულაციის ქვეშ. ჩვენთან, ამ კანონპროექტის მიხედვით, ეს ექცევა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ. ეროვნული ბანკი, როგორც ჩანს, აქტიურად აპირებს მის საქმიანობაში ჩარევას, ასე ჩანს კანონპროექტიდან.
სხვა ქვეყნებში ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ბევრ ქვეყანაში დამოუკიდებელ სისტემად არის ჩამოყალიბებული საპენსიო სისტემა და საპენსიო ფონდები და ცალკე მარეგულირებელი ჰყავს, ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებელი. ამ მიმართულებით თუ ვიფიქრებთ და უფრო განვავითარებთ ამ პოზიციას, უკეთესი იქნება, რადგან საპენსიო ფონდები ერთგვარ კონკურენციაშია საბანკო სექტორთან. ამიტომ, ერთი რეგულაციის ქვეშ თუ იქნებიან, ამან შეიძლება გარკვეული სახის ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს.
– ამ რეფორმის შედეგად პენსია გაიზრდება?
– ეს რეფორმა არ შეეხება ახლანდელ პენსიონერებს, ეს რეფორმა შეეხებათ იმ ასაკის ადამიანებს, რომელთაც საპენსიო ასაკი რამდენიმე ათეული წლის შემდეგ უწევთ. მათ წინასწარ უნდა დაიწყონ საპენსიო ასაკისთვის ზრუნვა და დაგროვება თავისი აქტივების. ეს არის ერთგვარი დანაზოგი, რომელიც ადამიანმა მთელი ახლგაზრდობის განმავლობაში დააგროვა უზრუნველყოფილი სიბერისთვის.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა